fbpx
გააზიარე სტატია

თბილისის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა

არქიტექტურა რომ ეპოქის სივრცეში გადმოთარგმნის მცდელობაა, ეს სიტყვები  ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოდერნისტ არქიტექტორს, მის ვან დერ როეს ეკუთვნის. მის ამ სიტყვებში დასარწმუნებლად  თბილისი ალბათ ძალიან კარგ მაგალითად გამოდგებოდა, რადგან ერთი დღეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის ისტორიას საუკუნეების წინანდელი  ტაძრების, არტ-ნუვოს სტილის შენობებისა თუ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ხილვით გაეცნოთ. თბილისის საბჭოთა მოდერნიზმს სამწუხაროდ, არაფერი აქვს საერთო ვან დერ როეს მოდერნიზმთან, ეს უფრო სსრკ ცკ-ის პირველი  მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ახირება იყო ე.წ. ზედმეტობების შესახებ, რომლის დადგენილება მან 1955 წელს გამოსცა. იმისთვის რომ მშენებლობა გაიაფებულიყო, დადგენილება შენობების ყოველგვარი დეკორაციული “ზედმეტობისგან” გათავისუფლებას გულისხმობდა. საბჭოთა მოდერნიზმში ერთადერთი, სადაც დეკორაციული ელემენტები შეიძლებოდა გენახათ, კოსმოსის თემაზე შექმნილი მოზაიკები და ბარელიეფები იყო. ესეც გასაგები მიზეზის გამო… ეს ხომ ის ქვეყანაა, რომელმაც პირველმა გაუშვა ადამიანი (იური გაგარინი) კოსმოსში. გასაბჭოების ეპოქა თბილისის ურბანულ სივრცეში ძირითადად ტიპური  საბინაო პროექტებით გამოიხატა. იქ, სადაც ადამიანებს ტანსაცმლიდან დაწყებული ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, არქიტექტურაც უმეტესწილად ასეთივე – ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ეპოქისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა მაინც შეიქმნა, რომელთაგანაც ზოგიერთი დღეს ისევ ფუნქციური, ზოგი კი მიტოვებული და განადგურების პირასაა.

რიტუალების სასახლე

1984 წელს ვიქტორ ჯორბენაძის მიერ აშენებული რიტუალების სასახლე ამ პერიოდის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ნაგებობა არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულია –  ის ერთდროულად 1920-იანი წლების ექსპრესიონიზმსა და შუა საუკუნეების ქართული ტაძრის არქიტექტურის ერთგვარ ნაზავს, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურისთვის კი განსხვავებულ და გამორჩეულ შენობას წარმოადგენდა.

ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის ტაძრისა და ბებრის ციხისგან მიღებული შთაგონება რიტუალების სასახლის არქიტექტურაში აფსიდების სახით აისახა. თუმცა კონცეპტუალურად  იგი არქიტექტორისთვის არა ტრადიციულ, არამედ მომავლის ტაძრის იდეას უფრო წარმოადგენდა, სადაც ჯორბენაძის წარმოდგენაში მარლმადიდებლური მსოფლმხედველობა აბსოლუტურად დარღვეული იყო, არქიტექტორს სურდა, რომ რიტუალების სასახლეში შესაძლებელი ყოფილიყო როგორც ჯვრისწერა, ისე ხელის მოწერის ცერემონია.

საავტომობილო გზების სამინისტრო

„დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა…“  – ასე შეაფასა დასავლურმა პრესამ 1975 წელს აშენებული საბჭოთა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, რომლის გეომეტრიული, ე.წ. ხიდის სერიის ფორმები  ერთდროულად საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის ტენდენციებს აერთიანებს. 18-სართულიანი ნაგებობა, რომელიც არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე შთამბეჭდავი საბჭოთა შენობების სიაში, განსაკუთრებულია იმითაც, რომ ზუსტად არის მორგებული იმ ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელზეც მდებარეობს.

არქიტექტორ გიორგი ჩახავას პროექტი, შთაგონებას კავკასიური ტყისა და ტრადიციული ქართული არქიტექტურისგან იღებს. კავკასიური ტყე არქიტექტორისთვის  ჰარმონიული სამყაროა, იქ, სადაც ციცაბო ფერდობის ტყეებში ხეებს ტოტები ისე აქვთ ჰაერში გაწვდილი, რომ მათ გარშემო სხვა ახალი ხეებისთვის საარსებო სივრცე რჩება. სწორედ ასეთი ტყის შთაგონებით შექმნა გიორგი ჩახავამ საავტომობილო გზების სამინისტრო, რომელიც კლდეში წამოჭრილ ბეტონის ფორმებსა და ჰაერში განვითარებულ სართულებს წარმოადგენს. არქიტექტორის კიდევ ერთი შთაგონების წყარო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში – კლდეზე ნაშენები ჯვრის მონასტერია, რომელიც კავკასიური ტყის მსგავსად არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიულ შერწყმას წარმოადგენს.

არქეოლოგიის მუზეუმი

ქართველი არქიტექტორების მიერ 1988 წელს აშენებული არქეოლოგიის მუზეუმი  ერთ-ერთ გამორჩეულ სიმეტრიული კონსტრუქციის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის ბარელიეფზეც დატანილია ოთხკუთხედი ფორმის სკულპტურა წარწერით – არქეოლოგია. ამ მუზეუმში   თბილისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული, სადაც 10 000-ზე მეტი ექსპონატიდან ყველაზე ძველი დელისის ნასახლარებზე ნაპოვნი ბრინჯაოს ნივთებია (ძვ. წ. V – IV საუკუნეები), რომლებიც მსოფლიოს უძველეს ბრინჯაოს ნაკეთობებად ითვლება. მუზეუმი დიღომში, თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე მდებარეობს.

საქართველოს სსრ სახალხო მიღწევათა საგამოფენო კომპლექსი (ექსპო ჯორჯია)

არქიტექტორ ლევან მამალაძის მიერ დაპროექტებული და 1961-1971 წლებში აშენებული საქართველოს სსრ სახალხო მიღწევათა საგამოფენო კომპლექსი, რომელიც დღემდე 11 პავილიონს აერთიანებს, თავდაპირველად აგრარული და ინდუსტრიული მიღწევების გამოფენებისთვის გამოიყენებოდა.

კომპლექსის ტერიტორიაზე არა მხოლოდ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ შენობებს, არამედ სკულპტურებსა და მოზაიკებსაც შეხვდებით. მაგალითად, მერვე პავილიონის კედელზე ნახავთ კოსმოსის თემაზე შექმნილ მოზაიკას, რომელზეც  მფრინავი ხომალდისა და ხელოვნური თანამგზავრის ფონზე კოსმონავტი, მუშა და მშრომელი ქალი არიან გამოსახული, რომლებსაც ასევე მეშვიდე პავილიონის წინ მდგარ სკულპტურაშიც იხილავთ.


ავტორი
: გვანცა ჩანადირი

ფოტო: გიორგი დადიანი (სტატიაში გამოყენებული ფოტოები დაიბეჭდა ჟურნალში “Georgia to see”)

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.