fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Borjomi – ინტერვიუ დიზაინერ თამუნა ქარუმიძესთან

ხელოვანი თამუნა ქარუმიძე უკვე წლებია რაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე სხვადასხვა მედიუმში მუშაობს. მრავალფეროვნებით გამორჩეულ ვიზუალურ არტისტს სხვადასხვა დროს საკუთარი თავი მსახიობის როლშიც გამოუცდია  და სალომე მაჩაიძესა და დათო მესხთან ერთად უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული დოკუმენტური ფილმის, “როცა დედამიწა მსუბუქიას” რეჟისორიც ყოფილა. ფილმმა, რომელმაც თავისუფალი ახალგაზრდა ქართველი სკეიტერების ცხოვრების სტილი ასახა და მრავალი ჯილდო მოიპოვა, შეიძლება ითქვას, რომ  მომდევნო წლებში თამუნა ქარუმიძის შემოქმედებით კარიერაში ბევრი რამ განსაზღვრა. უეცრად მოდის სფეროში აღმოჩენილმა, ჯერ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Tamra, შემდეგ კი სკეიტერების ცხოვრების სტილით შთაგონებული ქვებრენდი Tamra Skateboards შექმნა, რომელიც პირველისგან განსხვავებით, უფრო ყოველდღიურ, ახალგაზრდულ და ე.წ.  Street Wear სამოსზეა მორგებული. Tamra-ს და Tamra Skateboards-ის ბოლო კოლექციების ჩვენება მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში 1-ლ ნოემბერს გაიმართება, თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდება, წარმოგიდგენთ თამუნა ქარუმიძეს, ამჯერად როგორც დიზაინერს

თამუნა, დღემდე ბევრ მედიუმში მუშაობ, ტანსაცმლის დიზაინამდე როგორ მიხვედი?

ძალიან უცნაურად მოხდა ეს ამბავი, ნამდვილად არ მქონდა გადაწყვეტილი დიზაინერობა და როგორც თქვი, რეალურად დღემდეც არ ვარ მხოლოდ დიზაინერი. ძალიან მომწონს განსხვავებული რაღაცების კეთება და სულ მგონია, რომ არ არის აუცილებელი მარტო ერთი საქმით  გადმოსცემდე იმას, რაც გინდა, რომ თქვა. ამიტომ, ხან რა ფორმა მიესადაგება ხოლმე ჩემს სათქმელს და ხან – რა. დიზაინის შემთხვევაში, ერთ დღესაც მივხვდი, რომ ძირითადად სულ კომპიუტერთან მქონდა სამუშაო, ძალიან მინდოდა რაღაც ხელითაც მეკეთებინა. სულ მომწონდა კერვა და გადავწყვიტე ჩემით შემეკერა ისეთი პალტო, როგორიც მინდოდა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ეფექტური გამოვიდა, ყველას მოეწონა და მერე დაიწყო თხოვნა:  მეც შემიკერე… ასე ნელ-ნელა, თავისთავად მოხდა, რომ ამ სფეროში ჩავერთე. ძირითადად მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, მე თვითონ დავიწყე კონსტრუირების და კერვის სწავლა, მაგრამ დავდიოდი მასწავლებელთანაც. დღემდეც, როცა ვთვლი, რომ რაღაც არ გამომდის, პერიოდულად დავდივარ კონსულტაციებზე. თანდათან ძალიან მომეწონა ეს პროცესი. დაახლოებით ორი წლის წინ კი სოფო ჭყონიამ მხარი დამიჭირა და შემომთავაზა ჩვენება მომეწყო. ეს რომ გადაწყდა,  უცებ აღმოჩნდა, რომ ბრენდს სახელი უნდა დაარქვა, სწორედ იმ მომენტიდან შეიქმნა TAMRA, როგორც ბრენდი.

რატომ Tamra?

თამრა არის ჩემი სახელი, ის, რასაც ბევრი მეძახის.  თავიდან რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი მქონდა, გამოკითხვასავით ჩავატარე, თუ რა დამერქმია და სახელი, რომელიც  ყველას მოეწონა და დაამახსოვრდა, “თამრა” აღმოჩნდა. სიმართლე რომ გითხრა, სხვა რაღაცის დარქმევა მინდოდა, მაგრამ ყველამ თამრაზე შეაჩერა არჩევანი და გადაწყდა, რომ თამრა ყოფილიყო.

Tamra Skateboards-ის იდეა  შენი, სალომე მაჩაიძის და დავით მესხის ფილმის –  “როცა დედამიწა მსუბუქიას” შემდეგ გაგიჩნდა?

ფილმს მოჰყვა ჩემი ურთიერთობა სკეიტერებთან… თუმცა, პრინციპში, სანამ “თამრა სკეიტბორდსი” შეიქმნებოდა, ჩემს ადრინდელ ჩვენებებს რომ შეხედო, სულ ამ ბიჭებთან ერთად ვაკეთებდი. რაღაცას რომ ქმნი, ხომ გაქვს წარმოდგენილი, ვისთვის აკეთებ… მე სულ ასე ვმუშაობ, სულ ვიღაცას წარმოვიდგენ, ცალკე ტანსაცმელი არ გამომდის, ყოველთვის მიბმულია პერსონაჟთან და მგონი, ეგ განწყობა კინოდან მოდის.  სულ სკეიტერებთან იყო მიბმული ჩემი ტანსაცმელი, ერთად ვიღებდით, ჩვენებებზეც სულ ისინი გამომყავდა, ამიტომ ალბათ ბუნებრივი იყო, რომ რაღაც მომენტში მომინდა ცალკე ბრენდი გამეკეთებინა, რომელიც იქნებოდა ყოველდღიური, “სთრითვეარ” და სკეიტბორდინგის კულტურასთან დაკავშირებული. თუმცა, ვცდილობთ არ იყოს შეზღუდული მარტო სკეიტბორდით და იყოს უბრალოდ ახალგაზრდული ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ სკეიტბორდს, ბევრ სხვა სუბკულტურასაც მოიცავს.  

თვითონ სკეიტერების მიმართ ინტერესი რამ გამოიწვია?

ფილმებში და ვიდეოებში რომ ვხედავდი, ყოველთვის ძალიან მომწონდა. 70-იან წლებში კალიფორნიელი  სკეიტერები – Z-Boys ისე ლამაზად სრიალებდნენ, მათი მოძრაობაც და იდეოლოგიაც ძალიან მომწონდა. ინტერესი აქედან გაჩნდა, შემდეგ  ამას მოჰყვა ჩვენი ფილმი. თავდაპირველად დათო მესხი უღებდა ამ ბავშვებს, ისე იყვნენ ამოვარდნილი იმ რეალობიდან, რომ მაშინვე მიიქციეს დათოს ყურადღება. შემდეგ, ფოტოებს რომ ვუყურებდით,  მოგვივიდა აზრი, რომ ფილმი გადაგვეღო. ასე დავუმეგობრდით და ნელ-ნელა კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩვენი ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია…

როგორი იყო მათი ცხოვრების სტილი, ჰგავდნენ რამით კალიფორნიელ Z ბიჭებს?

სხვათა შორის,  ზუსტად ამიტომაც დავინტერესდით… ის, რაც ცხოვრების სტილი იყო, დღეს უკვე სპორტის სახეობად გადაიქცა, სადაც უნდა წახვიდე და ნებისმიერ ბავშვს ჰკითხო, რატომ სრიალებს, უმეტესობა გეტყვის, რომ უნდა პროფესიონალი სკეიტერი გახდეს,  შეჯიბრზე გამოვიდეს, გაიმარჯვოს და ა.შ. საქართველოში კი სწორედ ახლა ხდება ის, რაც 70-იანი წლების კალიფორნიაში ხდებოდა, აქაც ალბათ ნელ-ნელა გახდება სპორტის სახეობა. თუმცა კარგია, რომ უცებ ჩვენთანაც გაჩნდა ის, რაც 70-იანი წლების Z – Boys-ში მხიბლავდა, სრიალებენ იმიტომ, რომ მოსწონთ და ეს არის მათში სწორედ განსაკუთრებული…

ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარემოდან შემოსულ ხმებს, განცდა გრჩება, რომ სულ სხვა სამყაროა, ამ ბავშვებისგან სრულიად გაუცხოებული. როგორ ფიქრობ, ამ მხრივ  შეიცვლა რამე თუ ისევ ასე არიან?

მივხვდით, რომ შეუძლებელია ამ ბავშვებზე მოჰყვე იმის გარეშე, თუ სად ცხოვრობენ… გარემო ხომ ძალიან განაპირობებს იმას, რეალურად ვინ ხარ.  ასეთივე ბავშვები სრიალებენ ყველგან, მაგრამ რაც გამოარჩევს, არის სწორედ ის, თუ სად ცხოვრობენ, რა ხდება მათ გარშემო და მიუხედავად იმისა, რაც მათ გარშემო ხდება, მაინც ასეთები არიან.  ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გარეშე ვფიქრობ, რომ არ გამოვიდოდა მათ შესახებ რაიმეს მოყოლა… კი, დღემდე ასეა, მეც ასე ვარ და უკვე იმდენად მივეჩვიე ამ წივილ-კივილს, რომელიც ტელევიზორიდან მესმის, რომ  უბრალოდ ვცდილობ, ამ ყველაფერს გამოვეყო და როგორმე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, იმიტომ რომ სხვანაირად უკვე შეუძლებელია… იმხელა გავლენას ახდენს გარემო, რომ ალბათ ისინიც ასე არიან და ყველა ასე ვართ გადარჩენის რეჟიმში გადასული…

თვითონ Tamra თუ შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი კოლექცია წარადგინეთ?

ძალიან მიჭირს შედარება – კოლექციებს ერთ ამოსუნთქვაზე ვაკეთებ ხოლმე, იმის მიხედვით, იმ მომენტში რა მაინტერესებს და  რა ემოცია მოდის. ვერ დავყოფ, რატომ ვაკეთებ მაინც და მაინც ასეთ კოლექციას – Tamra Skateboard უფრო მოხერხებულ ტანსაცმელს ქმნის, იმას, რასაც ყოველდღიურად ჩაიცვამ. მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია  განსხვავდება იმისგან, ის უფრო დატვირთულია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით. Tamra Skateboard-ს ჰყავს მომხმარებლები, რომლებიც ახლა წამოიზარდნენ, 12 წლიდან იწყება მათი ასაკი და ძალიან მოსწონთ. ჩვენც სულ ვცდილობთ,  რომ ჩვენი პროდუქცია არ იყოს მხოლოდ ტანსაცმელი, გადმოსცემდეს ცხოვრების სტილს, გემოვნებას და იდეოლოგიას. უბრალოდ მინდა, ხედავდნენ ამას და მერე ან მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ. მაისური ხომ არასდროს არ არის მხოლოდ მაისური… მაისური იმიტომ გინდა, რომ რაღაც მოგწონს, აფასებ და გინდა ამ ყველაფრის ნაწილი იყო.

შეგიძლია დაახასიათო როგორია ადამიანი, ვინც Tamra-ს ატარებს?

ადამიანები, რომელებიც ბევრი რამის მიმართ  გახსნილები არიან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინდივიდუალიზმს, და რაც მთავარია უნდათ, რომ თავიანთი აზრი ჰქონდეთ.  სხვათა შორის, ფილმის მერე ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ თინეიჯერებისგან – მოდიოდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, ამბობდნენ, რომ იგივე  პრობლემები ჰქონდათ და იგივე რაღაცებზე ფიქრობდნენ, რაზეც ეს ბიჭები, თუმცა არასდროს არ ჰქონიათ მხარდაჭერა. უბრალოდ მინდა გრძნობდნენ, რომ არის მათ გარდა ვიღაც, ვინც მათნაირად ფიქრობს, ვისაც შეუძლია, რომ დაეყრდნონ და მხარდაჭერა მიიღონ, გვინდა ვუთხრათ, რომ არ არიან მარტო და არ არის ცუდი, რომ ასე ფიქრობენ, არ არის ცუდი, რომ სხვანაირი ხარ.  საქართველოში ძალიან რთულია ეს სოციალური ბმები, სოციუმის აზრი ძალიან მოქმედებს და შეიძლება პირდაპირ არ ამბობდე, რომ იმიტომ ვარ ასეთი, რომ ასე და ასე მკარნახობენ, მაგრამ რაღაც გავლენა ყველას აქვს და რთულია მისგან გათავისუფლდე. მე რაღაცებისგან გავთავისუფლდი, მაგრამ არსებობს სხვა გავლენები, რომლისგანაც ან ვერ გავთავისუფლდი, ან საერთოდ ვერ ვიაზრებ, რომ  მაქვს. ამისთვის მგონი საჭიროა, რომ ვიღაცას მაინც შეეძლოს გარშემო თავისიანები დაინახოს.

რას ვნახავთ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე?

ახლა ცოტა უცნაური კოლექცია მაქვს, არანაირად არ იქნება ყოველდღიური სამოსი,  გადავწყვიტე ისეთი ტანსაცმელი გამეკეთებინა, როგორიც პირადად მე მომწონს და არ გამეთვალისწინებინა  ის, თუ ვის როგორ მოეწონება, ვინ რამდენად ჩაიცვამს ან გაიყიდება თუ არა. ზუსტად ისეთი კოლექციაა, რომელსაც პერფორმანსის სახეც ექნება.

ამ კოლექციის შთაგონება რა იყო?

ვერასდროს ვერ ვამბობ… ბევრი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს – შეიძლება, სადღაც რაღაც ვნახე და მომეწონა, მუსიკა მოვისმინე  ან ვიღაც დავინახე ქუჩაში, ეს ყველაფერი იმიქსება ერთმანეთში და რაღაც მომენტში ვხედავ სურათს, როგორი მინდა იყოს. ამიტომ ვერაფრით ვერ მივყვები უკან იმას, თუ  საიდან მოვიდა კონკრეტული შთაგონება.

რას ნიშნავს დიზაინერისთვის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე მონაწილეობა, ცვლის რამეს უკეთესობისკენ?

ცვლის. მე როგორც  იცი, არ ვმუშაობ მხოლოდ დიზაინის მიმართულებით, თან არც გვაქვს იმდენი პროდუქცია, რომ  ბაიერებთან მასშტაბურად ვითანამშრომლოთ. რომ გითხრა, მოდის კვირეულის შემდეგ ყველაფერი იყიდება, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვება ხოლმე საერთაშორისო პრესის მხრიდან. ბევრი კარგი რამ დაიწერა ჩვენზე, უცებ აღმოვჩნდით ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Vogue, Dazed and Confused და ა.შ. თუმცა ესეც პარადოქსულია – ამას წინათ ვიყავი ვორქშოფზე, სადაც თქვეს, რომ კომერციული წარმატებისთვის საჭიროა ასეთ ჟურნალებში გამოჩნდე.  ვართ ასეთ ჟურნალებში, თუმცა განსაკუთრებული კომერციული წარმატება ამას არასდროს მოჰყოლია, რაც ალბათ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ გჭირდება ფინანსური წარმატება იმისთვის, რომ ელემენტარულად შეძლო და აკეთო ეს საქმე. ფაქტობრივად, ბიუჯეტის გარეშე ვმუშაობთ და რაღაც მომენტში ეს ყველაფერი აისახება შემოქმედებაზეც, იმ მომენტში, როცა წყნარად უნდა იჯდე და ქმნიდე, დარბიხარ და ეძებ ფინანსურ საშუალებას იმისთვის, რომ საერთოდ რაიმე გააკეთო. თუმცა მაინც  ვარსებობთ და, მეორე მხრივ, ეს თავისუფლებას გაძლევს, რაც გინდა ის აკეთო. აბსოლუტურად შენს თავზე ხარ დამოკიდებული და შეიძლება ვერც ვთმობთ ამას ბოლომდე. ახლა არავისთან არ ვაგებ პასუხს, როგორ კოლექციაც მინდა, ისეთს გავაკეთებ. თუმცა, როგორც გითხარი, მინუსიც აქვს ის, რომ ფიქრობ, რით შევკერო ან რით დავბეჭდო. ჯერჯერობით პლუსი იგებს. რომ არ იგებდეს, ალბათ რაღაცას რადიკალურად შევცვლიდით. თან ვფიქრობ, ნელ-ნელა მოიმატა ინტერესმა და მგონია, რომ კიდევ მოიმატებს.  რომ ვუყურებთ, რამდენი ადამიანი გვწერს, რამდენს ვხვდებით, ესე იგი ყველაფერი სწორად მიდის.

როგორია სამომავლო გეგმები, იმის შემდეგ, რაც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული ჩაივლის?

რამდენიმე პროექტი გვაქვს, მათ შორის – კოლაბორაცია ბრენდ “ვოლჩოკთან”.  ჩვენნაირი ადამიანები არიან, სხვადასხვა მიმართულების არტისტებთან მუშაობენ და  საკმაოდ წარმატებული ბრენდია. ამ თანამშრომლობას პატარა კამპანიაც მოჰყვება. ძალიან უნდათ, რომ ჩამოვიდნენ და “სთორი” გადაიღონ, რომელიც ამ  ტანსაცმლის ისტორიას გვიამბობს. მათთვისაც ისეა, როგორც ჩვენთვის – რაღაც კოლექციას აუცილებლად მოჰყვება თავისი ისტორია. კიდევ ერთი გეგმა გვაქვს სკეიტბორდინგთან დაკავშირებით:  ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც ბავშვები ზამთარშიც შეძლებენ შეკრებას და სრიალს. ამას მოჰყვება კიდევ სხვა სუბკულტურები, სადაც შეიკრიბებიან და ურთიერთობა ექნებათ და რაც მთავარია ექნებათ ადგილი, სადაც ზამთრის ცივ თვეებშიც გაერთობიან.

ავტორი : გვანცა ჩანადირი   


რეკომენდებული სტატიები
Hammock x Borjomi - ინტერვიუ ხელოვან სიმონ მაჩაბელთან

Hammock x Borjomi - ინტერვიუ ხელოვან სიმონ მაჩაბელთან

Hammock x Borjomi - ინტერვიუ ხელოვან სიმონ მაჩაბელთან
Hammock ბორჯომთან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს ხელოვან სიმონ მაჩაბელთან, რომლის შემოქმედებაც სცდება მოდის სფეროს და სახელოვნებო სივრცეში გვევლინება, როგორც ხელოვნების ნიმუში
Hammock x Borjomi - ინტერვიუ დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან

Hammock x Borjomi - ინტერვიუ დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან

Hammock x Borjomi - ინტერვიუ დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან
Hammock ბორჯომთან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს დიზაინერ ლადო ბოკუჩავასთან, რომლის კოლექციის ჩვენება მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში 2 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.