fbpx
გააზიარე სტატია

ვოლფგანგ ტილმანსი – ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

„თაობის დოკუმენტალისტი“ – ასე მოიხსენიებენ თანამედროვეობის  ერთ–ერთ ყველაზე მრავალფეროვან არტისტს – ვოლფგანგ ტილმანსს, რომლის ფოტოგრაფიული გამოცდილება  ერთდროულად მისი თაობის, LGBTQ+ თემის, ლონდონისა და ბერლინის ანდერგრაუნდ სცენის, საკუთარი მეგობრების, სამოქალაქო აქტივისტების თუ თავად ტილმანსის  ცხოვრების სტილს ასახავს. თუმცა, მისი შემოქმედება ცდება ფოტოგრაფიის მედიუმს და მოიცავს როგორც აბსტრაქტულ ინსტალაციებს, ასევე ვიდეო, მუსიკალურ და პრინტ ნამუშევრებს.

გერმანიის ქალაქ  რემშაიდში დაბადებულმა არტისტმა სკოლის დამთავრების შემდეგ  სავალდებულო სამხედრო სამსახურს ოცთვიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება ამჯობინა და საცხოვრებლად ქალაქ ჰამბურგში გადავიდა. მთელი მისი მოვალეობა ოფისის  ფოტოპრინტერით გაზეთებიდან ფოტოასლების გადაღება იყო. რუტინული სამუშაო ვოლფგანგ ტილმანსმა ხელოვნების ნიმუშად აქცია და გერმანულ გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოები ტრიპრიხის ფორმით ადგილობრივ  კაფეში გამოფინა. დღეს უკვე, ჰამბურგის პატარა კაფეში სადებიუტო  გამოფენიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ფოტოგრაფის ნამუშევრებს მსოფლიოს ერთ–ერთი  მთავარი კლუბის – ბერგჰაინის კედელზეც ნახავთ და ევროპისა და ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეებშიც ხშირად შეხვდებით.

1995 წლიდან ტილმანსი გერმანიიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.  ორი წლის შემდეგ მის მიერ ტეიტ მოდერნში გამოფენილმა ფოტოპროექტმა – Concord Grid – დამთვალიერებლების და არტკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.  ოთხ მწკრივზე და თოთხმეტ სვეტზე განლაგებულ ფოტოებში ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მიმდებარე რამდენიმე ქუჩა და თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის კადრებია გადაღებული.  ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და მოსაწყენი სანახაობა ტილმანსისთვის სუპერთანამედროვე ანაქრონიზმის და ადამიანის მთავარი სურვილის მანიფესტაციაა – გადალახოს დრო და სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ტილმანსმა ყოველდღიური და ყოფითი სანახაობისგან შთამბეჭდავი ფოტოების შექმნით ტერნერის პრემიის ჟიურიც მოხიბლა, გამოფენიდან სამი წლის შემდეგ ფოტოგრაფიაში ახალი გზების ძიების და ნამუშევრების განსხვავებული ფორმით პრეზენტაციისთვის ტერნერის პრიზი მიიღო, ის იყო ერთადერთი არაბრიტანელი არტისტი, თანაც ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.


„მინდა როგორმე  ჩემს ფოტოებში ავსახო რაღაც ისეთი, რაც აქამდე არსად ასახულა“, – ამბობს ფოტოგრაფი საკუთარი შემოქმედების შესახებ, სწორედ ამიტომაც ცხოვრების რუტინის,  ყოფითი საგნების თუ მოვლენების გადაღება ტილმანსის ფოტოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. პლასმასის ბოთლში ჩარგული ოთახის მცენარეები, სამზარეულოს არეულობა, პოლიეთილენის პარკებში ჩაწყობილი ხილი და ბოსტნეული,  ფანჯრის რაფაზე დატოვებული სიგარეტის ნამწვავები ის კადრებია, რომლებიც ძირითადად ფოტოობიექტივის მიღმა რჩება, მაგრამ ტილმანსისთვის ასე არ არის – ის, რაც სხვებისთვის კადრს აფუჭებს, მისთვის მთავარი სანახაობაა.

ტილმანსი სწორედ უმნიშვნელო საგნებს იღებს, შემდეგ კი ამ ფოტოებს ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში კიდებს,  უფრო სწორად არასდროს კიდებს, არ მოსწონს, როცა გამოფენის გამო კედლები იხვრიტება, ეს მისი დამახასიათებელი სტილია, ფოტოებს სპეციალური წებოვანი ლენტით კედელზე აკრავს, რა თქმა უნდა, ჩარჩოს გარეშე, ხშირად პერფორმანსის ფორმითაც. მისი გამოფენები არცთუ იშვიათად თეატრალურ წარმოდგენებს ემსგავსება, იგი პუბლიკაციებს, მუსიკალურ ჩანაწერებს და ვიდეო კლიპებს ფოტოგრაფიასთან აერთიანებს და დამთვალიერებელს ინოვაციური სტილით ფოტოგრაფიის პრეზენტაციის საკუთარ ხელწერას სთავაზობს.

თუმცა, მუსიკა და ვიდეო მის ცხოვრებაში ფოტოგრაფიის გარეშეც არსებობს, ვიდეოარტის კეთება 1987 წელს დაიწყო, 2000–იანი წლების დასაწყისში პირველი ვიდეოინსტალაცია  – Lights გამოაქვეყნა, რომელშიც ცარიელ კლუბში სინათლის ეფექტების მონაცვლეობაა ასახული, 2002 წელს კი ჯგუფ Pet Shop Boys სიმღერისთვის Home and Dry ვიდეოკლიპი გადაიღო. მისი მუსიკალური გამოცდილება პროექტ Fragile-ს მოიცავს, ასევე მუსიკალურ კლიპ Device Control-ს, რომელიც მომღერალ ფრენკ ოუშენთან კოლაბორაცით შექმნა.

ვოლფგანგ ტილმანსი იმ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ნამუშევრებშიც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური და სოციალური პრობლემებიცაა ასახული. სამოქალაქო აქტივიზმის თუ უმცირესობათა უფლებებისთვის ბრძოლის  ამსახველი კადრები ფოტოგრაფის არქივში მრავლად მოიძებნება, თუმცა გარდა ფოტოებისა, ტილმანსი ბრექსიტის საწინააღმდეგო პოსტერების ავტორიცაა. ლონდონში გატარებული ყველაზე მნიშვნელოვანი წლები და ბრიტანული კულტურის სიყვარული არაბრიტანელი არტისტისთვის საკმარისი აღმოჩნდა ამ ბრძოლაში ჩასართავად. დღეს ინსტაგრამზე და სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ტილმანსის პოლიტიკურ პოსტერებს შესაბამისი მოწოდებებით.

მუსიკა, ვიდეოარტი და პრინტ ნამუშევრები ვოლფგანგ  ტილმანსის ხელოვნებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდის, ის უმთავრესად მაინც ფოტოგრაფია, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული ხელწერით. ავტორია 40–ზე მეტი ფოტოალბომის, რომლებშიც სხვადასხვა ჟანრის ფოტოებია გაერთიანებული, მის არქივში საყოფაცხოვრებო ნივთებით და უმნიშვნელო დეტალებით დაწყებული,  უბრალოდ უცნობი და ნაცნობი ადამიანების პორტრეტებით დამთავრებული ყველაფერს ნახავთ და როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს ჟანრი, მისი ფოტოებისთვის ერთი რამ მაინც საერთოა – როცა ტილმანსის გადაღებულ კადრს უყურებ, ხედავ არა ფოტოგრაფის შექმნილ სამყაროს, არამედ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია – ქაოსურს, ხშირად არაფრით გამორჩეულს, ხანდახან გამაღიზიანებელსაც კი და აუცილებლად გიჩნდება კითხვა: რა არის განსაკუთრებული ფანჯრის რაფაზე პლასტმასის ქოთანში ან ბოთლში  ჩარგულ ოთახის ყვავილებში, მაშინ როცა სამყარო მთელი თავისი ტრაგიზმით სტივ მაკქერის ავღანელი გოგონას მწვანე თვალებში ირეკლება, ან მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი ფოტოჟურნალები სავსეა იდეალური რაკურსით გადაღებული აურორა ბორეალისის ჩრდილოეთის ციალის ულამაზესი ფოტოებით, ნუთუ ამ დროს ტილმანსის ყვავილების ადგილი ფანჯრის რაფაზე კი არა, ტეიტ მოდერნის დარბაზებშია? ასეთი ყვავილები ხომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სახლში. ცხადია, არის, უბრალოდ „მაღალი ხელოვნების“ ძიებაში დამთვალიერებელს ხშირად ავიწყდება, ტილმანსი კი გვახსენებს, რომ ფოტოგრაფია არჩევანის შესაძლებლობაა, თითოეული გადაღებული კადრი ჩვენ ირგვლივ არსებულ ყველა დანარჩენ არგადაღებულ კადრს ნიშნავს, ხანდახან კი ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი აივნიდან წელიწადის ოთხივე სეზონზე უბრალოდ ვაშლის ხის დაფიქსირებაა და მეტი არაფერი.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.