fbpx
გააზიარე სტატია

ვივიენ ვესტვუდი – No Man’s Land

სამოქალაქო აქტივიზმით ცნობილმა ვივიენ ვესტვუდმა 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პოდიუმის ნაცვლად ონლაინმედიაში წარმოგვიდგინა. დიზაინერმა მოდის სფეროსადმი ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ეთიკური ხედვის საზოგადოებამდე მისატანად ონლაინპლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა, თუმცა ამჯერად გაზაფხულის კოლექციის მეშვეობით კლიმატის ცვლილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ბევრ სხვა მიზეზთან ერთად მოდის სამყარო და ტანსაცმლის ჭარბწარმოებაც იწვევს.

“დოლარი მკვდარია”, – ამბობს ვესტვუდი თავის ვიდეორგოლში, ამაში კი მოშლილ ფინანსურ სისტემას ადანაშაულებს. ფიქრობს, რომ ის ქვეყანაში სიღარიბისა და კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზია. ვივიენ ვესტვუდის კოლექციაში წარმოდგენილ გრაფიკულ სერიაზე ორი გველი ჩანს, რომლებიც ერთმანეთს კუდზე კბენენ, როგორც ვესტვუდი განმარტავს, პლანეტის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მან ორი გველის სახით გამოხატა, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და დამოკიდებული, ახლა კი სწორედ ის დროა, როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში კლიმატის ცვლილება და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა მოექცეს.

“ხელისუფლება იწვევს სიღარიბეს, სიღარიბე იწვევს კრიმინალს, გამოდის, რომ პოლიტიკოსები კრიმინალები არიან”, – თამამად ამბობს ვესტვუდი ვიდეორგოლიდან. Lookbook-ში წარმოდგენილ კოლექციის ფოტოებზე კი ბრენდის ზოგადი ხედვაც იკითხება: “ის რაც ცუდია პლანეტისთვის, ცუდია ეკონომიკისთვის” და პირიქით – რაც კარგია პლანეტისთვის, შესაბამისად, სიკეთის მომტანია ეკონომიკისთვისაც”.

ვივიენ ვესტვუდის მარტივი ჭეშმარიტება, როგორც მისი პოლიტიკიდან ნათლად ჩანს, აბსოლუტურად მიუღებელია აშშ–ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის, რომლის გაშარჟებულ სახესაც სხვათა შორის ვესტვუდის კამპანიის ვიდეოში ნაჩვენებ დროშაზეც შესაბამისი მოწოდებით – End Evil ვხედავთ. დონალდ ტრამპის ზოგადი მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემისთვის დახარჯული მილიონები უბრალოდ ფულის ფლანგვაა და მეტი არაფერი, ალბათ უმნიშვნელო იქნებოდა, რომ არა მისი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ამ საყოველთაო კამპანიის წინააღმდეგ, რომელსაც 2016 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მოაწერა ხელი. „პარიზის შეთანხმების“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება პირველი სრულყოფილი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელზე ხელმომწერ ქვეყნებსაც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისა და შესაბამისად კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ზრუნვა ეკისრება. საერთაშორისო ხელშეკრულების მიზანი გლობალური დათბობის საშუალო მაჩვენებლის 2 გრადუსზე დაბალი ნიშნულის შენარჩუნებაა, მაშინ როცა ის დღევანდელი მონაცემებით 15 გრადუსს უკვე ბევრად აღემატება, ამაში კი ერთ–ერთი მთავარი წვლილი ჩინეთთან ერთად ამერიკასაც მიუძღვის, რადგან სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის სათბური გაზების გამოფრქევის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, ეს კი გლობალური დათბობის პირველი გამომწვევი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოში მიმდინარე სავალალო პროცესები თვალსაჩინოა და ვხედავთ, რომ არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი ინტენსიური დნობის პროცესშია, ვხედავთ, ამ დნობის გამო როგორ იწევს ზღვის დონე და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება გვალვები, ამ პროცესში ერთ–ერთი მთავარი დამნაშავე ქვეყანა, ტრამპის გადაწყვეტლებით „პარიზის ხელშეკრულებას“ ტოვებს, შედეგად კი დღეს გარემოზე მიყენებულ ისეთ ზიანს ვიღებთ, რომლის გამოსწორებაც მომავალში ძალიან დაგვიანებული და თითქმის შეუძლებელიც კი იქნება. თუ რაიმე უკეთესობისკენ არ შეიცვალა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვივიენ ვესტვუდის ინსტაგრამზე წამოწყებული კამპანიის სახელწოდება – No Mans Land – დედამიწის მომავლის გარდაუვალი წინასწარმეტყველება აღმოჩნდება, რადგანაც დიზაინერის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის სახელწოდება ყველაზე ზუსტად ასახავს პრობლემის რეალურ არსს, დედამიწას არ სჭირდება გადარჩენა, ის თავისთავადაც იარსებებს, უბრალოდ, ერთი განსხვავებით – თუ რაიმე არ ვიღონეთ, მისი არსებობა ადამიანების გარეშე გაგრძელდება.

ტრამპისგან განსხვავებით გარემოსადმი მიყენებული ზიანის საფრთხეს და თავის წილ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე იაზრებს ვივენ ვესტვუდი, რომლის შესახებ საუბრისას ხშირად ახსენებენ სიტყვას – პოლიტიკური აქტივისტი. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს კონკრეტული ვიდეორგოლი, დიზაინერის შემოქმედებაში ამ თემის შესახებ არც პირველი და არც ერთადერთი კამპანია არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს ვივიენმა ე.წ. კლიმატის რევოლუცია პირდაპირ ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოაცხადა, სადაც მის მიერ გამოწყობილ ეკო–ჯარისკაცებთან ერთად ამ რევოლუციის და მისი მოგების გარდაუვალობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა. გარდა ამისა საქველმოქმედო კამპანიით Cool Earth, რომელიც ტყეების გადასარჩენად წამოიწყო, ექსკლუზიური მაიურები დაამზადა და ამ პრობლემას ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარა. მაისურებზე გამოსხა კიდევ ერთი კამპანია Save The Arctic – არქტიკის გადასარჩენად შექმნილი მაისურები დიზაინერმა ისეთ ვარსკვლავებს მოარგო, როგორებიც არიან ქეით მოსი, კრის მარტინი, ნაომი კემპბელი, ოზი ოზბორნი, სტელა მაკარტნი და ბევრი სხვა. გარდა სპეციალური კამპანიებისა, ვივიენ ვესტვუდის, როგორც დიზაინერის ზოგადი ხედვა ეთიკური მოდის პრინციპებს ითვალისწინებს, რაც წარმოებაში ტყავისა და ბუნებრივი ბეწვის სრულიად ამოღებას ნიშნავს. ეთიკური მოდის კამპანია ვესტვუდმა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, სადაც ნაირობის ქუჩებში გადაღებული კოლექციით ამ ქვეყანაში ქალთა შრომითი უფლებების შესახებაც ისაუბრა. ვივიენ ვესტვუდი თავისი სოციალური კამპანიებით სხვადასხვა დროს არა მარტო ეკოლოგიურ არამედ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებსაც ეხებოდა, ცნობილია მისი PETA Video, რომელიც დიზაინერმა ვეგეტარიანიზმის მხარდასაჭერად და ცხოველის ხორცის მოხარების წინააღმდეგ შექმნა, ასევე ცნობილია მისი გენდერული ნორმების, პანკ კულტურის, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ანტი ტერორისტული კანონის საწინააღმდეგო კოლექცია, სადაც ფრაზა – I AM NOT A TERRORIST, please don’t arrest me დიზაინერმა პირდაპირ ჩვილი ბავშვის ტანსაცმელზე გამოსახა.

მიუხედავად აქტივიზმის მრავალფეროვანი ისტორიისა, 2014 წელს მის მიერ Save The Arctic კამპანიის დროს ნათქვამი გულახდილი აღიარება, რომ მისი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არა მოდა, არამედ კლიმატის ცვლილებაა, შეიძლება ითქვას რომ ვივიენ ვესტვუდისთვის დღემდე არ შეცვლილა. გამოსავალი კი (როგორც ამას დიზაინერი წარსულში განხორციელებულ კამპანიებშიც ამბობს) ბეწვის ან გარემოსთვის საზიანო მასალების გამოყენების ნაცვლად, ისეთი ტანისამოსის შექმნაა, როგორც ამას მისი ბრენდი აკეთებს. “ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ საუკეთესო ტანსაცმელი გაჩვენოთ, მომავალი არა რაოდენობაში, არამედ ხარისხშია”, – ამბობს ვივიენი და ამ უკანასკნელი კამპანიითაც უკვე მრავალჯერ ნათქვამ ფრაზას კიდევ ერთხელ იმეორებს: Buy less. Choose well. Make it last.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.