fbpx
გააზიარე სტატია

ვეს ანდერსონი – წარსული თანამედროვეობაში

ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი ვეს ანდერსონი 1969 წელს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში დაიბადა. მთელი ბავშვობა ოცნებობდა მწერლობაზე, წერდა პიესებს, კოლეჯის მეგობარ ოუენ უილსონთან ერთად იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიაში გადიოდა.

მათ შორის იყო „რაკეტა ბოთლში“, რომლის პრემიერაც Sundance Film Festival-ზე გაიმართა. ორი წლის შემდეგ ვეს ანდერსონმა დაფინანსება მიიღო და გადაიღო სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი.

მიუხედავად ფილმის წარუმატებლობისა, ახალგაზრდა რეჟისორით ისეთი გავლენიანი ხალხი დაინტერესდა, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე და ბილ მარი… ამ ყველაფრის შედეგი იყო ახალი ფილმი – „რაშმორი“. განსხვავებით სადებიუტო ნაშრომისა, ამ უკანასკნელმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ვეს ანდერსონის შემოქმედებაში პირველი უმაღლესი წერტილი „თენენბაუმების ოჯახი“ იყო, რომელიც კრიტიკოსებისა და გავლენიანი წრეების განსახილველ თემად იქცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. ანდერსონმა გადადგა დიდი ნაბიჯი, როდესაც როალდ დალის ნოველის მიხედვით stop motin ანიმაცია „შეუდარებელი მისტერ ფოქსი“ გადაიღო.

მიუხედავად კარგი შეფასებებისა და ოსკარზე „საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ ნომინაციისა, ფილმმა კინოგაქირავებაში ფიასკო განიცადა. თუმცა 2012 წლის „სავსე მთვარის სამეფომ“ იმედები გაამართლა და ფილმი მის საუკეთესო ნაშრომად აღიარეს.

ბევრი აღმასვლისა თუ დაღმასვლის შემდეგ, კინოთეატრებში გამოვიდა „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“, რომელიც რეჟისორის მთავარ ნაშრომად და ერთგვარ შემოქმედებით კულმინაციად იქცა. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის 9 ნომინაციაზე და 4 ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

2018 წელს კი ანდერსონი ისევ stop motion-ს დაუბრუნდა და ანიმაცია „ძაღლების კუნძული“ შესთავაზა მაყურებელს, რომელმაც ისევ არ გაუცრუა იმედები მისი ნიჭის თაყვანისმცემლებს.

წლების მანძილზე ვეს ანდერსონმა თავისი უნიკალური სტილითა და გამორჩეულობით უსაზღვრო ცნობადობა მოიპოვა მეინსტრიმ საზოგადოებაში. მისი თითოეული ფილმი ერთი ძლიერი ხელწერის ყველასგან გამორჩეული ნაშრომია.

ტექნიკური სიზუსტე, ტრაგიკომიკურობა, ერთი და იგივე ქასთი, პასტელური ფერები – ეს იმ მახასიათებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ყველა მის ფილმს გასდევს. ანდერსონი არის რეჟისორი, რომელიც განსხვავებულად აღიქვამს დეკორატიულ ხელოვნებას.

მის კადრებში ყველაფერი იდეალურად სიმეტრიულია (რაც სტენლი კუბრიკის გავლენად მიიჩნევა), ვინტაჟური გარემო ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავს, ხოლო პერფექციონისტული დამოკიდებულება დეტალებისადმი, ერთგვარი ფეტიში, რომ ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით მოძრაობდეს კამერის ობიექტივში, ფილმებს მაღალესთეტიკურ მექანიზმად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ვეს ანდერსონი თანამედროვე რეჟისორია, მის ყველა ფილმში შეიმჩნევა სიძველე. რეჟისორი ყველგან უბრუნდება წარსულს (რისი იდეალური მაგალითებიც არის „სავსე მთვარის სამეფო“ და „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“), მის პერსონაჟებს სევდანარევი იუმორი აერთიანებთ და ემოციას ფილმების ფერთა გამასთან ერთად 60-70-იანი წლების საუნდტრეკები აძლიერებს, რომლებიც იდეალურად ერგება თითოეულ პერსონაჟსა თუ სცენას.

„ანდერსონის ფერის პალიტრები მისი კინემატოგრაფიული სამყაროს განუყოფელი ნაწილია“. – წერს ჰემიშ რობერტსონი.
რეტრო სტილის გარეშეც კი არც ერთი მისი ფილმი არ შედგება – გრანდ ბუდაპეშტის შენობა, თენენბაუმების ოჯახის დიდი ოთახის ხალიჩა თუ ზებრებიანი კედლები, ან თითოეული პერსონაჟის ჩაცმულობა „სავსე მთვარის სამეფოში“.

გარდა მისი ფილმებისა, ვეს ანდერსონი ისეთი ბრენდების სარეკლამო რგოლების ავტორია, როგორებიცაა პრადა და ჰ&მ. 2020 წელს მსოფლიოს კინოთეატრების დიდ სცენებზე გამოვა ვეს ანდერსონის ახალი ფილმი – ინგლისური სახელწოდებით „The French Dispatch”.

ავტორი: თათუ ავალიშვილი


რეკომენდებული სტატიები
პეტრა კოლინსის ვარდისფერი  მაგია

პეტრა კოლინსის ვარდისფერი მაგია

პეტრა კოლინსის ვარდისფერი  მაგია
პეტრას ფოტოები სავსეა მაგიური სიუჟეტებით, რომლებშიც აქცენტი ფემინურობაზე, ახალგაზრდა სხეულებზე, სექსუალობასა და ქალთა სხეულების სხვადასხვაგვარობაზე ისმევა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.