fbpx
გააზიარე სტატია

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე (თაბ) 2017 წელს თინათინ გურგენიძის, ნათია კალანდარიშვილის, ოთარ ნემსაძის და გიგი შუკაკიძის ინიციატივით დაარსდა.
ჯგუფი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ბიენალემ თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ურბანულ და არქიტექტურულ საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ. ღონისძიების თემა ყოველ ჯერზე შეიცვლება და ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაინაცვლებს. ბიენალეს ამოცანაა თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება და უკვე არსებული კრიტიკული დისკურსის კიდევ უფრო გამყარება.

ყოველი ბიენალე განსხვავებული თემატიკით სხვადასხვა ადგილზე ჩატარდება. შესაბამისად, ნებისმიერ მათგანს ახალი კურატორი ეყოლება, რომელსაც კომპეტენციისა და კონკრეტული თემატიკის ცოდნიდან გამომდინარე შეარჩევენ.

 

რამ განაპირობა თბილისის არქიტექტურული ბიენალეს შექმნის იდეა?

არქიტექტურული და ურბანული საკითხების მიმართ არსებული კრიტიკული დისკურსის კიდევ უფრო გამყარებამ. არქიტექტურის სფეროში მსგავსი ღონისძიებების არარსებობამ.

წელს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს მთავარი აქტივობები გლდანში იგეგმება, რა ნიშნით შეირჩა ქალაქის ეს უბანი? რა განსაკუთრებული სოციალური ნიშნის მატარებელია ის?

ჩვენ გვსურდა ამ პირველი ღონისძიების დროს კონცენტრაცია არა ქალაქის ცენტრში, არამედ მის გარეთ ყოფილიყო. იმედი გვაქვს შევძლებთ ხალხის ნაკადის მოზიდვას გლდანში. გვინდა აქცენტი გავაკეთოთ ზოგადად პერიფერიებზე, სადაც კულტურული ღონისძიებები იშვიათად იმართება.

წლევანდელი, პირველი ბიენალეს თემაა “მხოლოდ შენობები არ კმარა”. შეგიძლიათ უფრო ვრცლად გვესაუბროთ ბიენალეს მთავარ სლოგანსა და მის კონცეფციაზე?

ადგილობრივ კონტექსტში თემა – „მხოლოდ შენობები არ კმარა“ ასახავს თბილისის განაშენიანების ქაოსურ განვითარებას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. ჩვენ გვსურს სიღრმისეულად შევისწავლოთ ზემოთ აღნიშნული ტრანსფორმაციის ხანა და გამოვიკვლიოთ, როგორ ხდება ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე,მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.

რა პრინციპით შეირჩნენ ქართველი თუ უცხოელი მოწვეული არქიტექტორები/ მკვლევრები/ ხელოვანები ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად?

თემიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მოვძებნეთ საინტერესო მკვლევრები, ხელოვანები, არქიტექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც არაფორმალური არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მრავალფეროვნებას განიხილავენ.
ნაწილი მონაწილეებისა ღია კონკურსის გზით შევარჩიეთ.

როგორია ბიენალეს გუნდის პოზიცია დღესდღეობით ქალაქის ურბანული განვითარების პროცესებთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, რა ფორმით დაეხმარება ბიენალე ამ საკითხის გარშემო კრიტიკული დისკურსების წარმართვას?

სწორედ ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე დავაარსეთ ეს ღონისძიება, დღევანდელ პროცესებს რეალობად და უდიდეს გამოწვევად აღვიქვამთ. ვთვლით, რომ სხვადასხვა საკითხის და პროცესის სიღრმისეული კვლევის გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი -ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკული დისკურსის განვითარებას.

 

 

როგორი იყო ბიენალეს მზადების სამუშაო პროცესი? რა სირთულეებთან მოგიხდათ გამკლავება?

სამუშაო პროცესი ურთულესია და იგი არ დასრულებულა – ახლა შედის კულმინაციაში.
უამრავ სირთულეს ვაწყდებით საჭირო თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. ამ პირველ ღონისძიებას აღვიქვამთ, როგორც გაკვეთილს ჩვენთვის და უფრო დიდი პროცესების საწყისს ეტაპს.

რა აქტივობები არ უნდა გამოვტოვოთ წლევანდელ ბიენალეზე?

ვფიქრობთ, ყველა აქტივობა საინტერესოა – განსაკუთრებით ვერც ერთს ვერ გამოვყოფთ. ზოგ მნახველს შეიძლება გარე ინსტალაციები აინტერესებდეს, ზოგს სიმპოზიუმზე დასწრება, ზოგსაც კი ალტერნატიულ ტურში მონაწილეობის მიღება.

გაიგეთ მეტი ბიენალეს შესახებ: http://biennial.ge/
ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში
თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შვეიცარიელი არქიტექტორების ცნობილი დუოს, “Herzog & de Meuron”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა
ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან

ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან

ინტერვიუ არქიტექტორ დავით გიორგაძესთან
აუცილებელია გარე სამყაროსთან და იქ მიმდინარე პროცესებთან კავშირი. იგულისხმება განვითარებულ ქვეყნებთან მეტი კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება -  დრო რომ არ დავკარგოთ ბორბლის თავიდან გამოგონებაში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.