fbpx
გააზიარე სტატია

ვინ არიან გორილას ნიღბებს ამოფარებული ქალები – Do women have to be naked to get into the museums?

თანამედროვე ხელოვნების სამყაროში რთულია დაიმკვიდრო სახელი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უმცირესობის წევრი ხარ. The Guerrilla Girls სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ არსებული უსამართლო რეალობა შეცვალოს. ამ დაჯგუფების წევრები არიან  არტისტი ქალები და აქტივისტები, რომლებიც 1984 წლიდან გამოჩნდნენ და დღესაც აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შეულამაზებელი ფაქტებით, დამაფიქრებელი, სარკასტული მესიჯებითა და ვიზუალებით გამოავლინონ ხელოვნების დარგებში არსებული სქესობრივი და რასობრივი დისკრიმინაცია. მათი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ რეალობის გამოაშკარავება, რომელიც ამ დარგებში სუფევს. რეალობა კი ასეთია: მსოფლიოს მუზეუმებისა და გამოფენების უდიდესი ნაწილი  უარს ამბობს ფერადკანიან ან უმცირესობის წევრ ხელოვან ქალებთან თანამშრომლობაზე.

“ჩვენ გვიკეთია გორილას ნიღბები საჯაროდ და ვიყენებთ ფაქტებს, იუმორსა და დამაფიქრებელ ვიზუალებს, რომ გამოვავლინოთ გენდერული და ეთნიკური დისკრიმინაცია  ხელოვნებაში, ფილმებსა და პოპ კულტურაში, ისევე როგორც კორუფციას ავლენენ პოლიტიკაში. ჩვენ ძირს ვუთხრით კონფორმისტულ ნარატივს მისი ქვეტექსტისა და უსამართლობის გამოაშკარავებით, – ვკითხულობთ the Guerrilla Girls-ის საიტზე, –  გვჯერა ინტერსექციური ფემინიზმის, რომელიც ებრძვის დისკრიმინაციას და მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს ყველა გენდერისთვის. უკვე შევქმენით 100-ზე მეტი პროექტი, პოსტერი და სტიკერი მსოფლიოს მასშტაბით.”

დაჯგუფების ჩამოყალიბების ბიძგი გახდა გამოფენა სახელწოდებით  International Survey of Painting and Sculpture, რომელიც 1984 წელს გაიმართა  MOMA-ში, ნიუ-იორკში.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ექსპერიმენტულ ხელოვნებაში 1970-იან წლებში ქალებს სუბსტანციური (დამოუკიდებელი) როლი ჰქონდათ, რომელიც უთანაბრდებოდა  კაცების როლს, მათი გამოჩენა მუზეუმებსა და გამოფენებში რადიკალურად შემცირებული ჩანდა. ამას ადასტურებს ისიც, რომ გამოფენაში მონაწილე 169 ხელოვანიდან, 10%-ზე ნაკლები  ქალი იყო. ამ ფაქტით აღშფოთებულმა არტისტმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ უსამართლობის საპასუხოდ ხმა აემაღლებინათ.

The Guerrilla Girls-ის დაჯგუფების წევრები საკუთარ იდენტობას გორილას ნიღბების ტარებით იცავენ. სახელებად კი ისეთი ცნობილი  ხელოვანი ქალების ფსევდონიმები აქვთ, როგორებიც იყვნენ მწერალი გერტრუდა სტაინი და მხატვარი ფრიდა კალო.

1985 წლიდან the Guerrilla Girls აქტიურ გამოსვლებს იწყებს  ხელოვნების სივრცეებში არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ მკაფიო პოსტერებითა და პირდაპირი მესიჯებით.

პოსტერები მიმართული იყო იმ მუზეუმების, გალერისტების, კურატორების, კრიტიკოსებისა და გამოფენების წინააღმდეგ, რომელთა “დამსახურებითაც” საზრდოობდა დისკრიმინაცია.

The Guerrilla Girls-მა ცნობილი ამერიკელი კონცეპტუალური არტისტების, ბარბარა კრუგერისა და ჯენი ჰოლზერის მსგავსად, აითვისა რეკლამის ვიზუალური ენა. ისინი პოსტერებითა და სტიკერებით აჭრელებდნენ სოჰოს ქუჩებს ღამღამობით, დილაობით კი მათი მესიჯები ხალხს ყველგან ხვდებოდა. ეს პოსტერები, ძირითადად, ვითარების ანალიზს წარმოადგენდა. The Guerrilla Girls-მა შექმნა ნიუ-იორკის მუზეუმების ჩამონათვალი, რომლებშიც 10%-ზე ნაკლები  ხელოვანი ქალი იყო წარმოდგენილი. აგრეთვე შეაგროვეს იმ არტისტი მამაკაცების სია, რომელთა ნამუშევრებიც გამოფენილი იყო ასეთ მუზეუმებში და გამოფენებზე.

სხვა ცნობილი პოსტერები, მაგალითად,  “ჩვენ ვყიდით თეთრ პურს” (1986), პირველად სტიკერების სახით გამოჩნდა გალერეების ფანჯრებსა და კარებზე.

the Guerrilla Girls-ის საკულტო პოსტერებისთვის დამახასიათებელი ირონია და გონებამახვილობა განსაკუთრებით ისეთ ნამუშევრებში გვხვდება, როგორიცაა “არტისტ ქალად ყოფნის უპირატესობანი”. ამ ნამუშევრით the Guerrilla Girls კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ორმაგ სტანდარტებსა და უთანასწორობას, რომელიც გამეფებული იყო ხელოვნების სამყაროსა და სხვა სფეროებში.

1987 წლის უიტნის ბიენალეზე, რომელიც უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა, The Guerrilla Girls აწყობს გამოფენას, რომელიც ააშკარავებს ამ მუზეუმის პათეტიკურ სტატისტიკას ქალებისა და ფერადკანიანების გამოფენებში მონაწილეობის შესახებ.

1989 წელს მათ შექმნეს ყველაზე ცნობილი პოსტერი კითხვით – “უნდა იყვნენ თუ არა ქალები შიშვლები, რომ მოხვდნენ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში?”. პოსტერი დაფუძნებულია ჟან-ავგუსტ-დომინიკ ინგრის  ცნობილ ნამუშევარზე – La Grande Odalisque, რომელიც ლუვრში ინახება. აქტივისტებმა ეშმაკური დიზაინი, სადაც ნახატზე შიშველ ქალს გორილას სახე აქვს, შემდეგი სტატისტიკის საილუსტრაციოდ გამოიყენეს:

“თანამედროვე ხელოვნების სექციებში არტისტი ქალების 5%-ზე ნაკლებია  წარმოდგენილი, მაგრამ როცა საქმე ნიუებს, ანუ შიშველ სხეულებს ეხება, მათი 85% ქალია”.

პოსტერი თავდაპირველად  შექმნილი იყო ბილბორდისთვის – Public Art Fund in New York-ის დაკვეთით, მაგრამ შემდეგ ის უარყვეს იმ მიზეზით, რომ არ იყო საკმარისად მკაფიო, რაც ცოტათი ირონიულიც კია.

1990 წელს the Guerrilla Girls ქმნის პოსტერს –  GUERILLA GIRLS’ POP QUIZ.

ეს პოსტერი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ისეთი უნივერსიტეტების კამპუსებში, სადაც აფრო-ამერიკელებისა და ქალების არტ შოუები მხოლოდ თებერვალსა და მარტში იმართებოდა (თებერვალი შავკანიანების ისტორიის თვეა, მარტში კი ქალთა საერთაშორისო  დღე).

1992 წელს, როდესაც გუგენჰაიმის მუზეუმი ფილიალს ხსნის SoHo-ში, გამოფენებში არ იწვევს არც ერთ ფერადკანიან  და არტისტს ქალს.

როგორც მოსალოდნელი იყო, the Guerrilla Girls ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და მზადაა ახალი, თამამი ნაბიჯებისთვის. ქალთა მოქმედების კოალიციასთან (WAC) თანამშრომლობით, ისინი იწყებენ საფოსტო ბარათების კამპანიას. ბარათებზე წერილების სახით წერენ სასტიკ ამბებს და ააშკარავებენ დისკრიმინაციის ფაქტებს, შემდეგ კი ათასობით ასეთ ბარათს ყრიან მუზეუმის დირექტორის, თომას კრენსის სამუშაო მაგიდაზე, რათა თვალები აუხილონ მას.

გუგენჰაიმის მუზეუმის გახსნის დღეს WAC  იწყებს ხმაურიან პროტესტს მუზეუმის წინ. ისინი გამოფენაზე მისულ ხალხს ურიგებენ გორილას ნიღბებს, რომ ექსპოზიციის დათვალიერებისას  გაიკეთონ. ეს იყო შთაგონებული ხუმრობით – თავზე ქაღალდის პარკის წამოცმა ყველა ქალს ერთნაირს გახდის. ხალხმა პროტესტის ეს ფორმა აიტაცა და ამ პრესტიჟულ გამოფენაზე ადამიანები დადიოდნენ გორილას ნიღბებით, რომლებიც ერთი მოტივით, უსამართლობასთან ბრძოლის სურვილით გაერთიანდნენ.

 

1994 წელს გამართულ ხელოვნების კოლეჯის ასოციაციის კონფერენციებზე ხელოვნების პროფესორები გამოკითხვებს ატარებდნენ და the Guerrilla Girls-ის აქტივისტები ფლაერებს არიგებდნენ. ამ ფლაერებით მათ  გაახმაურეს ის ფაქტი, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ამერიკაში ხელოვნების სტუდენტების უმრავლესობა იყო ქალი, თუმცა უნივერსიტეტის პერსონალის უაღრესად დიდ ნაწილს მაინც მამაკაცები შეადგენდნენ.

1997 წელს MoMa-ს კურატორი მარგარეტ როუელი ნიუ-იორკში ატარებს შოუს სახელწოდებით “სურვილის ობიექტები: თანამედროვე ნატურმორტები.” გამოფენაზე კიდევ ერთი უსამართლობა იჩენს თავს, მარგარეტი თითქმის სრულად უარყოფს  არტისტი ქალების არსებობას. ეს ფაქტიც არ რჩება უპასუხოდ და the Guerrilla Girls-ის მხარდამჭერები ათასობით წერილს უგზავნიან მარგარეტს ირონიული მოთხოვნით, რომ შოუსთვის სახელი შეეცვალა და “MOMA-ს სურვილის ობიექტები კვლავ თეთრი მამაკაცები არიან” დაერქმია. ამ აქტის შემდეგ ყველა მიმოხილვა, რომელიც გამოფენის შესახებ დაიწერა, მარგარეტის დისკრიმინაციულ მეთოდებს ეხებოდა.

 

2014 წელს the Guerrilla Girls-ს ფარელ უილიამსი იწვევს პარიზში, პეროტინში, თავის გამოფენაზე  სახელწოდებით G I R L. ისინი დათანხმდნენ ფარელს და მოითხოვეს, რომ გამოფენაზე მათი ახალი პოსტერებიც გამოეფინათ.

მრავალი მუსიკალური ვიდეოს ნახვის შემდეგ the Guerrilla Girls-ს გაუჩნდა კითხვა ფარელთან:  “შეიძლება თუ არა  შიშველი ქალები მოხვდნენ მუსიკალურ ვიდეოებში, როდესაც მამაკაცების 99% ჩაცმულია?”. The Guerrilla Girls-მა მათი საიმიჯო პოსტერი გადააკეთა და კომპოზიცია Blurred Lines-ის მუსიკალური ვიდეოდან ჩასვა ნაწილი, რომლის ერთ-ერთი შემსრულებელიც ფარელია. ეს ვიდეო, სადაც უამრავი შიშველი ქალი და კოსტიუმებში გამოწყობილი კაცები მონაწილეობენ,  რეალობის ნათელი მაგალითია.

2018 წელს the Guerrilla Girls-მა ბანკოკის ბიენალეზე წარადგინა ახალი ნამუშევრები.

3 ways to write a museum wall label when the artist is a sexual predator – ეს ირონიული ნამუშევარი იმ მუზეუმების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული მამაკაცების შემოქმედებას  წარადგენდნენ.

If you keep women out, they get resentful –  კონფუცის ეს ციტატა კი იმის სადემონსტრაციოდ გამოიყენეს, თუ რამხელა ძალა აქვთ არტისტ ქალებს, რომელთა ნამუშევრებსაც ხშირად უგულებელყოფენ.

იხილეთ the Guerrilla Girls-ის სხვა ნამუშევრები აქ

The Guerrila Girls აგრძელებს უმცირესობის წარმომადგენელი არტისტების დახმარებასა და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.  მათი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, რთულია ამ უსამართლობასთან ბრძოლის სურვილის ნაპერწკალი არ გაგიღვივდეს.

ავტორი: ანო ნეფარიძე


რეკომენდებული სტატიები
ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები
„იყო შემოქმედებითი ნიშნავს - ყოველთვის შეგეძლოს ხალხის გაოცება იმით, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს“ - ჰაჯიმე სორაიამა
უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი
„მე მინდა გადავიღო ფოტო, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს, იმის მიუხედავად, რა არის გამოსახული მასზე. გადაღების პროცესში არასდროს ვფიქრობ, რას ვუღებ ფოტოს, ბლუზის მუსიკოსს თუ უბრალოდ ქუჩის კუთხეს“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.