fbpx
გააზიარე სტატია

Vhils

პორტუგალიელი ქუჩის არტისტი ალექსანდრე მანუელ დიას ფარტო, არტისტული მეტსახელით Vhils, ცნობილია კედლებზე, ბილბორდებსა და გარე ფასადებზე შესრულებული მასშტაბური პორტრეტებით, რომელთა შექმნაშიც კედლების ავთენტურ ნაწილებსაც იყენებს.

არტისტი პირველად 2007 წელს გამოჩნდა ლისაბონში, ჯგუფურ გამოფენაზე, ამას მოჰყვა ნამუშევრები ლონდონსა და კანში. დღეს ის ერთ-ერთია ბოლო დეკადის გამორჩეულ ხელოვანებს შორის, რომლებიც მედიუმად ქუჩას იყენებენ.

მისი მასშტაბური ნამუშევრები რიგი კრიტიკოსების შეფასებით ვიზუალური პოეზიაა, რომელიც ერთდროულად  ბრუტალურიცაა და კომპლექსურიც, სადაც ჩანს ადამიანის ემოციები და ვნებები. ალექსანდრე მანუელ დიას ნახატებში ცენტრალური ადგილი ადამიანს უკავია და მის ნამუშევრებშიც ყველაზე ხშირად რელიეფურ პორტრეტებს შეხვდებით, რომელთა შესრულების სტილი ორიგინალურია. სწორედ ადამიანების გარშემო ვითარდება კავშირებისა და კონტრასტების თემები, შემოდის  გლობალური და ადგილობრივი კონტექსტები.

ლისაბონის ინდუსტრიულ ნაწილში გაზრდილი ხელოვანისთვის ქალაქი, მისი ტრანსფორმაციები, ახალი და გამქრალი სივრცეები თავიდანვე დაკვირვების საგანი იყო. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ამ ქალაქში მომხდარი ისტორიული და სოციალური ცვლილებები ადგილობრივების ცხოვრებაზეც აისახებოდა. მიმდინარე ცვლილებებმა დაარწმუნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მოგვიანებით, როცა სამუშაო ადგილად ქუჩა და სფეროდ ხელოვნება აირჩია, თამამად აქცია ლისაბონის სახასიათო ელემენტი – საბაგიროს კაბინა სარკედ, დაანაწევრა მეტროს მატარებელი და პორტრეტების სახატავად კოსმოსური სადგური გამოიყენა.  

ქალაქის სტრუქტურაზე დაკვირვებით დაიწყო ფიქრი თანამედროვე ურბანულ არქეოლოგიაზე, რაც ყოველდღიურ გარემოში საინტერესო პლასტების, მატერიალური კულტურის ნაშთების აღმოჩენას და მათთვის მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობდა. ასე გაჩნდნენ მის ნამუშევრებში ძველი ხის კარები, სარეკლამო ლაითბოქსები, ვიწრო გასასვლელები და სხვადასხვა დროს ნანახი ადამიანები.

Vhils-ის სამუშაო ადგილი  მხოლოდ ღია სივრცეები როდია.  მისი ნამუშევრები ხშირად ხვდება გალერეებშიც.  2005 წლიდან დღემდე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში  მონაწილეობდა  და მათთვის შექმნილი ნამუშევრების სტილისტიკა არაერთგვეროვანია –  ადგილობრივებთან ერთად შექმნილი ნამუშევრებიდან დაწყებული, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებულ  ნახატებამდე.

ეს არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დეკონსტრუქცია კონსტრუქციის ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ხელოვნება ისედაც წესების რღვევასა და პროტესტთან ასოცირდება, მისი მუშაობის მეთოდი ამ “არალეგალურ” ხელოვნებაშიც კი საგრძნობლად ბრუტალური და ხმამაღალია.

2018 წელს Vhils-ს კოლაბორაცია შესთავაზა ლეგენდარულმა კონიაკის სახლმა Hennessy-იმ, რომლისთვისაც შექმნა ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი. Hennessy-ის ხელოვანებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს და  საკუთარ პროდუქტებზე სამუშაოდ ყოველთვის განსაკუთრებულად  გამორჩეულ არტისტებს ირჩევს, რომელთა პოპულარობასა და განვითარებაზე თვითონაც ზრუნავს.  Vhils კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ქალაქებში ლიმიტირებული წარმოების ბოთლების წარდგენისას შთამბეჭდავ კომპოზიციებს აწყობს.


რეკომენდებული სტატიები
Hammock Hennessy-ის ტურში

Hammock Hennessy-ის ტურში

Hammock Hennessy-ის ტურში
ზღაპრული ქალაქები, ჯადოსნური შატო, სასიამოვნო საზოგადოება, Haute cuisine სამზარეულოს კერძები, უგემრიელესი Hennessy და Hennessy-ის კოქტეილები, ძველი მარნები და ახალი საგამოფენო ცენტრები მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების ნამუშევრებით - Hennessy-ის ტური ნამდვილად იქცა ჩემს დაუვიწყარ ფრანგულ მოგონებად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.