fbpx
გააზიარე სტატია

ვირტუალური სივრცის არქეოლოგია – ინტერვიუ ქეთო ლოგუასთან

ქეთო ლოგუა  ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან მან სწავლა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK) განაგრძო.

მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ისეთ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეებში, როგორებიცაა: KW – ბერლინის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი, Between Bridges – ( ბერლინი),  KAI 10 | Arthena Foundation, ვისბადენის მუზეუმი Open Frame Award, art-house film and videoart competition). 2017 წელს გახდა ბერლინის – BPA-ის (პროგრამა ხელოვანთათვის) სტიპენდიანტიქეთო ლოგუა გახლავთ არს-ვივას-(2019) ვიზუალური ხელოვნების სფეროში ახალგაზრდა არტისტებისათვის გაცემული სახელოვანი პრიზის მფლობელი.

წელს თბილისში დაფუძნებულმა გალერეა LC QUEISSER-მა ქეთო ლოგუას რამდენიმე ნამუშევარი  ბაზელის – LISTE ART FAIR-ზე წარადგინა. ქეთო ლოგუა ძირითადად სკულპტურაზე, ვიდეოსა და ინსტალაციაზე მუშაობს. მისი საკვლევი საგანი კი ამჟამად ეკოლოგიური და ტექნოლოგიური სისტემების თანაფუნქციონირება და მათი ევოლუციაა.

Hammock Magazine – წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქეთო ლოგუასთან

თბილისის სახელმწიფო  სამხატვრო აკადემიიდან სწავლა ბერლინის ხელოვნების აკადემიაში განაგრძე, რა გავლენა იქონია შენზე სწავლის პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ? როგორი იყო ახალ კულტურულ გარემოსთან ინტეგრირების პროცესი?

სამხატვრო აკადემიაში სწავლა არ დამისრულებია, რაც რეტროსპექტიულად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან  პირდაპირ შევძელი ბერლინში სწავლის გაგრძელება. იმდროინდელი თბილისის სამხატვრო აკადემიიდან ძალიან კონკურენტულ, ინტერნაციონალურ გარემოში მოხვედრა რთული, მაგრამ ამავდროულად ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. ინტეგრირების პროცესი კი ლინგვისტური გამოცდილება იყო ბევრი თვალსაზრისით: კულტურული, სახელოვნებო, ენების გაგების და ამ ენებზე ლაპარაკის დაწყების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის.

ძირითადად მუშაობ ინსტალაციებზე, სკულპტურასა და ვიდეოზე, რომელ მედიუმთან მუშაობით დაიწყო შენი სახელოვნებო პრაქტიკა და როგორ განვითარდა ის?

ინსტალაციით დაიწყო და ახლაც ისევ ისე მაინტერესებს ეს მიმართულება, რადგან ინკლუზიური მიდგომაა და ბევრ ფორმას სივრცესთან აერთიანებს. როცა ობიექტებზე ან ვიდეოზე ვმუშაობ, თანაბრად ვფიქრობ იმაზე, თუ რა სივრცეში და როგორ უნდა გამოიფინოს.

როგორ დაახასიათებდი ბერლინის სახელოვნებო სივრცის დინამიკას? რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ახალგაზრდა ხელოვანისთვის ბერლინში მუშაობა?

თავისი მასშტაბურობით და მრავალფეროვნებით ბერლინის კულტურული სივრცე ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ასეთი მჭიდრო და კონკურენტული თანაარსებობის პირობებში უფრო და უფრო რთული ხდება ინდივიდუალურად საჭირო ინფრასტრუქტურის და დაინტერესების მოპოვება. სახელოვნებო წარმატება ბერლინში ხშირ შემთხვევაში არ არის მონეტარულ წარმატებასთან პირდაპირ კავშირში, რაც ასევე დიდი გამოწვევაა ყველა არტისტისთვის. ამ სიტუაციაში ყველამ თავისი ინდივიდუალური ცხოვრების და მუშაობის მოდელი უნდა იპოვოს, რაც დიდ ძალისხმევასთან, წარმატების სურვილთან და წარმოსახვის უნართან არის დაკავშირებული

გვესაუბრე ნამუშევარზე  Bisexual and radially symmetric, სადაც მსოფლიოს უძველესი ყვავილის ვიზუალი 3D სკულპტურად წარმოადგინე.

Bisexual and radially symmetric-ში მეცნიერების მიერ შექმნილი პირველყოფილი ყვავილის მოდელს ვიყენებ. ამ რეკონსტრუქციაში ვენის და საფრანგეთის უნივერსიტეტების ბოტანიკის ფაკულტეტები და ასევე რამდენიმე ათეულობით ორგანიზაცია იყო ჩართული. პირველად მოხდა ყველა ამჟამად არსებული ცნობილი  და პრეისტორიული ყვავილების გენეტიკური და თვისობრივი გაანალიზება და ერთ მოდელში შეჯერება. საბოლოო მოდელი იძლევა ინფორმაციას ყვავილის ფურცლების და რეპროდუქციული ორგანოების რაოდენობაზე, ფორმასა და განლაგებაზე. ჩემი ინტერესი იყო ამ ყვავილის სამეცნიერო სპეკულატიური სივრციდან სახელოვნებო სპეკულატიურ სივრცეში, ისევე როგორც  მისი ვირტუალური სივრციდან ფიზიკურში გადატანა. ეს ნამუშევარი ბევრ თემას აერთიანებს, რომლებიც მაინტერესებს. პირველ რიგში პირველადი ყვავილის იდეა არქეოლოგიაა წარსულის ვირტუალურ სივრცეში და ცდილობს დაინახოს, რაც შეიძლება შორს და თვალნათლივ. ამგვარი ობიექტური ხედვის ამბიცია, რა თქმა უნდა, სპეკულატიურია, რადგან რასაც ვხედავთ, მუდმივად ტრანსფორმაციის პროცესშია. ამდენად ნამუშევარი პირველ რიგში სვამს კითხვას, თუ რა არის ობიექტური ხედვა?  რამდენადაა შესაძლებელი რაიმეს პროექციებისაგან თავისუფალი ასახვა? არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი შეფასებების დროს ჩვენი კულტურული და ინდივიდუალური წარმოდგენებისაგან განვთავისუფლდეთ და საყოველთაო, ობიექტური რეპრეზენტაცია მოვახდინოთ. ტექნოლოგიას – მექანიკური დაკვირვების და გამოთვლის ხელსაწყოებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ დისკუსიაში.

რა არის ამჟამად შენი დაკვირვების ობიექტი?

ძალიან მაინტერესებს, როგორ თანაფუნქციონირებენ ეკოლოგიური და ტექნოლოგიური სისტემები და რა ევოლუციურ წყვილს ქმნიან ერთად. ეს გადაკვეთა მგონია, რომ  ხელოვნების ფენომენის ბაზისსაც ქმნის. ერთი მხრივ, რეპროდუქციის ევოლუციური აუცილებლობა და მეორე მხრივ, ტექნოლოგიური ევოლუცია, რომელიც საყოველთაო რეპროდუქციის ჯაჭვის ნაწილია. ამ თემას სხვადასხვა რაკურსით ვაკვირდები. ბოლო პერიოდში ფოტოსინთეზზე მიმდინარე კვლევებზე ვკითხულობდი.  ბევრი კვლევა ტარდება მცენარეების ტრანსფორმაციის უნარზე გაზრდილი ნახშირორჟანგის პირობებში. იკვლევენ, მაგალითად, რამდენად შეძლებენ მცენარეები ადამიანების მიერ შექმნილი “კარბონის კრიზისის” დაბალანსებას. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ მცენარეები აკლიმატიზაციას ახდენენ და აღარ გარდაქმნიან ჰაერს ისეთი გაზრდილი ინტენსივობით როგორც ბოლო ათწლეულებში.  ასეთი კონკრეტული რეალობის გაცნობიერება ხდება ნამუშევრის კატალიზატორიც.

ახლახან გალერეა LC QUEISSER-მა შენი ნამუშევრები ბაზელში წარადგინა,  გვესაუბრე LISTE – Art Fair-ის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებზე.

LISTE – Art Fair-ზე წარმოდგენილი ნამუშევრები გარკვეულწილად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამოსავალი წერტილი ამ ნამუშევრების შემთხვევაშიც არის “დატა” ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ადამიანებში გაზომილი ფიზიოლოგიური მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არის ფიზიკურ მანიფესტაციაში გადათარგმნილი.

ერთ-ერთ წარმოდგენილ ვიდეო ანიმაციაში სუნთქვის ტემპერატურა, გულმკერდის მოძრაობა და დრო მოძრავი გრაფიკის სამ განზომილებაში არის გადატანილი. ამგვარად ცდილობს სუნთქვის ყველაზე სხეულებრივი გამოცდილების მოძრავ იმიჯში თარგმნას. ეს სამწუთიანი ანიმაცია მობილური ტელეფონის საშუალებით არის წარმოდგენილი და სქრინსეივერს ჰგავს. ამ თვალსაზრისით ის ტელეფონის ვიზუალურ ფორმატში კარგად ეწერება, მაგრამ ფიზიოლოგიური ინფორმაციის ძალიან კონკრეტულ დისლოკაციას წარმოადგენს.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

ივლისში არს-ვივას გამარჯვებულების მეორე გამოფენის გახსნა არის ბერნის მუზეუმში. ეს ჩემი პირველი თანამშრომლობაა მუზეუმთან და ახლა მთელი ყურადღება იქეთ მაქვს მიპყრობილი. აგვისტოში კანადაში, ფოგოს კუნძულზე მივდივარ ექვსკვირიან რეზიდენციაში და ვაპირებ, რომ სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე ფიქრს იქ დავუთმო მეტი დრო.

ავტორი : ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან
თიბისი ბანკი დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, დავით კაკაბაძე–130-ს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხელოვანისა და მეცნიერის რეტროსპექტული გამოფენა და მულტიმედია პროექტი GAMMA ვიხილეთ
გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი

გალერეა „შარდენი“ – სადაც ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლას ნამუშევრებია წარმოდგენილი
თბილისში, რუსთაველის 13 ნომერში მდებარე გალერეა “შარდენში” დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა მეოცე საუკუნის სხვა ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ვერა ფაღავას და ფელიქს ვარლამიშვილის ნახატებიც იხილოს
ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან

ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან

ე.ა. საგამოფენო სივრცე - ინტერვიუ ელენე აბაშიძესთან
სულ ახლახან დამოუკიდებელმა კურატორმა ელენე აბაშიძემ ინგოროყვას ქუჩაზე “ე.ა. საგამოფენო სივრცე” გახსნა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს მიმდინარე გამოფენა - “დაცული სიტყვები” იხილოს
ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე
ERTI Gallery-მ წელს თბილისის საერთაშორისო არტბაზრობისთვის ფართომასშტაბიანი პროგრამა მოამზადა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.