fbpx
გააზიარე სტატია

“ვაზისუბნის მამული” – სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი სასტუმრო გაიხსნა

კახეთში   სულხან ჭავჭავაძის მიერ შექმნილ ისტორიულ სასახლეში  მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა. შეიძლება ითქვას რომ “ვაზისუბნის მამული” 140 წლის შემდეგ  ხელახლა გაცოცხლებული ისტორიაა. ისტორია, რომელსაც თავადი ჭავჭავაძეების სასახლე, მარანი და უნიკალური ენდემური ჯიშებიდან მიღებული საუკეთესო ღვინო ათეული წლების განმავლობაში ინახავს. 

ეს ისტორია კი კახეთში მდებარე სოფელ ვაზისუბანში იწყება, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე პატარა სოფელში, რომელსაც ისტორიულ წყაროებში ურიათუბანის სახელით მოიხსენიებდნენ. სულხან ჭავჭავაძის სასახლის გარდა აქ არაერთი მნიშვნელოვანი საერო და საეკლესიო დანიშნულების კულტურული ძეგლი მდებარეობდა, თუმცა თავისი ადგილმდებარეობით, კულტურული მნიშვნელობით და რაც მთავარია არქიტექტურული თვალსაზრისით, სულხან ჭავჭავაძის სასახლე  ამ მხარეში მეცხრამეტე საუკუნის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუში იყო, იქ სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის მსგავსად, სასახლე ერთდროულად ადგილობრივი და ევროპული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილის შერწყმას წარმოადგენდა.  

ინტელექტუალი თავადი – ასე მოიხსენიებდნენ სულხან ჭავჭავაძეს, მას ვის სახელსაც ამ სოფლისა და პირველ რიგში სასახლის სახელი უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისტორიულ წყაროებში და არც  სოფელში შემორჩენილ მოგონებებში სულხან ჭავჭავაძის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ არისტოკრატი თავადი საკმაოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და სიღნაღის მაზრაში მისი წარმომადგენელი იყო, გარდა ამისა მან ურიათუბანში საეკლესიო სკოლა დააარსა, სადაც წერა-კითხვასთან ერთად, ღვთისმეტყველებას, არითმეტიკას, ხელსაქმესა და მეღვინეობა-მევენახეობას ასწავლიდნენ. ეს უკანასკნელი ინტელექტუალი თავადისთვის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა,  რომელსაც განსაკუთრებულ ყურადრებას უთმობდა და ამავდროულად თანხის უდიდეს ნაწილსაც ახმარდა. 

სულხან ჭავჭავაძის შესახებ შემორჩენილი მწირი ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ თავადი საშუალოდ ერთ ჰეტარზე მოყვანილი მოსავლიდან 900 ლიტრამდე ღვინოს აყენებდა  და მუდმივად ინტერესდებოდა მევენახეობაში დასანერგი სიახლეებით, ცნობილია, რომ მან თავის ვენახებში ქართული ვაზის გვერდით ისეთი ევროპული ჯიშები მოიყვანა, როგორებიცაა: პინო, რესლინგი, ალიგოტე და სოვინიონი. გარდა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა, აღსანიშნავია მისი ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით კი  ფოლკლორის მიმართ დამოკიდებულება და რაც მთავარია მის განვითარებაში შეტანილი წვლილი. სწორედ სულხან ჭავჭავაძემ ითამაშა დიდი როლი მისი მეგობრის, ვანო სარაჯიშვილის ნიჭის ხელშეწყობასა და განვითარებაში, რომელიც ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარეობით განთქმულ ოჯახს ძალიან ხშირად სტუმრობდა. 

მიუხედავად ამ დამსახურებებისა, იმპერიის რეპრესიებს ვერც სულხან ჭავჭავაძე გადაურჩა,  იგი იძულებული გახადეს, რომ მის მიერ შექმნილი “ვაზისუბნის მამული” საუფლისწულო უწყებისთვის მიეყიდა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება “ვაზისუბნის” “რომანოვული” ისტორია, რომელთაც კახეთში იმდროინდელი სიახლეების დანერგვა და მანქანა-იარაღების შემოტანა დაისახეს მიზნად. ჭავჭავაძეების ვაზისუბნის მამულში ყველაფერი შეიცვალა, მთავარ მეღვინედ ფრანგი სპეციალისტი მასონო დანიშნეს, მამულის მმართველად ვინმე ლანკი, სასახლის რეკოსტრუქცია კი წინანდლის მსგავსად ალექსანდრე ოზეროვს დაევალა, რომელმაც  საბედნიეროდ სულხან ჭავავაძისეული კედლებისა და სხვა ელემენტების ნაწილი სასახლეს პირვანდელი სახით შეუნარჩუნა.

გასაბჭოების შემდეგ ურიათუბანში  აკადემისკოსი სიმონ ჩოლოყაშვილის თაოსნობით ვაზისუბნის სასახლის ბაზაზე, კახეთის მევენახეობის საცდელი სადგური აშენდა, რის საფუძველზეც შემდგომ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის სასახლისა და ზოგადად “ვაზისუბნის მამულის” შესახებ შენარჩუნებული ძირითადი მეხსიერება.

თითქმის 140 წლის შემდეგ ეს მეხსიერება ხელახლა აღდგა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაარსებულმა კომპანია “ვაზისუბნის მამულმა”  სულხან ჭავჭავაძის სასახლე განაახლა. სასახლეს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად აღდგა სასახლის ფასადის პირვანდელი სახე და ინტერიერის დიზაინი, რომელზეც ბრიტანელმა სპეციალისტებმა იმუშავეს,  იმის გამო რომ ჭავჭავაძეების ნივთების უდიდესი ნაწილი შემონახული აღარ იყო, ეპოქისა და სტილის გათვალისწინებით ავეჯის დიდი ნაწილი ინგლისის ცნობილ აუქციონებზე იქნა შეძენელი, რაშიც აქტიურად ჩაერთო დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი. 

“მეორე სახლის” კონცეფციის სასტუმრო დღეს უკვე იმ ადამიანებს ელოდება, რომელთაც განსაკუთრებული მომენტების გატარება ულამაზეს ბუნებაში ადგილზე დამზადებული ტრადიციული ღვინის თანხლებით სურს, სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 19 ოთახს სთავაზობს, რომელთა შორისაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე  „სულხანის და ნინოს ოთახი“, „ვანო სარაჯიშვილის ოთახი“, სასახლის ტერასა სახელწოდებით „გულბაათის სანადიმო“ და „დიმიტრის ბიბლიოთეკაა“გამორჩეული. სასახლეს გარს სულხან ჭავჭავაძის მებაღეების მიერ გაშენებული ულამაზესი ბაღიც აკრავს, რომელიც სასახლის მსგავსად სრულად იქნა აღდგენილი, აქ თქვენ სამასამდე ენდემურ და არაენდემურ მცენარეს შეხვდებით, გარდა ამისა აქ მისულ სტუმარს დროის სასიამოვნოდ გატარება სასახლის ირგვლივ მოწყობილ დასასვენებელ სივრცეში, აუზსა და რესტორანში შეუძლიათ, რომლის დიზაინი ამერიკაში მოღვაწე ინტერიერის დიზაინერ ნესტან ვარდიაშვილს, მუდმივად განახლებადი მენიუ კი ბრენშეფ ქეთი ბაქრაძეს ეკუთვნის. 

სულხან ჭავჭავაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი  გამორჩეული არქიტექტურის სასახლე და მამული, რომელიც ქართული ღვინის გენეტიკურ მეხსიერებას ინახავს, დღეს უკვე იმ ადამაინებს ელოდება ვისაც ვაზისუბნის მამულის უნიკალური ღვინით, სასახლით, ბაღით, ვენახებით, კახური Farm to Table სამზარეულოთი ტკბობა და ახალი გამოცდილების მიღება სურს.


 

ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.