fbpx
გააზიარე სტატია

„მეხის ველი“ – უოლტერ დე მარიას შთამბეჭდავი პროექტი

ისევე როგორც პოპ-არტმა, ლენდ-არტმაც უარყო მუზეუმებში გამოკეტილი ხელოვნება და რეალობისთვის დასაახლოებლად ხელოვნება ბუნებრივ გარემოს დაუკავშირა. ლენდ-არტის წარმოშობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ადამიანებში გარემოსდაცვითი თვითშეგნება მაღლდება და მატულობს ეკოლოგიური პრობლემების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. რომ დავფიქრდეთ, ლენდ-არტისტების ნამუშევრები სწორედაც რომ ბუნების დაცვის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენენ – მათ მიერ ათვისებული ტერიტორიები გადაურჩა განაშენიანებასა თუ დაბინძურებას.

„რელიგიური, მგრძნობიარე, თბილი, მოსიყვარულე, დამხმარე, პროფესიონალი, ელეგანტური, ინტელიგენტი, ახალი, შთამბეჭდავი, მახვილგონივრული, შეპყრობილი, ენერგიული, შეშლილი, სახასიათო, მისტიკური, მინიმალისტური“, – ასე უხასიათებდა უოლტერ დე მარია დილერებს საკუთარ ნამუშევრებს… ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ამავე ეპითეტებით დავახასიათოდ თავად უოლტერ დე მარია.

1935 წელს კალიფორნიაში დაბადებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლენდ-არტისტის, უოლტერ დე მარიას შემოქმედებითი მიმართულება ძირითადად მინიმალიზმსა და კონცეპტუალიზმს მოიცავს. განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში კი მისი ლენდ-არტი ექცევა, რომელიც იმდენად მისტიკურია, რომ მარიას ნამუშევრებში ბუნება ფონი აღარ არის, აქ ხელოვანი თითქოს თავად ღმერთს უტოლდება, მის სფეროში ერევა და ბუნებას  ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი 1977 წლის პერმანენტული პროექტი – „მეხის ველი“ ნიუ-მექსიკოს დასავლეთით, უდაბნოში. მიწაში ჩარჭობილი 400 წვრილი, შვიდმეტრიანი ლითონის ღერძი ისეა განთავსებული უდაბნოს ველზე, რომ გარკვეული მანძილიდან შეიძლება არა მხოლოდ ღერძების აღქმა, არამედ მათგან არეკლილი ნათებისაც. სრული ეფექტისთვის ნამუშევარი სრულყოფილებას ჭექა-ქუხილის დროს აღწევს, როდესაც ელვა პირდაპირ ღერძებს ეცემა. მნახველები ჰყვებიან, თუ რა ზებუნებრივი სანახაობა იშლება შორეული მთებიდანაც კი.

უოტერ დე მარიას „მეხის ველი“ პირველ რიგში ცვალებადსა და მარადიულს შორის კავშირს აღწერს, აღნიშნულ პროექტში ხელოვანი ცდილობს, გეომეტრიულად განსაზღვრული სიმეტრიებით მნახველს აჩვენოს, როგორც მოძრაობს ცვალებადი და  ასევე უცვლელიც. ცვალებადი და უმოძრაო ობიექტების ერთმანეთთან დაკავშირებით ხელოვანი იკვლევს ამ ორი ფენომენის შეხებისა და ერთმანეთზე ზემოქმედების შედეგებს. ყველაზე მასშტაბური გაგებით კი, უოლტერ დე მარია ერთმანეთთან აკავშირებს მიწასა და ცას და მათ ჰორიზონტად აერთიანებს.

საინტერესოა მუდმივად ცვალებადი (ცა) და უძრავი (მიწა) ელემენტების ერთიანობა, რომელიც ესთეტიზმთან ერთად მისტიციზმშია გადაზრდილი და მნახველს აღაფრთოვანებს კიდეც და შთაგონების უდიდეს წყაროსაც აძლევს, ხოლო ლანდშაფტს მეტაფიზიკურ ფენომენად გარდაქმნის. თავად უოლტერ დე მარიასთვის უხილავიც რეალური იყო, ვირტუალური სკულპტურებიც ისეთივე ძალით მოქმედებდნენ ხელოვანზე, რომ შეეძლო კიდეც ეს „უხილავი“ შთაბეჭდილება მნახველამდე მოეტანა – მეტაფორულადაც და ფიზიკურადაც. გასაკვირი არ არის, რომ უოლტერ დე მარიას ნამუშევრები ონტოლოგიურ საკითხსაც უკავშირდებოდა, ამიტომაც საშუალებას გვაძლევს, რომ მათზე ვისაუბროთ, როგორც ფილოსოფიაზე. მსგავსი ვიზუალური ფილოსოფიის სანახავად მნახველები დღესაც აქტიურად სტუმრობენ კარტონის უდაბნოს ნიუ-მექსიკოში და დღეების განმავლობაში უყურებენ და აკვირდებიან „მეხის ველს.“

 

ავტორი: მარიამ ყაყიტაშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.