fbpx
გააზიარე სტატია

ტაკაში მურაკამის ხელოვნება

ტაკაში მურაკამი იაპონიაში დაიბადა, სწავლობდა TUA-ში – ტოკიოს სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში. თავდაპირველად ანიმატორობას გეგმავდა და ეუფლებოდა ტრადიციული იაპონური ხატვის ტექნიკას Nihonga-ს,  რაც გულისხმობს წმინდად იაპონური ტექნიკითა და სიუჟეტებით შექმნილ ნამუშევრებს.

1996 წელს მურაკამიმ დააარსა Hiropon Factory-სტუდიო, ვორქშოფი, რაც მოგვიანებით ხელოვნების პროდუქციისა და სახელოვნებო მენეჯმენტის სტუდიად გადაიქცა, რომელსაც დღესდღეობით Kaikai Kiki Co. Ltd-ს უწოდებენ. კომპანია არა მხოლოდ ტაკაში მურაკამის ნამუშევრების პოპულარიზაციაზე, არამედ ახალგაზრდა, ახალი და საინტერესო ხედვის ხელოვანების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, სადაც ხშირად იქმნება კოლაბორაციული პროექტები. კომპანიის წარმატება და ცნობადობა დღეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, რადგან ის ფაქტობრივად მას-პროდუქციაზე მუშაობს, იქნება ეს პლუშის სათამაშოები, პოსტერები, მაისურები, ბრელოკები თუ ვინილები.

ტრადიციული მხატვრობიდან მურაკამი Sci-fi-ის, პოპ-კულტურის, ანიმესა და მანგას გრაფიკული კომიქსებისა  და ოტაკუს კულტურით ინსპირირებული ნამუშევრების შექმნაზე გადავიდა, რადგან თვლიდა, რომ თანამედროვე იაპონიაში  მიმდინარე ეს ტენდენციები უფრო ასახავდა ქვეყნის კულტურულ პროცესებს.

ოტაკუ იაპონური ცნებაა – რაც ნიშნავს ობსესიურ დამოკიდებულებას მანგასა და ანიმეზე. ოტაკუ 1980-იანი წლებიდან გახდა პოპულარული და თავდაპირველად ნეგატიურ კონტექსტში განიხილებოდა, თუმცა თანამედროვე იაპონიაში ოტაკუს სუბკულტურის მიმდევრად ინდენტიფიცირება დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

მურაკამის დიდი პოპულარობა მოუტანა ოტაკუს დიზაინით შექმნილმა ნამუშევრებმა.

ვიდეოთამაშებითა და ანიმეთი ინსპირირებული ფაბრიკული  სკულპტურები ძალიან პოპულარული გახდა, ფეტიშისტური, ჰენტაის ელემენტებით შექმნილი პროდუქცია კოსფლეის  მოყვარულთა საყვარელ პროდუქტად გადაიქცა, რაც მანგის სექსუალობას გულისხმობს.

ოტაკუს ინსპირაციით შესრულებული ნამუშევარია ტაკაში მურაკამის ცნობილი სკულპურა: Hiropon, რომელიც 2002 წელს $427500 დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი წარმოადგენს მანგის პერსონაჟის საკმაოდ გამომწვევი ხასიათის ფიგურას, პორნოგრაფიული სიუჟეტით.

ტაკაში მურაკამი ერთ-ერთ ვიდეოში ოტაკუს ფენომენს პოპ-კულტურას ადარებს და ამბობს, რომ შეიძლება ძალიან სერიოზული ადამიანისთვის მისი ნამუშევარი გასაბრაზებელიც კი  იყოს, მაგრამ მას სურდა ოტაკუს მიღმა დაფარული სექსუალობის სააშკარაოზე გამოტანა.

“ოტაკუს მიმდევარი მაშინ გავხდი, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი ანიმეს და ვამჩნევდი მისტიკას ეროტიკისა და ფანტაზიის ელემენტებს, რაც მოგვიანებით ჩემს ნამუშევრებში აისახა” .

Hiropon-ის მსგავსი ნამუშევარია ტაკაში მურაკამის  My Lonesome Cowboy, რომელსაც იდენტური ვიზუალური და შინაარსობრივი მახასიათებლები აქვს.

1993 წელს ტაკაში მურაკამიმ შექმნა საკუთარი ალტერ  ეგო სახელწოდებით MR. DOB. პერსონაჟი დიდი ყურებით გამოირჩევა,  მარცხენა ყურზე აქვს ინიციალი D ხოლო მარჯვენაზე – B, მისი სახე კი  მრგვალია და O-ს ფორმას ჰგავს – DOB არის პერსონაჟის სახელიც და ფაქტობრივად ვიზუალური ფორმაც.

პერსონაჟი მოიცავს პოპულარულ სახეხატებს იაპონური და ამერიკული მულტფილმებიდან – დათვები, ლომები, ყვავილები, ფანტასტიკური პერსონაჟები, ტაკაში მურაკამის ალტერ ეგო იქცა მისი შემოქმედების საკულტო ნამუშევრად, რომელიც ნელ-ნელა ტრანსფორმირდა.

2000-იან წლებში ტაკაში მურაკამი კურირებდა Superflat-ს, გამოფენაში მონაწილეობდნენ  არტისტები, რომელთა ხედვა სხვადასხვა მედიუმების სინთეზს წარმოადგენდა.

ნარატივი, რომელიც უკვე კარგად ნაცნობ ანიმეს, მანგას ოტაკუს ელემენტებით ახალ ესთეტიკურ ნიშას ამკვიდრებდა გრაფიკულ ნამუშევრებსა და ანიმაციის მიქსში – Superflat – ასევე იყო ტაკაში მურაკამის მიერ კურირებული გამოფენის სახელი, რომელიც 2001 წელს ჰოლივუდში, სიეტლსა და მინეაპოლისში გაიმართა.

2002 წელს მურაკამიმ თანამშრომლობა დაიწყო მარკ ჯაკობსთან Louis Vuitton-ის მონოგრამის რედიზაინისთვის, ხელოვანმა საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები გადადგა ბრენდში ცვლილებების შეტანით, საკუთარი ნახატებისა და სკულპტურების  ჩართვით.

2009 წელს მურაკამიმ და ხელოვნების ისტორიკოსმა ნაბუო ცუჯიმ დაიწყეს კრეატიული  “დიალოგის“ წარმართვა იაპონელ ხელოვანებთან, რომლებიც Edo Accnetrics-ის სახელით არიან ცნობილი. საერთო სამუშაო პროცესი და კოლაბორაცია  2017 წელს ბოსტონში გამოფენით დასრულდა, სადაც მურაკამიმ და ცუჯიმ მუზეუმის კოლექციებიდან, იაპონელი არტისტების ნამუშევრებთან ერთად, საკუთარი ნამუშევრებიც გამოფინეს.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე მურაკამის ნამუშევარი სახელწოდებით: “დრაკონი ღრუბლებში – წითელი მუტაცია“. ის მას შემდეგ შეიქმნა,  რაც პროფესორმა ცუჯიმ ტაკაში მურაკამის სთხოვა – საკუთარი ხელით დაეხატა რაიმე გამოფენისთვის.

2011 წელს, ტოკიოს მიწისძვრისა და ფუკუშიმას ბირთვული კრიზისის  შემდეგ, მურაკამიმ დაიწყო იაპონური სტიქიური მოვლენების კულტურასა და ხელოვნებაში ასახვა.  

2014 წელს Gagoisan Gallery-ში, ნიუ-იორკში, გაიმართა გამოფენა სახელწოდებით: the Land of the Dead, Stepping on the Tail of a Rainbow –  რისთვისაც მურაკამიმ შექმნა მასშტაბური ნამუშევარი, რომელიც აღნიშნულ  პრობლემატიკას ეხმიანებოდა.

ტაკაში მურაკამის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც იაპონელ ენდი უორჰოლს, რადგან  საკუთარ ნამუშევრებში ხელოვანმა სტუდიური მუშაობის, კომერციული, ქარხნული წარმოებისა და პოპ-კულტურის მიქსი  უმაღლეს საფეხურზე აიყვანა, მან შეძლო აბსოლუტურად საწინააღმდეგო ნარატივების გაერთიანება, რაც მოიაზრებს მაღალი კულტურის   პოპ-კულტურასთან ინტეგრირებას, სიძველის თანამედროვეობასთან დაკავშირებას და აღმოსავლური და დასავლური კულტურული კოდების სინთეზსს.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია
“შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.”
ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება
ანიშ კაპურს დღეს მოიაზრებენ, როგორც მისი თაობის ყველაზე გავლენიან სკულპტორს, რომელიც განსხვავებული მასალების გამოყენებითა და სივრცით სპეციფიკურ დიდ სკულპტურებზე მუშაობით გამოირჩევა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.