fbpx
გააზიარე სტატია

წიგნები, რომელთა ავტორებიც მუსიკოსები არიან

ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან დიდი  შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევი და მოსაყოლიც ბევრი გაქვს, ხელოვნების ერთი მედიუმი საკმარისი არ არის ემოციების გადმოსაცემად. ყველა ამბავს თავისი გამოხატვის ფორმა და ენა აქვს, ზოგიერთი მათგანი კი იმაზე გრძლად ითქმის, ვიდრე საშუალოდ 3-წუთიან სიმღერაში ჩატეული ტექსტია. ბობ დილანი, ნიკ ქეივი, ჯიმ მორისონი… ეს ის ავტორები არიან, რომლებმაც თავიანთ შესანიშნავ მუსიკასთან ერთად არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტები შექმნეს. არც ერთი მათგანი არ არის დოკუმენტური პროზა ან მემუარი, ის, რაც ამ სიაში შეგხვდებათ, ალბათ დამოუკიდებელი ლიტერატურის სახით ისედაც იარსებებდა, მაშინაც კი, თუ მათი ავტორი უკვე კარგად ცნობილი სახელისა და გვარის მქონე მუსიკოსი არ იქნებოდა.

ბობ დილანი – ქრონიკები

ვინ, თუ არა ბობ დილანი  ნამდვილად იმსახურებს ამ სიის სათავეში ყოფნას, რომელმაც 2016 წელს ნობელის პრემია  ლიტერატურის დარგში  ამერიკულ სასიმღერო ტრადიციებში ახალი პოეტური გამომსახველობის შექმნისთვის მიიღო. ყველასთვის კარგად ნაცნობმა პოეტმა და მუსიკოსმა 2013 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი “ქრონიკები” გამოსცა,  რომელშიც პირადულ, მუსიკალურ და ისტორიულ თემებსაც ეხება. წიგნმა მკითხველის, კრიტიკოსებისა და, რა თქმა უნდა, ბობ დილანის მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც “სანდი თაიმსი” წერს, “თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა”.

ნიკ ქეივი – ბანი მანროს აღსასრული

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი, გარდა შესანიშნავი მუსიკისა, ძალიან  კარგი პოეტური და პროზაული ტექსტების ავტორიცაა. პირველი სადებიუტო რომანი “და იხილა ვირმა ანგელოზი” ნიკ ქეივმა  1989 წელს გამოსცა. “ბანი მანროს აღსასრული” მწერლის მეორე წიგნია, რომელშიც მამა-შვილის ურთიერთობა ერთდროულად ძალიან  დიდი სევდისა და მხიარულების ფონზე ვითარდება. წიგნში, რომელშიც კოსმეტიკით მოვაჭრე ბანი მანროს ისტორიაა ასახული, მკითხველი ბევრ მისტიკურ დეტალსაც წააწყდება და ამ დეტალების მიღმა მუსიკოსის სახესაც აღმოაჩენს. გირჩევთ წაიკითხოთ ნიკ ქეივის ეს რომანი, მით უმეტეს, რომ ქართულ ენაზე მისი თარგმანი უკვე დიდი ხანია არსებობს. და თუ გიყვართ, აუცილებლად მოუსმინეთ რამდენიმე დღის წინ გამოსულ მის ბოლო ალბომსაც.

ჯიმ მორისონი – უდაბნო

ჯიმ მორისონი რომ გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია, ამას დამტკიცება არ სჭირდება, თუმცა ის ასევე ძალიან კარგი პოეტური ტექსტების ავტორიცაა.  მისი გარდაცვალების შემდეგ, 1989 წელს გამოსულ “უდაბნოში” კი ავტორის არა მხოლოდ ლექსებს, არამედ ესეებს, პიესებს, კინოსცენარებს, სიმღერის ტექსტებსა და ანეკდოტებსაც კი ამოიკითხავთ. ფაქტობრივად, ეს არის მასალა, რომლითაც შემდგომ მისი, როგორც პოეტის შემოქმედებაა შთაგონებული. მისი თხრობის თავისუფალი და უჩვეულო სტილი კი კიდევ უფრო ღრმად შეგაცნობინებთ მას – როგორც მუსიკოსს და როგორც მწერალს.

ჯონ ლენონი – როგორც მეწერება

წიგნი, რომელიც 1964 წელს ერთდროულად დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში გამოიცა, პირველივე დღეს 50 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს იმ დროს უკვე კარგად ცნობილი მუსიკოსის პირველი წიგნია, რომელშიც თხრობის ძალიან თავისუფალი, ხშირად სიურრეალისტური მანერით ლენონის ჩანახატები, მოთხრობები და ლექსებია გაერთიანებული.

ჯონ ქეიჯი – სიჩუმე

4-წუთიანი და 33-წამიანი სიჩუმის კომპოზიტორის წიგნი “სიჩუმე” პირველად 1961 წელს გამოიცა, ეს არის მისი ლექციებისა და ესეების კრებული, რომელშიც გასული საუკუნის ყველაზე ექსპერიმენტულმა კომპოზიტორმა მუსიკის ისტორიისა და მომავლის თავისებური ხედვა წარმოადგინა.


ლეონარდ კოენი – საყვარელი თამაში

ლეონარდ კოენის როგორც მწერლის კარიერა მონრეალში დაიწყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ნიუ-იორკში გადასვლა და სიმღერების წერა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური შემოქმედება თავისთავად გენიალურია, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მუსიკა მისთვის ლიტერატურის დანაკლისის შევსება იყო, რადგან კოენის მიერ გამოცემული ორი რომანი, ისევე როგორც მისი პოეტური ტექსტები, ერთნაირად არაჩვეულებრივია. Favorite Game – კოენის სადებიუტო და ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მონრეალში მცხოვრები ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს.

პატი სმიტი – Land 250

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი პატი სმიტი ამავდროულად ავტორია წიგნისა Land 250, რომელშიც მის მიერ ხელნაწერ შემოქმედებით ტექსტებთან ერთად ვიმ ვენდერსის ნაჩუქარი პოლაროიდით გადაღებული ფოტოებია გაერთიანებული. 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.