fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელ დირექტორ ვალერი ჩეხერიასთან

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

 

თქვენი პროექტებისთვის  ირჩევთ ისეთ შენობებს, რომლებსაც კულტურულად საინტერესო ისტორია აქვთ. მაგალითად, ჰოსტელი ფაბრიკა, Rooms, Stamba. შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ არჩევანზე?

ყოველთვის, როდესაც  პროექტს ვირჩევთ, განვიხილავთ იმ ადგილს ან კურორტს, რომელიც ჯერ არ არის ათვისებული და ვცდილობთ ტერიტორიას შევუნარჩუნოთ ავთენტურობა. ასევე ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები განვავითაროთ ისტორიულად და ბუნებით გამორჩეულ ადგილებში. შემდგომ უკვე შენობას და ადგილს მივყავართ კონცეფციამდე. ჩვენ ვაცოცხლებთ შენობის ისტორიას და ესთეტიკას, რაც დიზაინსა და არქიტექტურაში აისახება.  

განსაკუთრებული მომენტი “აჭარა ჯგუფის” ისტორიაში…

ცოტა ხნის წინ  AHEAD Europe Awards-ზე, ლონდონში, სასტუმრო “სტამბას” მიენიჭა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – წლის საუკეთესო ახალი კონცეფცია. ამით საქართველომ მოიპოვა კიდევ უფრო დიდი აღიარება, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის წარმოჩენას საზღვრებს გარეთ.

 

რას გვეტყვით  Ahead Global Awards 2019-ზე მონაწილეობაზე და როგორ შეიძლება ჩვენ, გულშემატკივრებმა მხარი დაგიჭიროთ გამარჯვებისთვის?

Ahead Europe Awards-ზე გამარჯვების შედეგად სასტუმროსტამბაგახდა უფრო მასშტაბური AHEAD Global Awards 2019-ის მონაწილე.

სტამბასგამარჯვება AHEAD Global Awards-ზე დამოკიდებულია საჯაროდ მიღებული ხმების რაოდენობაზე. ხმის მიცემა შესაძლებელია 23 იანვრამდე. ის რომ სასტუმრო “სტამბა” განიხილება მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროთა შორის  და მონაწილეობს კონკურსში, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.  გამარჯვება კი კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მის ფარგლებს გარეთ. ეს გამარჯვება იქნება საამაყო თითოეული ქართველისთვის და  გვჯერა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ხმას მოგვცემენ და დაგვეხმარებიან ამ წარმატების მიღწევაში.

კონკურსში ჩვენი მონაწილეობის მისაღებად გადაღებული ვიდეორგოლის ნახვა და ხმის მიცემა შესაძლებელია AHEAD Awards-ის ვებსაიტზე.

 

თანამშრომლის კეთილდღეობა ახსენეთ, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი კომპანიის წარმატებისთვის. ასეთი მიდგომა ნაკლებად გვხვდება, განსაკუთრებით დიდ კომპანიებში. რატომ არის თანამშრომლის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი წარმატებისთვის?

ამერიკიდან საქართველოში 2011 წელს დავბრუნდი და დავიწყე სასტუმროების სფეროში  ახალ კონცეფციაზე მუშაობა. რვა წლის წინ ქართველი ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ემუშავათ სერვისის განხრით სასტუმროებში. ისინი არ განიხილავდნენ მიმტანებად, დამლაგებლებად ან ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობას. თავიდან ამ პოზიციებზე ახალგაზრდების მოძიება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი სამუშაო გარემოდან და ბრენდების პოპულარობიდან გამომდინარე, დღეს სტუდენტები და კრეატიული ახალგაზრდები მოილტვიან ჩვენთან სამუშაოდ.  

დავიწყეთ 45 თანამშრომლით, 5 წელიწადში „აჭარა ჯგუფი“ ძალიან გაიზარდა და ახლა  უკვე 3000 ადამიანი არის ჩვენს კომპანიაში დასაქმებული. ჩვენმა წამოწყებებმა შეცვალა ახალგაზრდების დამოკიდებულება სერვისის ამ დარგისადმი და  ისინი უკვე თვლიან, რომ მათი ზრდისათვის ჩვენ სასტუმროებში მუშაობა მათივე წარმატების საწინდარი ხდება.

ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ იპოვონ საკუთარი თავი და დაიმკვიდრონ ადგილი.  ისინი ხდებიან ბრენდ-ამბასადორები. მათი მუშაობის ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ბრენდებზე.

მაგალითად, როდესაც ყაზბეგში სასტუმრო Rooms  გავხსენით, ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვეცოცხლებინა ეს მიძინებული რეგიონი, შეგვექმნა სამუშაო ადგილები და უკან დაგვებრუნებინა უპერსპექტივობის გამო წასული მოსახლეობა. აქცენტი გადავიტანეთ ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებაზე. თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობა არ განიხილავდა სერვისის სფეროში მუშაობას, ამიტომ მოგვიწია თბილისელებით შეგვევსო ვაკანსიები ყაზბეგში. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ სასტუმროში ჩასული თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიდნენ უცხო ენას, ავარჯიშებდნენ რაგბიში და უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში.  მათ თავიანთი მაგალითით აჩვენეს იქაურ ახალგაზრდებს, რომ სასტუმროში მუშაობით ამაყობენ, რომ ემსახურებიან ღირსეულ და საჭირო საქმეს და ეძლევათ საშუალება შეხვდნენ საინტერესო და გამოჩენილ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. მათი დამსახურებით დღეისათვის სიტუაცია არსებითად შეცვლილია და თანამშრომლების უმეტესობა ადგილობრივები არიან.

კომპანიის მიზანია სასტუმრო ბიზნესის პარალელურად აგროკულტურის განვითარება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა საქმიანობას ეწევით ამ მხრივ?

სასტუმროს მომსახურეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მომხმარებლის ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ აგროკულტურის განვითარება ჩვენივე ძალებით.

შევისყიდეთ 3000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, საგარეჯოს რაიონში. 1200 ჰექტარზე უკვე გავაშენეთ  ნუშის ბაღები. შევქმენით მეურნეობები, სადაც დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა და ვაპირებთ მიღებული პროდუქტის გამოყენებას ჩვენი სასტუმროების სამზარეულოებში. ამით კიდევ უფრო ხელს ვუწყობთ ჩვენი კომპანიის კონცეფციის – farm-to-table განვითარებას, რაც ყველაზე მოთხოვნადია დღევანდელ დღეს მსოფლიოში.

რა გამოარჩევს “აჭარა ჯგუფს” ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან? თქვენი პროექტები აღიარებას იმსახურებს მსოფლიო მასშტაბით. რა არის “აჭარა ჯგუფის” წარმატების ფორმულა?

“აჭარა ჯგუფის” ხედვა დროს წინ უსწრებს და ქმნის პროდუქციას, რომელიც ახალი და უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ალბათ თანამედროვე, პერსპექტიული, განსხვავებული ხედვა და ის, რომ ამ ყველაფერს ახორციელებს ჯგუფი, რომელიც მიისწრაფვის ერთი მიზნისკენ.

ასევე, წარმატების ფორმულად მიგვაჩნია თანამშრომლობა თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან, დიზაინერებთან და ფერმერებთან. ამასთანავე ყველა მიმართულებით მაღალი ხარისხის და სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი ჯგუფის მოღვაწეობის ჩვეულ ნორმად იქცა.

რა შეგიძლიათ გვითხრათ მომავალ პროექტებზე?

2019 წელს გაიხსნება სასტუმრო Rooms Hotel Kokhta, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ტურიზმის განვითარებაში. 94-ნომრიანი სასტუმრო კოხტაგორის ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება.

როგორც უკვე ვისაუბრეთ, აგროტურიზმის კუთხით მასშტაბური გეგმები გვაქვს.

კახეთში საბოლოოდ სასტუმროც აშენდება, რომელსაც ე.წ. farm-to-table კონცეფცია ექნება და სტუმარს მივცემთ საშუალებას, თუნდაც ცოტა ხნით იცხოვროს ფერმერის ცხოვრებით და თვითონ დაკრიფოს მოსავალი, რომლითაც მისთვის სასურველი კერძი დამზადდება.

ჩვენი ინტერესების სფეროს მოიცავს შავი ზღვის რეგიონიც. ციხისძირის ტერიტორიებზე ვაპირებთ მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ბათუმში კი მომავალში სასტუმრო Rooms-ის გახსნას ვგეგმავთ.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ Rooms-ის ბრენდის ექსპორტზე უცხოეთში და კერძოდ ნიუ-იორკში.  ჩემს ოცნებად კი რჩება Rooms-ის გახსნა აფხაზეთში.

World Economic Forum-ს აქვს Young Global Leader-ის პროგრამა, რომლისთვისაც ყოველ წელს მთელი მსოფლიოდან 40 წლამდე ასაკის 100 ლიდერი ირჩევენ და 5 წლის განმავლობაში მათ ენიჭებათ Young Global Leader-ის სტატუსი. ახალგაზრდა ლიდერებმა უნდა იზრუნონ ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნისათვის. მათ შორის დასახელდით თქვენ, რა საქმიანობას აპირებთ ამ პროექტის ფარგლებში?

მოხარული ვარ, რომ დამასახელეს მსოფლიოს ას ყველაზე პერსპექტიულ და იმედის მომცემ ხელოვანს, ბიზნესლიდერს, საჯარო მოხელეს, ტექნოლოგსა და სოციალურ მუშაკს შორის.

მე ვთვლი, რომ ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და მსურს,  საქართველო კიდევ უფრო განვითარდეს და ცნობადი გახდეს მსოფლიოს მასშტაბით. ამისათვის საჭიროა, პირველ რიგში, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი დინამიკურად ვითარდებოდეს და ეს კი, თავის მხრივ, მისცემს უფრო მეტ გასაქანს ქვეყნის განათლებისა და კულტურის გაძლიერებას. ეს პოზიტიური ტრედნი უნდა  შენარჩუნდეს და შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს. ვგეგმავთ საკმაოდ სოლიდური კონფერენციის მოწყობას საქართველოში, რომელსაც დაესწრებიან Young Global Leader-ები და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დახუნძლული მოგონებებით დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, რაც შეიძლება დამატებითი ბიძგი გახდეს ქვეყნის მიმართ ინტერესის გაზრდისა და ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვის თვალსაზრისით.

მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი უნივერსიტეტია.

ნიუ-იორკში, კერძოდ, კოლუმბიის უნივერსიტეტში, აღმოვაჩინე საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის ადამიანობა და ჰუმანურობა. ბევრი რამ შეცვალა ამერიკამ ჩემ ცხოვრებაში. გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, მივხვდი, რეალურად რითაც ვიყავი გატაცებული და დავადექი იმ გზას, რომელსაც დღეს  დიდი სიამაყით და ბედნიერებით მივყვები. ამერიკამ ახალ მასშტაბებს მაზიარა და მივხვდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ადამიანი მოისურვებს.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

არ მაქვს თავისუფალი დროის აღქმა და მიმაჩნია, რომ ყველა დროს თავისი დანიშნულება აქვს. ხშირად ვმოგზაურობ, ვარ ძალიან გურმანი და მიყვარს ახალი და გამორჩეული კერძების დაგემოვნება. ძალიან მიყვარს ცეკვა და კლუბებსაც ხშირად ვსტუმრობ. მაგრამ ეს არ არის თავისუფალი დრო, ეს არის ცეკვისთვის გამოყოფილი დრო, რომელიც მე განტვირთვისთვის მჭირდება. მიყვარს თვითმფრინავში მულტფილმების ყურება (იცინის).

გვირჩიეთ სასტუმრო, სადაც აუცილებლად უნდა წავიდეთ ან სამაგალითოა თქვენთვის.

ლოს-ანჯელესში ჩემი მეგობრის წვეულებაზე გავიცანი ანდრე ბალაჟი – ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და გავლენიანი პიროვნება სასტუმროების სფეროში. ანდრეს ყველა სასტუმრო იმდენად შთამბეჭდავია, რომ პირველად მან დამაფიქრა ამ სფეროში მოღვაწეობაზე. განსაკუთრებულად მომწონს ლოს-ანჯელესში სასტუმრო Chateau Marmont.  

Soho House-ის წევრი ვარ და ხშირად ვსტუმრობ Soho House-ის სასტუმროებს უცხოეთში ყოფნისას. ასევე მინდა აღვნიშნო La Granja იბიცაზე და Papaya Playa Project ტულუმში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი ნიუ-იორკში ცხოვრებისას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და ყოველთვის მივისწრაფვი სიახლისკენ.


რეკომენდებული სტატიები
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.