fbpx
გააზიარე სტატია

როგორი იყო თბილისის არქიტექტურის ბიენალე გლდანში

26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისში არქიტექტურის ბიენალე გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში არქიტექტურით, ქალაქგეგმარებით და თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების ცენტრად და შეხვედრის ადგილად გადაიქცა გლდანი – ტერიტორია, რომელიც მონიშნა ბიენალემ სამსჯელოდ თემაზე – “მხოლოდ შენობები არ კმარა.”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი არქიტექტურის ბიენალე, რომელიც თბილისში გაიმართა. ბიენალე, რომელსაც 4 დამფუძნებელი ჰყავს (ნათია კალანდარიშვილი, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე და გიგი შუკაკიძე), ამიერიდან 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მიზნად ისახავს კონკრეტული თემების მიმართ ორგანიზებულად მუშაობას: ლექციებით, კვლევებით, საჯარო დისკუსიებით, სახელოვნებო ნამუშევრებით, გამოფენებით – შესაბამისად, ბევრი ადამიანის გაერთიანებით და ჩართულობით; ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირებას და მსჯელობას, დისკურსის გაზრდას.

“მხოლოდ შენობები არ კმარა”
2018 წელს ბიენალეს თემა არაფორმალური არქიტექტურა იყო.

როგორ ხდება შენობების ტრასფორმაცია, როგორ ირგებს მოსახლეობა მტკიცე მოცემულობას საკუთარ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე, როგორ გადავრჩეთ გარემოში, სადაც დომინაცია შენობებს აქვთ და რა გვრჩება მაშინ, როცა შენობები იკავებენ მთელ სივრცეს, რომელიც კომუნიკაციისთვის, გართობისა და დასვენებისთვის შეიძლება გამოიყენო.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ბიენალე სხვადასხვა ფორმატში ცდილობდა: სიმპოზიუმზე, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ქვეყნის 35-მდე მომხსენებელი მსჯელობდა ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ღია სივრცეში მოწყობილი სკულპტურების გამოფენაზე, სადაც სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა და ადგილობრივებს ჰქონდათ საშუალება როგორც მათი აწყობისთვის ედევნებინათ თვალი და ჩართულიყვნენ, ასევე პოსტ ფაქტუმ გამოეყენებინათ გამოფენებზე, რომლებიც განთავსებული იყო როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საცხოვრებელ სახლებში, გადასასვლელ ხიდებსა და აუთვისებელ სახურავებზე; და ასევე ვოკშოფებზე, სადაც არტისტები ცდილობდნენ მოსახლეობის ჩართულობით გაემყარებინათ მათი კავშირი საკუთარ გარემოსთან, საკუთარ სივრცესთან და დაენახვებინათ გზები, როგორ შეიძლება ჩაერიო ერთი შეხედვით მყარ მოცემულობაში. ბიენალეს ფარგლებში მოეწყო ალტერნატიული ტურისტული ტური, ძველი, არქივიდან გამოტანილი ფილმების ჩვენებები და დამუშავდა ავტოფარეხების ტრანსფორმაციის ვერსიები.

თბილისის არქიტექტურის ბიენალემ ბევრი ფორმატი მოსინჯა სპეციალისტებთან და ადგილობრივებთან საკომუნიკაციო ველის შესაქმნელად და როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ გურგენიძე ამბობს, “პირველი ბიენალე არის გაკვეთილი, სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელი მოვლენა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისწავლოთ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ სამომავლოდ.”

რატომ გლდანი?

ყოველი ბიენალე ცენტრად ერთ კონკრეტულ ადგილს აირჩევს.

გლდანი, ანუ ქალაქი ქალაქში, ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ბევრ ქართულ ქალაქზე დიდი, მრავალშრიანი და მრავალფეროვანი დასახლებაა. კარგად დაგეგმილი სტრუქტურის მიხედვით გაშენებული საბჭოთა გარეუბანი ის ადგილია, სადაც ამ ქალაქის ბინადარი და სტუმარი, თუკი ამ ადგილთან კავშირი არ აქვს, იშვიათად ხვდება. შესაბამისად, მისი ტემპი, ცხოვრების სტილი, ესთეტიკა და ხასიათი ქალაქისგან დამოუკიდებლად ფორმირდება და შეუმჩნევლად ვითარდება.
სპონტანური და თვითნებური ჩარევები ურბანულ სხეულში მოსახლეობის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების ანარეკლია, საბჭოთა მიკრორაიონის და მისი შემადგენელი კორპუსების მტკიცე სტრუქტურა კი ამ მოთხოვნილებებს და საჭიროებებს მყარ ჩარჩოებს უდგენს. რა გავლენას ახდენს ადამიანი და გარემო ერთმანეთზე – ამ სივრცეში ლეგიტიმური კითხვაა და არაერთგვაროვანი პასუხების მიღების საშუალებას იძლევა.

კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებების ცენტრიდან პერიფერიებში გადატანა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც თავად ივენთებისთვის, რომლებსაც უცხო გარემო დამატებით ხიბლს მატებს, ასევე პერიფერიების მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მიჩვეულები არიან, რომ “თვითონ მიდიან კულტურასთან” და თუკი ხდება ისე, რომ ერთ დღეს “კულტურა მივა მათთან”, ჩართულობისა და მონაწილეობის მეტი შანსი ჩნდება.

ადგილობრივებთან ყველაზე საინტერესო კოლაბორაცია გამოფენა “ბლოკ 76”-ის ფარგლებში შედგა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ საბჭოთა კორპუსში მცხოვრებლებმა გახსნეს საკუთარი ოჯახების კარები და ჩვეულებრივი საცხოვრებელი სივრცე გადასცეს არტისტებს ნამუშევრების განსათავსებლად და დამთვალიერებელს თანამედროვე ხელოვნებასთან ერთად საშუალება მისცეს ენახათ მათი პირადი სივრცეები – აბაზანაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლებით, საძინებელში, საწოლის გვერდით ტუმბოზე შემოდებული საოჯახო ალბომებით, მისაღები ოთახები ხატების კუთხეებით, ჩაშენებული კარადებით თუ გაცრეცილი შპალერებით.

ბიენალეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ ნემსაძე თვლის, რომ “ბიენალეს გლდანში ჩატარება, იმ გარემოსადა იმ საზოგადოებაში იყო ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადგილის არჩევა რიგ შემთხვევებში ბარიერი აღმოჩნდა სპონსორებისა და მხარდამჭერების ძებნისას.”               

                                   

 რას ემსახურება ბიენალე?
როგორი იყო თბილისის არქიტექტურის ბიენალე გლდანში?

თბილისის არქიტექტურის ბიენალე, ისევე როგორც ნებისმიერი კულტურული და ინტელექტუალური ივენთი, ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება: მსჯელობა ქალაქსა და მის პრობლემატიკაზე, კვლევა, არსებული რეალობის დაფიქსირება და გამოსავლების ძებნა დაგროვილი პრობლემატიკიდან, საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, დიალოგი სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის და ამ გამოცდილების მიტანა უფრო ფართო მასებთან.

პირველმა ბიენალემ თავისი მსუყე და მრავალფეროვანი პროგრამით, ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულმა სხვადასხვა ტიპის ხელოვანმა და მკვლევარმა უკვე შექმნეს ის სივრცე, სადაც შესაძლოა მსჯელობა, ფიქრი და კონკრეტული თემების ღრმა კვლევა.

“დაიბადო საქართველოში ნიშნავს, გქონდეს მუდმივად განცდა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ამაოა. ადამიანები თავის თავში ატარებენ გრძნობას, რომ ომი, პოლიტიკური არეულობა და უბედურება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წამს. ყველა სწორედ ამ განცდით ცხოვრობს და მოულოდნელობებით სავსე მომავალზე ფიქრობს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში რამდენიმე ძალადობრივი მოვლენა მოხდა: 1990-იანი წლების დასაწყისის სამოქალაქო ომი, შიდა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ბოლოს, 2008 წლის ომი რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები სახეზეა, ჩვენ იმ განცდით ვცხოვრობთ, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ – განცდა, რომ რაღაცები მუდმივად მეორდება და გამეორება ყოვლისმომცველია. თითქოს ყოველთვის ასე იყო და ვცხოვრობდით დროსა და სივრცის მუდმივ ტრანსფორმაციაში, ჩვენ ყველას განცდა გვაქვს, რომ დამანგრეველ დროებითობაში ვართ და გარდაუვალი მდგომარეობა მუდმივი გახდა. “ – ეს არის ტექსტის ნაწყვეტი ბიენალეს ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოფენიდან, რომელზეც ყველა ნამუშევარი ცდილობდა ჩაღრმავებას ან გარკვევას იმაში, რა ხდება ზედაპირს მიღმა, მოეყოლათ ამბები იმის შესახებ, რას ხედავენ და გრძნობენ იმ უზარმაზარ გაერთიანებაში, რასაც ქალაქი ჰქვია.

ერთი მხრივ, ეს მოცემულობა, სადაც უამრავი პრობლემა, სევდა, გამოუვალი მდგომარეობა და თავის დაღწევის მარადიული ვნება არსებობს და მეორე მხრივ, სურვილი, დაინახო ეს ყველაფერი, აღწერო და მასზე იმსჯელო, ალბათ უნდა გახდეს ბიენალეს წარმატების მთავარი ბიძგი.

პირველი ბიენალე დამთავრდა, მაგრამ მთავარი ალბათ სწორედ ახლა იწყება: დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების ქალაქისთვის სასარგებლოდ გამოყენების გზების ძიება, ახალი თემისა და ადგილის შერჩევა, სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ქალაქის მმართველობის ყურადღების მიქცევა და ათასი რამ, რაც საკუთარი საქმის პროფესიონალმა, ინიციატივის მქონე ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ კონკრეტულ სფეროში.
თბილისში კი გასაკეთებელი ბევრია, როგორც ბიანალემ გვითხრა, მხოლოდ ის შენობები, რომელსაც ვაშენებთ, არ კმარა.

ავტორი: ნასტასია არაბული


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან

ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან

ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან
არტარეაში გამართული გამოფენა და სიმპოზიუმი, ‘სხვა არქიტექტურა’, იყო თბილისში ერთწლიანი კვლევისა და პროექტირების კულმინაცია. ღონისძიების მიზანი იყო თავი მოგვეყარა სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც განიხილავდნენ ქალაქს და მის სხვადასხვა შესაძლო მომავალს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე - პროგრამის მიმოხილვა

თბილისის არქიტექტურის ბიენალე - პროგრამის მიმოხილვა

თბილისის არქიტექტურის ბიენალე - პროგრამის მიმოხილვა
სულ რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის ბიენალე (TAB) გაიხსნება გამოფენით, რომელიც გლდანის შუაგულში მდებარე ყოფილი КГБ’-ს, ამჟამად კი ტრანსპორტის ფედერაციის კუთვნილ შენობაში მზადების პროცესშია.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018
ბიენალემ თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ურბანულ და არქიტექტურულ საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.