fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – ვენეციის გზამკვლევი

რომელია საუკეთესო დრო ვენეციის სანახავად? სწორედ მაისია საუკეთესო დრო! არც ისე გრილა, რომ ქალაქის დათვალიერებით ვერ ისიამოვნო და არც ისე ცხელა, რომ იტალიის სამხრეთში, ზღვის ნაპირას გაირუჯო. მით უმეტეს, მაშინ როდესაც ქალაქში ვენეციის ხელოვნების ბიენალე იმართება.

რთულია რაიმე ახალი თქვა ვენეციაზე, მისი ყველა კუთხე-კუნჭული დახატულია და აღწერილი მსოფლიოს საუკეთესო მწერლების მიერ. ქალაქი, რომლის ხიბლიც მის სიძველესა და ზღაპრულობის სინთეზშია. ქალაქი, სადაც საცობში ვერასოდეს მოჰყვებით და ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება რენესანსის დროის ზმანებას ჰგავს. ყავის ჭიქის ძირში დალექილი ესპრესო კი ერთადერთი ახლო მანძილზე მდებარე შავი წერტილია.

ქალაქში სამოძრაოდ, რა თქმა უნდა, წყლის ტაქსის გირჩევთ – მარილით გაჟღენთილი ჰაერის სიო და იტალიელი გონდოლიერების დამტვრეული ინგლისურით მოყოლილი ისტორიები ამ მგზავრობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მთავარია, ფასში არ შეცდეთ და პირველივე შემოთავაზებას არ დათანხმდეთ, ხანმოკლე შევაჭრების შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩებით.

 

სასტუმროები:

Aman Venice
ეს საუცხოო, 24-ოთახიანი სასტუმრო განთავსებულია რესტავრირებულ მეთექვსმეტე საუკუნის სასახლეში, კანალ გრანდეზე. მარმარილოსბიუსტებიანი ლობი, კაშკაშა სავახშმო ოთახი ანტიკვარული სარკეებითა და აივნით, რომელიც პირდაპირ კანალ გრანდეს გადმოჰყურებს. სასტუმროს ბინადრებს ასევე აქვთ საშუალება გამოიყენონ ექსკლუზიური საშვი Palazzo Ducale-ში.

 

The Hotel Danieli
სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება და სან მარკოს მოედნიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. 3 სასახლე, რომლებსაც სასტუმრო აერთიანებს, მეთოთხმეტე, მეჩვიდმეტე და მეცხრამეტე საუკუნეებით თარიღდება. Palazzo Dandolo, რომელიც ვენეციურ გოთიკურ სტილშია – ოდესღაც თავადი დანდოლოების ოჯახის სახლი გახლდათ, Palazzo Casa Nuova – წარსულში ქალაქის ხაზინა იყო და Palazzo Danieli Excelsior_ში – ჟაკ გარსიას დიზაინით გაკეთებული ოთახებია, რომლის აივნებიც ლაგუნას გადაჰყურებს.

Hotel Cipriani
თაღებით გარშემორტყმული პასტელური ოთახები ლაგუნას და დეკორატიული გამწვანების ხედებით. სასტუმრო 1958 წელს გაიხსნა და მისი სტუმრები იყვნენ იმ დროის ყველაზე ცნობილი ადამიანები – ივ სენ ლორანიდან სოფი ლორენამდე. პრინცესა დაიანამ სასტუმროში შესვლისთანავე თქვა: “როგორც იქნა, სახლში ვარ”.

 

Hotel Excelsior
ოქროსფერ ქვიშიან სანაპიროზე მდგარი ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 1908 წელს გაიხსნა. სასტუმრომ მოსაწყენი ნაპირი ძვირად ღირებულ კურორტად აქცია. შენობის არქიტექტურა უფრო შორეულ წარსულს უკავშირდება, მისი დიზაინი იბერიული მორჩეს სტილის ექოა, რომელიც საუკუნეების წინ ვენეციაში ბატონობდა. დამსვენებლებს შორის ყოფილან უინსტონ ჩერჩილი, მარლენ დიტრიხი, ინგრიდ ბერგმანი და მრავალი სხვა.

 

ხელოვნება


დოჟების სასახლე

ვენეციური გოთიკური სტილის სასახლე, რომელიც სან მარკოს მოედანზე მდებარეობს, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სასახლე რამდენიმე პატარა მუზეუმს აერთიანებს – დოჟების ბინებში კი ტიციანის, ტინტორეტოს და ვერონეზეს ტილოებს იხილავთ.

 

Ca’Rezzonico

აქ მეთვრამეტე საუკუნის ხელოვნების ყველაზე დიდ კოლექციას შეხვდებით. კანალ გრანდეზე მდგარ ბაროკოს სტილის სასახლეში 3 სართულზეა განლაგებული ტილოები, ქანდაკებები და ისტორიული ავეჯი. 4 ოთახში ჯოვანი ბატისტა ტეპოლოს მნიშვნელოვანი ნამუშევრებია.

 

Peggy Guggenheim Collection

ნამუშევრების უმეტესობა Peggy Guggenheim Collection-ში, რომელიც იტალიაში თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმად ითვლება, ამერიკელი კოლექციონერის, პეგი გუგენჰაიმის შეძენილია. მუზეუმში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ყველაზე ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ხელოვანების ნამუშევრებს შეხვდებით – მათ შორის  – პაბლო პიკასოს, ჯექსონ პოლოკის და ალექსანდრ ქალდერის.

მუზეუმი ასევე  მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს სხვადასხვა გამოფენებს. Peggy Guggenheim Collection მდებარეობს პეგის ყოფილ სახლში, კანალ გრანდეზე, Galleria dell’Accademia-სთან ძალიან ახლოს.

 

Galleria dell’Accademia

ბევრს მუზეუმი ფლორენციის Accademia in Florence-ში ეშლება, სადაც მიქელანჯელოს დავითი და  ტოსკანური ხელოვნების ბევრი ნიმუშია. Galleria dell’Accademia საკუთარი ვენეციური საგანძურით ამაყობს. აქ წარმოდგენილია ვენეციური მხატვრობის შედევრები მეთოთხმეტედან მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე. აქ ნახავთ პაოლო ვენეციანოს, ჯოვანი ბელინის, ჯორჯონეს, ტიციანის და ტეპოლოს ნამუშევრებს.

 

 

Giardini della Biennale

ტრადიციულად 1895 წლიდან აქ ეწყობა ვენეციის ხელოვნების ბიენალე. ბაღები ამჟამად 29 სხვადასხვა ქვეყნის პავილიონს მასპინძლობს. ზოგიერთი მათგანი დაპროექტებულია ისეთი ცნობილი არქიტექტორების მიერ, როგორებიც არიან – იოზეფ ჰოფმანი – ავსტრიის პავილიონი, გერიტ რიტველდი – ნიდერლანდების პავილიონი და ა.შ.

 

კაფეები:

 

 

Caffè Florian

1720 წელს დაარსებული ყავის სახლი ვენეციის შუაგულში – სან მარკოს მოედანზე მდებარეობს. ის იტალიაში ყველაზე ძველი ყავის სახლია. კაფეს მფარველობდნენ გოეთე და კაზანოვა, რომლებიც მოხიბლულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ Florian იყო ერთადერთი ყავის სახლი, სადაც ქალებს შესვლის უფლება ჰქონდათ. მოგვიანებით კაფეს ხშირი სტუმრები გახდნენ – მარსელ პრუსტი, ლორდ ბაირონი და ჩარლზ დიკენსი.

 

Gran Caffè Lavena

როდესაც Caffè Florian-ს ჩრდილი მიადგება, სან მარკოს მოედნის უფრო მზიან მხარეს, რიჰარდ ვაგნერის საყვარელ კაფეში გირჩევთ გადასვლას. ვენეციაში ყოფნის დროს კომპოზიტორი ყოველდღე შედიოდა Lavena-ში და ჩაის ან კონიაკის თანხლებით ესაუბრებოდა კარლო ლავენას.

 

Caffe Rosso

ეს პატარა ბოჰემური კაფე საუკეთესოა დილას ყავის მისართმევად. ხმაურიანი ქუჩა დღის არცერთ მონაკვეთში არ მოგაწყენთ, Caffe Rosso კი მის ცენტრშია.

 

რესტორნები:

 

Al Covo

1987 წლიდან რესტორანი მის ადგილმდებარეობას თეფშზე გამოხატავს. ესაა ვეგეტარიანული ლაგუნა, სადაც მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტებს იყენებენ. რესტორანს ნამდვილად ეტყობა, რომ მისი მფლობელები შეფმზარეულები არიან.

 

 

Fiola at Dopolavoro Venezia

რესტორნის სახელი Dopolavoro ითარგმნება – როგორც “სამსახურის შემდეგ”, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ რესტორანი 7-ის ნახევარზე იღება. კერძებში მხოლოდ სეზონურ ინგრედიენტებს შეხვდებით, მათ ცნობილ რიალტოს ბაზარში ყიდულობენ. გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ ფიოლა ლობსტერ რავიოლი.

 

 

Antica Dogana

თევზის რესტორანი ვენეციის ცენტრიდან 40 წუთის სავალზეა, თუმცა ნამდვილად ღირს წასვლა, თუ საუკეთესოდ შემწვარი კალმარის და ნიოკით გაფორმებული ლობსტერის დაგემოვნება გსურთ. რესტორნიდან ვენეციის ყველა კუნძულზე იშლება ხედი. უკან დასაბრუნებელი გზა რომ შეიმსუბუქოთ, რესტორნის მფლობელის –  ჯუზეპეს ცნობილ ვოდკა ზგროპინოს დალევას გირჩევთ.

 

მაღაზიები:

Fondaco dei Tedeschi

რიალტოს ხიდის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეს ისტორიული შენობა 2017 წელს შოფინგ ცენტრად გადაკეთდა. მოლში 300-ზე მეტი ბრენდი და თანამედროვე ავეჯია წარმოდგენილი.

 

Galleria Barcella

ამ გალერეაში შედარებით მოკრძალებული რაოდენობის, სულ 15 მაღაზიაა, მაგრამ ბრენდები ძირითადად Made in Italy-შია.

 

 

VizioVIrtù Cioccolateria

2005 წელს დაარსებული შოკოლადის ქარხანა და მაღაზია რიალტოს და სან მარკოს მოედანს შორის მდებარეობს. აქ 10 საათიდან 8-ის ნახევრამდე შეგიძლიათ დააგემოვნოთ VizioVIrtù-ს შოკოლადი და გაეცნოთ შოკოლადის ისტორიას.

 

Longo Giuliana Modisteria

ეს ვენეციის ცენტრში, რიალტოს ხიდიდან რამდენიმე მეტრში მდებარე ქუდების მაღაზიაა. აქ წააწყდებით ქუდებს გონდოლიერებისთვის, ქორწილისთვის, წყალგაუმტარ ქუდებს და პანამებს, რომლებიც მაღაზიის მფლობელს, ჯულიანას 1980 წლიდან ჩამოაქვს ეკვადორიდან.

 

ავტორი: მაშო კაციტაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Play Video

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისი-დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე
Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისიდაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. სწორედ ნინო გახლავთ ჩვენი მასპინძელი ხელოვნების, მოდის და სიყვარულის ქალაქში - პარიზში
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.