fbpx
გააზიარე სტატია

TBC Status X Amirani – კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

მათ,  ვინც აგვისტოს პირველ რიცხვებს ჯერ კიდევ თბილისში ხვდება, კინოთეატრი “ამირანი” TBC Status-ის მხარდაჭერით  საინტერესო კინოდღეებს სთავაზობს. სამი აგვისტოდან მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში  კინოთეატრ “ამირანში” ლეგენდარული კვენტინ ტარანტინოს თანამედროვე კინოკლასიკად აღიარებული,  ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება გაიმართება. 

TBC Status-ისა და “ამირანის” ერთობლივი ინიციატივით ამგვარი კინოჩვენებები ყოველთვიურად მოეწყობა. მაყურებელი ნახავს  კინოკლასიკის ლეგენდარული წარმომადგენლების – სტენლი კუბრიკის, პოლ ტომას ანდერსონის, ალფრედ ჰიჩკოკის, მიქელანჯელო ანტონიონის, ტიმ ბარტონის, ტერენს მალიკის, მილოშ ფორმანის, ვიმ ვენდერსის, ინგმარ ბერგმანის, ვუდი ალენის და სხვა ყველასთვის საყვარელი რეჟისორების უკვდავ და გამორჩეულ კინოსურათებს. აგვისტო  სწორედ ერთ-ერთ მათგანს –  კვენტინ ტარანტინოს ეთმობა, რომელმაც მხოლოდ მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი არასწორხაზოვანი სიუჟეტებით,  სატირული, შავი იუმორით გაჯერებული თხრობის მანერით და ძალადობრივი ელემენტების ესთეტიზაციით ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა.

 

3 აგვისტო – Pulp Fiction

3 აგვისტოს კვენტინ ტარანტინოს ფილმების სერიას მისი 1994 წელს გადაღებული ფილმი – Pulp Fiction გახსნის, რომელშიც მთავარ როლს ჯონ ტრავოლტა, სამუელ ლ. ჯექსონი და უმა თურმანი ასრულებენ. ფილმმა, რომელშიც სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი არაქრონოლოგიურად ვითარდება, ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში მთავარი პრიზი დაიმსახურა.  ალუზიებით და პოპ-კულტურის ელემენტებით გაჯერებული Pulp Fiction-ის სახელწოდებაც სწორედ მეოცე საუკუნის პოპ-კულტურას და მის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს – იაფფასიან პოპულარულ ჟურნალებსა და ლიტერატურას წარმოადგენს, რომელშიც ტარანტინოს ფილმის მსგავსად ძალადობა განსხვავებული ესთეტიკური ფორმით, გრაფიკულად, ზოგჯერ იუმორნარევი ელემენტებითაა მოთხრობილი.

 

4 აგვისტო Jackie Brown

“ჯეკი ბრაუნი” ტარანტინოს 1997 წელს გამოსული მესამე ფილმია, რომელიც რეჟისორმა ელმორ ლეონარდის რომანის, Rum Punch-ის  მიხედვით გადაიღო. მასში მონაწილეობენ რობერტ დე ნირო, სამუელ ლ. ჯექსონი, მაიკლ კიტონი, ბრიჯიტ ფონდა და რობერტ ფოსტერი, რომლის გამოც ფილმმა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაცია მოიპოვა. აქაც, როგორც ტარანტინოს ბევრ სხვა ფილმში, კრიმინალური ისტორია რეჟისორისთვის დამახასიათებელი  იუმორით ვითარდება. ფილმი განსაკუთრებით გამორჩეულია თავისი საუნდტრეკებით. 1997 წელს გამოსული ალბომი – Jackie Brown ბევრ სხვადასხვა მუსიკოსს აერთიანებს, თუმცა ის, ვინც ყველაზე უკეთ გამოხატავს ტარანტინოს ამ და ალბათ სხვა ფილმების განწყობას, ჯონი ქეში და მისი Tennessee Stud-ია.

 

5 აგვისტო – Inglourious Basterds

“უსახელო ნაბიჭვრები”, რომლის პრემიერა 2009 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოსურათია. ფილმმა სხვადასხვა ნომინაციაში ოსკარის, კანის კინოფესტივალის და BAFTA-ს პრემიები დაიმსახურა. “უსახელო ნაბიჭვრებში”, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციაა აღწერილი, მთავარი როლები  ბრედ პიტმა, მაიკ მაიერსმა, ელაი როთმა და კრისტოფ ვალცმა შეასრულეს.

 

6 აგვისტო Kill Bill ნაწილი  1 / Kill Bill ნაწილი 2

“მოკალი ბილის” პირველი ნაწილი ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა. მთავარ როლს,  შურისმაძიებელ გმირს, უმა თურმანი ასრულებს, რომლისთვისაც მსახიობმა სხვადასხვა კინოფესტივალზე, მათ შორის – ოქროს გლობუსზე და BAFTA-ზე, მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო ქალის ნომინაცია მოიპოვა. ფილმი, რომელიც ერთდროულად იტალო-ვესტერნის, გრინდჰაუსის და იაპონური სტილის ანიმაციის გავლენით შეიქმნა, 2004 წელს მეორე ნაწილით – Kill Bill  2-ით გაგრძელდა.

ფილმების ინგლისურ ენაზე ჩვენება 21:00 საათზე გაიმართება, თითოეულ ფილმზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია, აბონემენტის შეძენის შემთხვევაში კი საფასური 50 ლარს შეადგენს. 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.