fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძესთან

ვაჟა მიქაბერიძე, იგივე პრასტო, იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეა, რომელსაც თბილისში LUSIGNAN FOUNDATION-ის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ახლად გახსნილი სკულპტურა –  N’UOVO ეკუთვნის. აბსტრაქტული კომპოზიცია პოზიტიური ენერგიის, სიმშვიდის, სიახლისა და მომავლის სიმბოლოს გამოხატავს. ნამუშევრების სერია, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს, ხელოვანის გამოფენის “ეკვილიბრიუმის” ქვეშ ერთიანდება, რომელიც სააღდგომო თემატიკას ეხმიანება.  პრასტო ორი ცნობილი ქანდაკების ავტორია, რომელთაგან ერთ-ერთი – ნიკო ფიროსმანი – მირზაანში დგას, ხოლო მეორე – სერგო ფარაჯანოვი – თბილისში, ბამბის რიგში.
Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს პრასტოსთან, რომელიც ქანდაკების გახსნის ცერემონიისთვის თბილისში ჩამოვიდა. 


როდის და როგორ აღმოაჩინეთ ინტერესი ხელოვნებისადმი, კერძოდ კი ქანდაკებისადმი?

ბავშვობიდან ვძერწავდი, მერე ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში და იქიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრება ქანდაკებას და მის ექსპრესიულობას დავუკავშირე. 

თქვენი პირველი ნამუშევარი…

უფრო ფიგურულ ნამუშევრებს ვქმნიდი ბავშვობაში, თუმცა რომელიმე კონკრეტულს ვერ ვიხსენებ. როდესაც მამაჩემის მეგობრები მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად, მათ პორტრეტებს ვძერწავდი და მახსოვს, ძალიან მოსწონდათ.

რას ნიშნავს თქვენი ზედმეტსახელი Prasto? 

Prasto არის ალბათ ადვილი ადამიანი…. და მოდი, დავტოვოთ ანონიმურად. 

რა არის თქვენი შთაგონების ძირითადი წყარო?

პირველ რიგში, ალბათ ბუნება, ზღვა, მთები, ტყე და ასევე სხვადასხვა მოქანდაკეები, რომელთა შემოქმედებაც ძალიან მიყვარს – ნაუმ გაბო, ნოგუჩი… 

არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული თემები ან გზავნილები, რაც თქვენს ნამუშევრებში ირეკლება?

ფორმა, რომელსაც ვიყენებ, იმდენად ჩემი გახდა, რომ ვეღარ ვეშვები. ასე გამოდის, ბუნებრივად. პირველად 1993 წელს შევქმენი ამ ფორმის ნამუშევარი და შემდეგ, როდესაც იტალიაში წავედი, ვცადე სხვადასხვა მასალის გამოყენება. ისე მოხდა, რომ თითქოს ეს ფორმა ჩემს სავიზიტო ბარათად გადაიქცა, თუმცა ფიგურულ ქანდაკებებსაც იხილავთ ჩემს შემოქმედებაში. 

სამხატვრო აკადემიის შემდეგ სწავლობდით რიაჩის აკადემიაში, ფლორენციაში. მოგვიყევით ამის შესახებ… 

სამხატვრო აკადემიაში ძირითადად თეორიული ცოდნა მივიღე ჩემი პროფესიის კუთხით, ხოლო იტალიაში მასწავლეს, თუ როგორ შეიძლებოდა თეორია პრაქტიკაში გამომეყენებინა. ვითვისებდი სხვადასხვა მასალებს და ამ მხრივ იქ ბევრად დავიხვეწე.

რას ნიშნავს იყო მოქანდაკე ციფრულ საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება? 

ვფიქრობ, უნდა ეცადო, არ მოექცე გავლენის ქვეშ. მნიშვნელოვანია გქონდეს არჩეული შენი მიმართულება, აკეთო საყვარელი საქმე და ტექნოლოგიები შენს სასიკეთოდ გამოიყენო. 

გახსოვთ თუ არა ყველაზე დიდი გამოწვევა, სირთულე, რასაც გადაწყდომიხართ, როგორც მოქანდაკე?

სირთულეები თანამდევი პროცესია. არ არსებობს რაიმეზე მუშაობა დაიწყო და არ შეფერხდე. იცვლება ყოველი დღე, ვიცვლები მეც და ერთნაირი პერსპექტივით ყოველთვის ვერ უყურებ ნამუშევარს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია დაისვენო მუშაობისას და ძალიან არ გადაიტვირთო. ჩემზე დაღლა უარყოფითად მოქმედებს, როდესაც წყნარად ვარ, პროცესიც უფრო სასიამოვნოა და შეცდომებიც ნაკლებია. 

როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს, როგორ აუხსნიდით თქვენს შემოქმედებას მას, ვისაც ის არასდროს უნახავს?

ძალიან მიყვარს მუშაობა, ამ დროს ყოველთვის ვპოულობ რაღაც ახალ გზებს. ვფიქრობ, რაიმე ერთი სტილი არ მაქვს, არ მივყვები ერთ მიმდინარეობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიპოვო ის ფორმა, რაც ეხმიანება ნამუშევრის იდეას და გამოვხატო მაქსიმალურად პროფესიონალურად.

რა ემოცია გინდათ იგრძნოს თქვენი ნამუშევრების დამთვალიერებელმა?

Bellissimo… ეს ხუმრობით. ქანდაკებაში მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ სილამაზეს, დახვეწილობას, სისუფთავეს და პროფესიონალიზმს. მინდა, რომ დამთვალიერებელი აღფრთოვანებული დარჩეს  ჩემი ნამუშევრის ნახვის შემდეგ. 

რამდენიმე დღის წინ თბილისში თქვენი სკულპტურა გაიხსნა, რომელიც სრულიად განსხვავდება თუნდაც ფარაჯანოვის ქანდაკებისგან. რა არის ამ პროექტის ძირითადი იდეა და შინაარსი? 

ამ ქანდაკებაში ფორმა მინიმალისტურია, რომლის მეშვეობითაც გამოიხატება სხვადასხვა სახის ექსპრესია. ქანდაკებაში მნიშვნელობას ვანიჭებ ბალანსს და წონასწორობას, რითაც გარკვეული ეფექტი იქმნება. რაც შეეხება ფიგურულ ნამუშევრებს, ის არის აბსოლუტურად გამოძერწილი შემოქმედება, თითის ანაბეჭდებიც კი ეტყობა. ეს სკულპტურა, რაც თბილისში გაიხსნა, არის ერთგვარი ცხოვრებისა და მომავლის სიმბოლო. სამი წლის წინ იტალიაში,  La Versiliana-ს პარკში, ქარიშხლის გამო ათასობით ხე განადგურდა და ამის შემდეგ N’UOVO გახდა ის ნამუშევარი, რომელმაც თავისი ადგილი სწორედ ამ პარკში დაიმკვიდრა. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ქანდაკება გარკვეულწილად პოზიტიურ ენერგიასთანაც ასოცირდება, მაშინ უამრავი ადამიანი მოდიოდა, ვარჯიშობდა იოგას, ტაიჩის, ბავშვებიც ერთობოდნენ. ამიტომაც გავბედე, რომ თბილისში ჩამომეტანა და ქალაქისთვის მეჩუქებინა. 

ეს სკულპტურა რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა მისი ხასიათი?

ალბათ, მშვიდი, სუფთა, ბრძენიც…

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისა და მისი ისტორიის გათვალისწინება, როდესაც სკულპტურას კონკრეტული ქალაქისთვის ქმნით?

ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეც ბევრს ვფიქრობდი. ამ შემთხვევაში ეს ოვალური ფორმა საკმაოდ კონტრასტულია ოთხკუთხედი შენობების ფონზე და მისი მოძრავი ხასიათიც უფრო შთამბეჭდავს ხდის. 

თქვენი საყვარელი ნამუშევარი?

ბევრია, თუმცა ახლა ისამუ ნოგუჩის “ფანტანი” მახსენდება. მიყვარს ასევე ნაუმ გაბოს “სფერული ფორმები”, კოლდერის  – Mobile. 

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ვარ ბუნებაში. იტალიაში, ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, “მოქანდაკეების ქალაქს” ეძახიან, იქ ყველაფერია – ზღვაც და მთაც. 

სამომავლო გეგმები …

ამჟამად მაქვს რაღაც პროექტები, რომლებზეც ვმუშაობ. მალე შეიძლება დიდი ქორეოგრაფის, მიხელ ფოკინის ქანდაკებაც იხილოთ ჩემი შესრულებით. ასევე დიდი სურვილი მაქვს აქ ვიმუშაო და ჩავერთო ქალაქის ესთეტიკური მხარის განვითარებასა და დახვეწაში. 

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.