გააზიარე სტატია

თბილისის არქიტექტურის ბიენალე – პროგრამის მიმოხილვა

სულ რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის ბიენალე (TAB) გაიხსნება გამოფენით, რომელიც გლდანის შუაგულში მდებარე ყოფილი КГБ’-ს ამჟამად კი ტრანსპორტის ფედერაციის კუთვნილ შენობაში მზადების პროცესშია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბიენალე სახელწოდებით – “მხოლოდ შენობები არ კმარა”, პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალია, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. ღონისძიება 9 დღე, 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

წლევანდელი ბიენალეს მთავარი თემა თბილისის არაფორმალური არქიტექტურის მულტიდისციპლინარულ კვლევაზე არის ფოკუსირებული. თბილისის არაფორმალური არქიტექტურა საუკეთესო პლატფორმად წარმოჩინდება სოციალურად, პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გასახსნელად. როგორც TAB- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ გურგენიძე არქიტექტურულ ჟურნალ ,,უ“-სთან საუბარში აღნიშნავს: ,,მიშენებები ასახავენ იმას, თუ როგორ ცდილობს მოსახლე საცხოვრებელი სივრცის თავის მოთხოვნილებებზე მორგებას და როგორ იყენებს არქიტექტურას, როგორც მედიუმს საზოგადოებრივი ცვლილებების წარმოსაჩენად. მიშენებებში ჩანს ის კულტურული თავისებურებებიც, რომლებიც მოცემული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი”. ბიენალეს ღონისძიებები სწორედ ამ თემის ირგვლივ არსებული კონტექსტებისა და პრობლემების გარშემო იკვრება და სხვადასხვა ფორმითა და მედიით განსხვავებულ ინტერპრეტაციებსა და ნარატივებს სთავაზობს საზოგადოებას.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს და ხელოვანებს უმასპინძლებს. ბიენალეს პროგრამა გამოფენებს, სიმპოზიუმს, არქიტექტურულ ინსტალაციებს, კინოჩვენებებსა და სხვა აქტივობებს აერთიანებს. ღონისძიების გამხსნელი გამოფენის კურატორები თინათინ გურგენიძე და სოფო ტაბატაძე არიან. ,,დროებითობა” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც სივრცული ინსტალაციების, პერფორმანსების, არტისტული კვლევის, ნახატების, ფილმისა და ფოტოგრაფიის საშუალებით მოგვითხრობს იმ სოციალური გარემოს არასტაბილურობის შესახებ საქართველოში, სადაც ომმა და პოლიტიკურმა არეულობამ მოქალაქეებში მოულოდნელობის შიში წარმოშვა: ,,თვითნაშენი ფარეხები, მემორიალური წყაროები, იძულებით გადაადგილებული პირები, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლების ნგრევა და ქალაქური ვაზის გაშენება − ეს ყველაფერი კარგად გამოხატავს არაპროგნოზირებად და ცვალებად გარემოს.” – ვკითხულობთ ღონისძიების პრეს-რელიზში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანები. მათ შორის: ონურ ჩერითოღლუ, ლადო დარახველიძე, თაკო რობაქიძე, დანიელ შპერი, სალომე ჯაში, დიანა ლუკას დროგანი და სხვ. ზოგიერთი მონაწილის ნამუშევარი უშუალოდ იქნება დაკავშირებული თბილისის კონტექსტთან და გლდანის დასახლებასთან. გამოფენა თავისთავში ინტერაქციულ აქტივობებსაც მოიაზრებს, მისი მსვლელობის დროს მოეწყობა დისკუსია, სადაც სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები და მკვლევრები განიხილავენ ურბანულ ცვლილებებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. აქვე შედგება კვლევაზე დაფუძნებული ქვე-გამოფენა ,,ეფემერული განგძობითობა”, რომელიც წარმოგვიდგენს დევნილთა დასახლებების არქიტექტურას იორდანიაში. მისი კურატორები აიჰამ დალალი და ქამელ დორაი არიან. ზემოთ აღწერილი აქტივობები მხოლოდ არასრული ჩამონათვალია გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა. იმისათვის, რომ ნახოთ მეტი, აუცილებლად ეწვიეთ ყოფილი КГБ-ს წითელ აგურის შენობას 26 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე.

წლევანდელი ბიენალეს პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი სიმპოზიუმს უჭირავს, რომელსაც 27-28 ოქტომბერს გლდანში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯი უმასპინძლებს. სიმპოზიუმი ორი ნაწილისგან შედგება: დისკუსიები და მოწვეული მომხსენებლების გამოსვლები. სიმპოზიუმის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ისეთი ცნობილი არქიტექტორების და არქიტექტურის თეორეტიკოსების მოხსენებებს, როგორებიც არიან: რაინერ დე გრაფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურეგი და ალექსანდრ ბროდსკი. დისკუსიების პლატფორმას კი 30-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

თბილისის არიქტექტურის ბიენალეს მსვლელობის დროს, გვიან საბჭოთა ეპოქაში განაშენიანებული გლდანის მიკრორაიონი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ საძილე უბნებს შორის, რომლებითაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 90-იანი წლების დასაწყისამდედაიფარა საბჭოთა კავშირის ქალაქების დიდი ნაწილი, საგამოფენო სივრცედ ტრანსფორმირდება, სადაც რაიონის მთავარი ინფრასტუქტურული ღერძის გაყოლებაზე, ღია ცის ქვეშ, ინსტალაციები განთავსდება. ამ გამოფენის მთავარი იდეა თანამედროვე საქართველოს სოციო-კულტურული მდგომარეობის რეფლექციის გარშემო ტრიალებს და კონკრეტულ ფოკუსს გლდანის მიკრორაიონზე აკეთებს. გამოფენაზე 15-ზე მეტი არქიტექტორის, ხელოვანის და არტისტული ჯგუფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ყოველი ნამუშევარი თავისი შინაარსით, დამოუკიდებელ გამოფენას წარმოადგენს. ,,ღია ცის ქვეშ გამოფენის’’ კურატორები თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადამფუძნებელი გიგი შუკაკიძე, ობსკურას კურატორთა ჯგუფი − მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე და Propaganda, Network-იდან − ანა გაბელაია და ელენე ფასური არიან. ბიენალეს სტუმრებს თუ შემთხვევით გამვლელებს ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ ყოფილი КГБ-ს შენობის ეზოში, გლდანის მთავარ არტერიაზე მდებარე ორი იდენტური ფორმის შიდა ეზოში, ეზოების დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდებზე, სათამაშო მოედანსა და ხიდის ნაგებობის წინ. გამოფენა 26 ოქტომბერს გაიხსნება და ბიენალეს დასრულებამდე გასტანს.

წლევანდელი ბიენალეს პროგრამის განხილვისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მონაწილეობრივი და სათემო ხელოვნების პროექტი – “კორპუსი 76”, რომელიც გლდანის მიკრორაიონის N76 კორპუსში წარიმართება. პროექტის ფარგლებში კორპუსის კერძო საცხოვრებელ ბინებში პარალელური გამოფენები გაიხსნება. აქ 24 ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კორპუსის მცხოვრებლებთან თანამშრომლობით განხორციელდა. “კორპუსი 76” ცდილობს გაათანაბროს მხატვრის და მასპინძლის მუშაობის სტატუსი, ისევე როგორც თბილისის არქიტექტურული ბიენალე ათანაბრებს გლდანის რაიონს, საბჭოთა საძილე კვარტალს, ქალაქის სხვა ისტორიულ უბნებთან. ,,კორპუსი 76” სვამს კითხვას, – ვინ არის მხატვარი? მასპინძელი, რომელიც საშუალებას აძლევს მხატვარს შეიტანოს ნამუშევარი მის შემოქმედებაში – ბინაში? თუ მხატვარი, რომელიც გარდაქმნის კერძო სივრცეს საკუთარი ხედვით?” – წერს გამოფენის თანაკურატორი ლალი პერტენავა. პროექტის მონაწილეებს შორის არიან: ანდრო ერაძე, ბარა გალო, თეა გვეტაძე, იან ჩუდოჟილოვი, თამუნა ჭაბაშვილი, ვაჟა მარი, გიორგი კუჭუხიძე და სხვ. გამოფენა მხოლოდ 2-დღიანია, ის 27 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე გაიხსნება და 28 ოქტომბრამდე გასტანს.

“მხოლოდ შენობები არ კმარა” – ვიზიტორებს გლდანის ალტერნატიულ ტურსაც სთავაზობს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ კიდევ ერთი ქალაქი გლდანი, ანუ ,,ქალაქი ქალაქში”. ამასთანავე გაიმართება პარალელური ფოტოგამოფენა ე.წ. დეკადეს ხიდის შენობაში, რომელიც გლდანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. მისი პროექტირებისას გლდანის მთავარი არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი პონტე ვეკიოს შემოქმედებით იყო შთაგონებული. ეს უნდა ყოფილიყო მულტიფუნქციური საფეხმავლო ხიდი, რომელიც მიკრორაიონების ორ ნაწილს დააკავშირებდა. ხიდის არქიტექტურა დროებით საგამოფენო სივრცედ გარდაიქმნება. ბიენალეს პროგრამა აგრეთვე ფილმების ჩვენებათა ციკლსაც მოიცავს. ჩვენებების გასამართად ბიენალეს მთავარი თემის პირდაპირი მანიფესტაცია, ქალაქის უახლესი ისტორიისთვის კი სიმბოლური ადგილი შეირჩა – ყოფილი საცურაო აუზი, რომლის დაუმთავრებელი შენობაც მისმა მცხოვრებლებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა, თვითნაკეთ საცხოვრებელ ერთეულებად აქციეს.

იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ თბილისის პირველი არქიტექტურის ბიენალე და მის ფარგლებში დაგეგმილი ზემოთ აღწერილი თუ სხვა ღონისძიებები, აუცილებლად ეწვიეთ გლდანის მიკრორაიონს 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.

პ.ს. ღონისძიებათა ზუსტი განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბიენალეს ვებსაიტზე: http://biennial.ge/.

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი


რეკომენდებული სტატიები
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018
ბიენალემ თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ურბანულ და არქიტექტურულ საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ.
პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში
თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შვეიცარიელი არქიტექტორების ცნობილი დუოს, “Herzog & de Meuron”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.