fbpx
გააზიარე სტატია

როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და გავრცელებული, ლეგენდარული ბენდის, როლინგ სტოუნზის „ენისა და ტუჩების“ ლოგო უკვე 40 წელია თამამი ამბოხის სიმბოლოდ მიიჩნევა.

1969 წელს ტურნეს პოსტერის ძიებაში, ხმის ჩამწერი სტუდიის ნამუშევრებით იმედგაცრუებული მიკ ჯაგერი ლონდონის ხელოვნების კოლეჯს მიადგა იმ იმედით, რომ რომელიმე სტუდენტი სასურველ იდეას შესთავაზებდა. სწორედ ამ დროს მან გაიცნო ჯონ პაში, 24 წლის კურსდამთავრებული, რომელსაც ჯაგერმა ტურნეს პოსტერის გაკეთება დაავალა. ევროპის ტურნეს პოსტერზე კრუიზი და ავტომობილი იყო გამოსახული. დასრულებული ნამუშევრით აღფრთოვანებულმა ჯაგერმა პაშს სტუდიური ალბომის ლოგოს დიზაინის შექმნაც სთხოვა.

„მიკი გატაცებული იყო ინდუისტური ქალღმერთით, კალით, რომელსაც ფოტოზე ენა ჰქონდა გამოყოფილი, მომიტანა და მითხრა, რომ მისი მსგავსი რამ გამეკეთებინა.“ – ამბობს ჯონ პაში.

არტისტმა ორ კვირაში დაასრულა ნამუშევარი და კუთვნილი 50 ფუნტიც მიიღო.
„მინდოდა ნამუშევარი ანტიავტორიტეტული და თან პროვოკაციული გამოსულიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ენისა და ტუჩების იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯაგერს პირველად შევხვდი სტოუნზის ოფისში. მისი ნახვისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ფართო პირი და დიდი ტუჩებია“, – აღნიშნავს პაში.

ლოგო პირველად 1971 წლის ალბომის – Sticky Fingers-ის ყდის შიდა მხარეს გამოჩნდა და მას შემდეგ ბენდის მთავარი მახასიათებელია. სტოუნზის მიერ ლოგოზე საავტორო უფლებების დამტკიცების შემდეგ, პაშიმ უფლებების წილი მიიღო და როგორც ყველა გენიალური ნამუშევარი, ისიც აღიარებულია. ლოგოს ორიგინალი ჩანახატი 2008 წელს ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა 92 500 დოლარად შეიძინა.

ჯონ პაშის თქმით, ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ბენდი ლოგოს ამდენი ხნის მანძილზე გამოიყენებდა. „მე მაინც გაოცებული ვარ ნამუშევრის პოპულარობით. დღემდე ვიღებ ხალხისგან წერილებს ტექსტით: „ახლა გავიკეთე მხარზე ტატუ როლინგ სტოუნზის ლოგოთი“.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის სახლში მოიძებნება ერთი ბავშვობისდროინდელი პოსტერი ან მაისური ამ ლოგოთი, რომელიც არც გახსოვთ, საიდან მოხვდა თქვენთან, მაგრამ გირჩევთ, რომ დაიტოვოთ და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოთ.

ავტორი: თათუ ავალიშვილი


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან
ახლახან გაჩას ალბომი World Color – დღესდღეობით ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მუსიკალურმა პლატფორმა Pitchfork-მა 2018 წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების გვერდით გამოაქვეყნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.