fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის დედაქალაქს ხშირად ბარსელონაში სტუმრობას ამჯობინებენ, მადრიდი სავსეა საინტერესო და აღმოსაჩენი ადგილებით.  ესპანური მზით გაჟღენთილ ქალაქში სახელგანთქმული მუზეუმები, ისტორიული ტაპას ბარები, ვინტაჟის მაღაზიები და კონცეპტ-შოპები სალამანკას უბნიდან ურბანულ მალაზანამდე სეირნობისას მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ. ჟურნალი Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მადრიდის გზამკვლევს.

 

მუზეუმები:

პირველ რიგში მადრიდში სტუმრობისას მუზეუმების მონახულებას გირჩევდით, რადგან ეს ქალაქი ცნობილია ხელოვნებისადმი სიყვარულით, მადრიდის ყველაზე სახელგანთქმული მუზეუმიდან ოთხივე – Museo National del Prado,  Thyssen-Bornemisza, Museo Centro de Arte Reina Sofia და Caixa Forum – ერთ უბანში, Paseo Del Arte-შია კონცენტრირებული, რაც ხელოვნების მოყვარულთათვის ქალაქს განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.

 

Museo National del Prado

წელს პრადოს მუზეუმი 200 წლის იუბილეს აღნიშნავს. მადრიდის გზამკვლევში პრადოს მუზეუმს ალბათ პირველ ადგილს მივანიჭებდი, რადგან პირადად ჩემთვის შეუძლებელია, ქალაქში სტუმრობისას მას გვერდი ავუარო. მუზეუმის კოლექციაშია სხვადასხვა სტილისა და დროის პერიოდის მხატვრობა და სკულპტურა. პრადოს მუდმივ ექსპოზიციაში შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ცნობილი ევროპელი ფერმწერები, როგორებიც არიან: ელ გრეკო, ველასკესი, ტიციანი, ფრა ანჟელიკო, ბოსხი…. თუმცა გირჩევდით, რომ აუცილებლად მოგენახულებინათ გოია – მუზეუმის ქვედა სართულზე.

ხელოვნების ნიმუშების ასეთი დიდი კოლექციის გამო Prado-ს მუზეუმში შესვლისას დრო  მნიშვნელობას კარგავს და ხვდები, რომ შეგიძლია აქ დღეები ისე დაყო, ვერც მიხვდე.

 

მისამართი: Calle Ruiz de Alarcón 23

ბილეთის ფასი: 15 ევრო

 

Thyssen-Bornemisza 

მუზეუმი ინახავს მე-13 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით შექმნილ ათასამდე ნამუშევარს. გარდა იმისა, რომ კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ სტილს მოიცავს – რენესანსს, ბაროკოს, როკოკოს, იმპრესიონიზმსა და თანამედროვე ხელოვნების ნაზავს – აქ ასევე ხშირად ეწყობა საინტერესო დროებითი გამოფენები. ამჯერად, 18 ივნისიდან 22 სექტემბრამდე, მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ კრისტობალ ბალენსიაგას შემოქმედების ნიმუშები  მე-16 – მე-20 საუკუნების ესპანელი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.

 

მისამართი: Paseo del Prado, 8

ბილეთის ფასი: 13 ევრო

 

Caixa Forum

 

კაიშა ფორუმი მუზეუმის გარდა სოციოკულტურული სივრცეა, რომელიც გარდა გამოფენებისა, ხშირად მასპინძლობს პოეზიისა და მუსიკის ფესტივალებს, სხვადასხვა ვორქშოპებსა და ლექციებს. ასევე მნიშვნელოვანია კაიშა ფორუმის არქიტექტურა, რის გამოც მუზეუმი მადრიდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა, ყოფილმა ელექტროენერგიის სადგურმა შვეიცარიელი არქიტექტორების – ჰერცოგ & დე მეურონის რენოვაციის წყალობით მუზეუმის ფუნქცია შეიძინა, შენობის კედელზე კი ულამაზესი ვერტიკალური ბაღი   ფრანგ ბოტანიკოსს, პატრიკ ბლანს ეკუთვნის. 

 

მისამართი: Paseo del Prado, 36

ბილეთის ფასი – 4 ევრო

 

Museo Reina Sofia

ხელოვნების მოყვარულებს ვურჩევდი აუცილებლად გადაედოთ ერთი დღე რაინა სოფიას მუზეუმის მოსანახულებლად. მუზეუმის კოლექციის ყველაზე დიდი ნაწილს პაბლო პიკასოს და სალვადორ დალის ნამუშევრები წარმოადგენს. მუზეუმის ყველაზე განთქმული ნამუშევარი კი სწორედ პაბლო პიკასოს „გერნიკაა“. ასევე კოლექციაში შეხვდებით მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან არტისტებს.

მუზეუმის დამატებით  მიშენებაში, რომელიც ფრანგი არქიტექტორის, ჟან ნუბელის მიერაა შექმნილი, არქიტექტორის სახელის მატარებელი რესტორანი მდებარეობს, გამორჩეული ინტერიერის დიზაინით. აუცილებლად გირჩევდით შევლას “ნუბელში” და იქაური ტკბილეულის დაგემოვნებას.

 

მისამართი- Calle de Santa Isabel, 52

ბილეთის ფასი – 15 ევრო

 

ფესტივალები

 

Mad Cool Festival

მუსიკის მოყვარულებს გირჩევთ Mad cool festival-ზე წასვლას. ეს მუსიკალური ფესტივალი წელიწადში ერთხელ ტარდება და მადრიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალს წარმოადგენს. 11-დან 13 ივლისამდე თქვენ შეძლებთ ისეთი არტისტების მოსმენას, როგორებიც არიან: Lauryn Hill, Iggy Pop, Vampire Weekend, the chemical brothers, empire of the sun, mall grab, cat power და ა.შ.

 

PHotoESPAÑA Madrid 2019

ყოველწლიური ფოტოფესტივალი მადრიდში ზაფხულობით ტარდება. ფესტივალი ვიზუალური ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და მასში თითქმის ყველა გალერეა მონაწილეობს. წელს ფესტივალი 5 ივნისიდან 1-ლ სექტემბრამდე გასტანს და მასში 296 არტისტი მიიღებს მონაწილეობას.  ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ისეთი არტისტების ნამუშევრების ხილვა, როგორებიც არიან – რობერტ მაპლტროპი გამოფენით: Still life, 6 ივნისიდან 13 ივლისამდე, Elvira González Gallery-ში (მისამართი: CalleHermanos Alvárez Quintero, 1),  Players. Magnum photographers come out to play, 9 მაისიდან 22 სექტემბრამდე გალერეაში: Espacio Telefónica Foundation (CalleFuencarral, 3), ამავე გალერაში ასევე შეგეძლებათ იხილოთ William Klein, Manifesto 7 ივნისიდან 22 სექტემბრამდე. 

 

 

სასტუმროები

URSO Hotel & SPA

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო  URSO მადრიდის ორი ყველაზე ტრენდული უბნის, მალაზანასა და ჩუეკას კვეთაზე მდებარეობს. გარდა ადგილმდებარეობისა, სასტუმროს დიზაინიც დიდ ყურადღებას იპყრობს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობა არქიტექტორმა ანტონიო ორაზარმა გარდაქმნა, შენობის ფასადში ავთენტური ელემენტების შენარჩუნებით. სასტუმროს ასევე აქვს სპა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მადრიდის ცენტრში დაისვენოთ.  URSO-ს სპა გამორჩეულია იმით, რომ მხოლოდ ორ კოსმეტოლოგიურ ბრენდს გთავაზობთ: Natura Bissé-სა და Sisley Paris-ს. სასტუმროში არსებული რესტორანი The Conservatory, რომლის სახურავიც ვიტრაჟებით არის გაწყობილი, იდეალური ადგილია მადრიდის ცის ქვეშ სასადილოდ ნებისმიერ ამინდში.

 

Totem Madrid

სასტუმრო Totem-იც მადრიდის ურბანულ ნაწილში, სალამანკაში მდებარეობს, რომელიც უნიკალური ვინტაჟური და ესპანელი დიზაინერების მაღაზიების გამო საუკეთესო უბანია შოპინგის მოყვარულთათვის. მინიმალისტური დიზაინის სასტუმრო, რომელიც მე-19 საუკუნის შენობაშია განთავსებული, ასევე ძალიან საინტერესო concept ბარ-რესტორანს ფლობს, რომლის სახელიც და კონცეფციაც ფიცჯერალდის რომანიდან – „ლამაზი და დაწყევლილიდან“ იღებს შთაგონებას.

 

Vincci The Mint

გარდა განსაკუთრებული დიზაინისა, სასტუმროს მთავარ ღირსშესანიშნაობას ტერასა განაპირობებს, რომლიდანაც მადრიდის პანორამული ხედი იშლება. სასტუმრო ასევე საინტერესო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებსაც “ჩექ ინის” გაკეთება არატრადიციულად სასტუმროს ბარში შეუძლიათ, რომელიც ასევე ითავსებს რეცეპციასაც.

 

Only YOU Hotel

ჩუეკას უბანშია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილია მადრიდში, განთქმული ღამის ცხოვრების მრავალფეროვნებით, რითაც სასტუმრო საუკეთესო არჩევანია ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. გარდა ადგილისა,  სასტუმრო გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით – მე-19 საუკუნის შენობა გარდაქმნილია ურბანული, ინდუსტრიული და ბოჰემური დიზაინის მიქსად.

 

Icon Wipton by Petit Palace

გამორჩეული დიზაინის სასტუმრო მადრიდის წყნარ უბანში, სალამანკაში მდებარეობს. მისი თითოეული ნომერი განსხვავებული დიზაინისაა და არ მეორდება.   

 

Hotel Urban

მადრიდის ცენტრში მდებარეობს, ახლოს ქალაქის ორ მთავარ ღირსშესანიშნაობასთან – ტისენის გალერეასა და სოლის მოედანთან. ურბანი ასევე გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით, თუმცა რაც სასტუმროს ნამდვილად განსხვავებულს ხდის, ეს ეგვიპტური მუზეუმია, რომელიც სასტუმროში მდებარეობს. არტეფაქტების მუდმივი კოლექცია  პაპუა ახალი გვინეადან და ეგვიპტიდან სასტუმროს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

 

Silken Puerta America

დიზაინის მხრივ ალბათ ყველაზე გამორჩეული სასტუმროა ესპანეთში. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს შექმნაში 19 არქიტექტორი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის –  ზაჰა ჰადიდი, ჟან ნუველი და ნორმან ფოსტერი. თითოეულ ოთახს განსხვავებული დიზაინი აქვს, სხვადასხვანაირი მასალითა და ფორმებითაა შექმნილი. სასტუმროს ტერასა კი მადრიდის პანორამული ხედით დამსვენებლისთვის იდეალური ადგილია განსატვირთად.

 

მაღაზიები:

Amen Concept Store

Amen-ის კონცეპტუალური მაღაზია გამოირჩევა ნივთების ეკლექტური სელექციით – აქ თქვენ იპოვით იაპონურ ტკბილეულს, ვინილის კოლექციასა და 3D პრინტერით შექმნილ სამკაულს.

Amen-ში ასევე ხშირად ეწყობა მუსიკალური საღამოები და ვორქშოპები, ამიტომ მადრიდში ყოფნისას გირჩევთ თვალი ადევნოთ მაღაზიის სოციალურ მედიას.

მისამართი: Calle de San Andrés, 3

 

El Paracaidista

ისტორიულ შენობაში განთავსებული El Paracaidista სამ სართულს მოიცავს, აქ თქვენ იპოვით  ყველაფერს – ესპანელი დიზაინერების სამოსის სელექციას, გაჯეტებს, დეკორაციებს, კინოსა თუ ბარს ტერასით, საიდანაც მადრიდის ხედი იშლება. El Paracaidista-ში ასევე ხშირად ეწყობა სხვადასხვა მიმართულების არტისტების გამოფენები, რაც სივრცეს სხვა კონცეპტუალური მაღაზიებისგან გამორჩეულს ხდის.

მისამართი:  Calle de la Palma, 10.

 

Foot district

Foot district-ის მონახულება მხოლოდ ფუტურისტული დიზაინის ნახვადაც ღირს. აქ თქვენ აღმოაჩენთ  ფეხსაცმლის ყველაზე დიდ კოლექციას, რომლითაც ცნობილია ეს მაღაზია. 

მისამართი:  Calle de Valverde, 35

 

Ekseption

Ekseption-ის შოურუმი გთავაზობთ ნიშური ბრენდებისა და დიზაინერების ფართო არჩევანს, მაღაზიის კოლექცია მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Celine, Balenciaga, Alexander Wang, Jaqcuemus, The Row.  Ekseption-ში არტ ობიექტებისა და კერამიკის უნიკალური სელექციაა.  

მისამართი: Calle de Velázquez, 28

 

პარკები:

El Retiro Park

El Retiro მადრიდში ყველაზე დიდი პარკია, მე-19 საუკუნემდე ის მონარქთა მფლობელობაში იყო, მიუწვდომელი საზოგადოებისთვის, თუმცა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. პარკი განთქმულია Palacio de Cristal-ით, რომელიც არქიტექტორმა Ricardo Velázquez Bosco 1887 წელს ააშენა. Palacio de Cristal საგამოფენო სივრცეა, სადაც თანამედროვე ხელოვნების გამოფენები იმართება რეინა სოფიას მუზეუმის ორგანიზებით.

 

Jardines de Sabatini

ნეო-კლასიკურ სტილში დაპროექტებული ბაღები სამეფო სასახლის ნაწილია და საუკეთესო ადგილია მზის ჩასვლის სანახავად. ბაღები იტალიელი არქიტექტორის,  ფრანჩესკო საბატინის სახელს ატარებს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეფო სასახლის დაპროექტებაში. საბატინის ბაღებში ასევე ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები – გამოფენები, მუსიკალური საღამოები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ასევე ფლამენკოს ღამეები.

 

Royal Botanical Gardens

მადრიდის სამეფო ბოტანიკური ბაღები პრადოს მუზეუმის წინ მდებარეობს და საუკეთესო ადგილია მუზეუმის მონახულების შემდეგ განსატვირთად. ბოტანიკური ბაღი 8 ჰექტარს მოიცავს და დაყოფილია ტერასებად და ორანჟერეებად.  ბაღები 1755 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა დღევანდელი იერსახე 1774 წელს მიიღო, როცა არქიტექტორებმა – ფრანჩესკო საბატინიმ და ხუან ვილანუევამ ბაღებს ტერასები შემატეს.

 

Cafes & Bars & Restaurants

Sala Equis

მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც რენოვაციამდე მადრიდის ერთადერთი ეროტიკული ფილმებისთვის განკუთვნილი კინოთეატრი იყო. ახლა მე-19 საუკუნის ისტორიული შენობა ოთხ სივრცედაა დაყოფილი და კაფეს, კინოთეატრს, ბარსა და ვორქშოპებისა და ლექციებისთვის განკუთვნილ აუდიტორიას იტევს. კინოთეატრს ძველი ფილმების საინტერესო სელექცია აქვს და აუცილებლად გირჩევდით მის მონახულებას საღამოობით.

მისამართი: Calle del Duque de Alba, 4

 

Swinton & Grant

მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც café-სთან ერთად  იდეალურია სამუშაოდაც, რადგან coworking სივრცესაც მოიცავს. Café-სთან ერთად Swinton & Grant

 გთავაზობთ არტ გალერეასაც და წიგნების მაღაზიასაც, რის გამოც აქ ხშირად შეხვდებით მადრიდის სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს.

მისამართი: C. Miguel Servet, 21

 

ავტორი: სოფო ბუჯიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისიდაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. სწორედ ნინო გახლავთ ჩვენი მასპინძელი ხელოვნების, მოდის და სიყვარულის ქალაქში - პარიზში
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.