fbpx
გააზიარე სტატია

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

„გინდათ გააცინოთ ღმერთი? მოუყევით მას თქვენი გეგმების შესახებ“

 

დაბალი, სათვალიანი კაცი, უცნაური იუმორის გრძნობითა და მანერული თვისებებით, ნიუიორკელი ებრაელი ალან სტიუარტ კრონენბერგი, იგივე ვუდი ალენი, ნევროზული ინტელექტუალი, რომელსაც ფოკუსების ჩვენება უყვარს და რომელმაც საკუთარი კარიერა ნევროზების, ფობიებისა და სხვადასხვა აშლილობებისგან შექმნა. 

ვუდი ალენმა კარიერა 17 წლის ასაკში იუმორისტული სკეტჩებით დაიწყო, როცა ის ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა New Yorker და Playboy. ღამის კლუბებში კომიკოსი იყო და პიესებს წერდა ბროდვეის თეატრებისთვის.  ალენის პირველი კინოდებიუტი სცენარისტისა და მსახიობის ამპლუაში რეჟისორ კლაივ დონერის ფილმში Whats New Pussycat (“რა არის ახალი, ფისო?”) შედგა. ოთხი წლის შემდეგ, 1969 წელს კი თავისი პირველი საავტორო ფილმი გადაიღო Take the money and run (“აიღე ფული და გაიქეცი”). ალენის კარიერა გამოირჩევა ფილმოგრაფიით, იშვიათად შეხვდებით რეჟისორს, რომელსაც თავისი კარიერის მანძილზე ამდენ ფილმზე უმუშავია.

ალენის კარიერა 6 დეკადას ითვლის და მასზე თავისუფლად ითქმის, რომ ამერიკული საავტორო კინოს ყვველაზე გამოჩენილი ფიგურაა. ალენი კინოაკადემიამ 4 ოსკარით და 23 ნომინაციით დააჯილდოვა. თუმცა ალან სტიუარტ კრონენბერგს – სანამ ვუდი ალენს ოფიციალურად დაირქმევდა – სულაც არ ადარდებს/არასდროს ადარდებდა კრიტიკოსების აზრი, მაშინაც კი, როდესაც პირველი ოსკარი მიიღო, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში კლარნეტზე უკრავდა და გამარჯვების შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გაზეთებიდან შეიტყო.

ალენის ფილმები ლიტერატურული ნაწარმოებებივითაა, სადაც ყველაზე წარმოუდგენელ და მოულოდნელ განვითარებას წააწყდებით. 

ვუდი ალენის ფილმოგრაფია სავსეა ირონიით  ყველაფრის მიმართ, ირონია ნიუ-იორკის, ქალების, ინტელექტუალიზმის, ჰოლივუდისა და ღმერთის… თუმცა ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავის მიმართ. ვუდის ფილმებში აუცილებლად იპოვით პერსონაჟს, რომელშიც რეჟისორს ამოიცნობთ და შეამჩნევთ მისკენ მიმართულ ყველაზე მწარე სარკაზმს. ალენის გმირი კინოში, რომლის რეჟისორისგან განცალკევება შეუძლებელია, ნევროზული, კომპლექსებით დატანჯული ინტელიგენტია.  ალენის შემოქმედებაში ყოველთვის შეხვდებით მეორეხარისხოვან, მორალურად არამდგრად, ნევროზულ პერსონაჟებს. სწორედ ეს პერსონაჟები განსაზღვრავენ თვითონ რეჟისორის ხედვას მის ფილმოგრაფიაში.

ალენისთვის დამახასიათებელი ებრაული იუმორით მოთხრობილი ისტორიები სავსეა ცნობილი სიუჟეტებისა და დიდი ხელოვნების სხვადასხვა სტილის პაროდირებებით.

 

„ჩემ შესახებ ორი მითი არსებობს, პირველი ის, რომ მე ინტელექტუალი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ სათვალეს ვატარებ და მეორე: ნამდვილი ხელოვანი ვარ, რადგან ჩემი ფილმები ფინანსურად წამგებიანია.“

 სწორედ საკუთარი თავის არასერიოზულად აღქმის გამო ითვლება ვუდი ალენი საავტორო კინოს რეჟისორად.

 „თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიციონერი“

რეჟისორის ფილმოგრაფია შეგვიძლია სამ ეტაპად დავყოთ: ადრეული, ეგრეთწოდებული „სასაცილო“ ფილმები, რომლებიც ვუდიმ კარიერის დასაწყისში, 1969 წლიდან 1977 წლამდე გადაიღო: “აიღე ფული და გაიქეცი” (Take the money and run,1962), “ყველაფერი, რაც კი გინდოდათ გაგეგოთ სექსზე, მაგრამ გეშინოდათ გეკითხათ” (Everything you always wanted to know about sex*, 1972), “მძინარე” (Sleeper, 1973), “სიყვარული და სიკვდილი” (Love and Death, 1975). ეს ფილმები ამერიკული კომედიური კინემატოგრაფის ისტორიაში გამორჩეულია, რადგან უჩვეულო თხრობის სტილის გამო ამერიკულ კინოში გარდამტეხი ღირებულება აქვთ.

ფილმ „სიყვარული და სიკვდილის“-ის შემთხვევაში ალენისთვის ინსპირაციის წყაროს დოსტოევსკის და ბერგმანის შემოქმედება წარმოადგენდა, სწორედ ბერგმანის პერსონას მიმსგავსებული კადრებით, ფილოსოფიური დიალოგებით და ირონიით ქმნის მაყურებლისთვის კომედიას.

კომედიური ჟანრის ფილმების შემდეგ კი რეჟისორის ფილმოგრაფიაში ნიუ-იორკისადმი მიძღვნილი ფილმები დგას:  “ენი ჰოლი
(Annie Hall, 1977), “მანჰეტენი” (Manhattan, 1979), “დენი როუზის ბროდვეი” (Broadyway danny rose, 1984), “ქაიროს მეწამული ვარდი” (Purple Rose of Cairo, 1985), “ჰანა და მისი დები” (Hannah and her sisters, 1986), “რადიოს ეპოქა” (Radio Days 1987), “იდუმალი მკვლელობა მანჰეტენზე” (Manhattan murder mistery, 1993), “ტყვიები ბროდვეის თავზე” (Bullets over Broadway, 1994), “დიდებული აფროდიტა” (Mighty Aphrodite, 1995), “ტკბილი და საძაგელი” (Sweet and lowdown, 1999). 

1977 წელს გადაღებული ფილმი „ენი ჰოლი“ (Annie Hall) დღემდე რეჟისორის კარიერის მწვერვალად ითვლება, რომანტიკული კომედია დაიან კიტონისა და ალენის მონაწილეობით ოთხი ოსკარითაა დაჯილდოებული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ “ენი ჰოლით” ვუდი ალენმა საკუთარი თავი ამერიკული კინოს უმნიშვნელოვანეს ფიგურად დაიმკვიდრა და სამუდამოდ შეცვალა რომანტიკული კომედიის გადაღების წესები კინოში.

 

 „მანჰეტენი“ (Manhattan, 1979) რეჟისორის კიდევ ერთი გამორჩეული ფილმია, რომელიც ახერხებს სასიყვარულო წერილი იყოს ნიუ-იორკისადმი და ასევე რეჟისორის თვითრეფლექსია, პერსონალური ავტოპორტრეტი.

ნიუ-იორკი ალენის ფილმებში, უფრო სწორად კი მანჰეტენი, ცალკე “პერსონაჟია”, თავისი დამახასიათებელი სილამაზითა და ელეგანტურობით, რომანტიზმითა და იუმორით.  

ალენის ფილმოგრაფიაში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია ევროპულ ტრილოგიას –  “კასანდრას ოცნება” (Cassandra’s Dream), “სენსაცია” (Scoop) და “მატჩ პოინტი” (Match Point). ევროპული ტრილოგიის შემთხვევაში ალენმა სრულიად დაივიწყა თავისთვის ჩვეული თხრობის სტილი გაჯერებული იუმორითა და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებით. ევროპულ ტრილოგიაში შეხვდებით დანაშაულსა და სასჯელს, ერთგვარ გავლენას დოსტოევსკის და რუსული ლიტერატურის, რომელიც თვითონ რეჟისორისთვის უმნიშვნელოვანესად იქცა. სამივე ფილმი სავსეა კრიტიკით სოციალური კლასის, ძალაუფლებისა და ადამიანური სისუსტეების მიმართ.

“კასანდრას ოცნებაში” რეჟისორის ხელწერას ბერძნული მითოლოგიის გავლენა ეტყობა – კოლინ ფარელი და ევან მაკგრეგორი უკეთესი ცხოვრების იმედით სარისკო შემოთავაზებას თანხმდებიან.

“მატჩ პოინტი” სოციალური კლასის კრიტიკაა. დრამა სიმდიდრეზე, შიშსა და ბედისწერაზე.  ფილმში “სენსაციის შემთხვევაში” კი ალენი თავის ჩვეულ იუმორისტულ თხრობას და ბავშვობის გატაცებას, ფოკუსების ჩვენებას უბრუნდება, როცა მკვლელობის გამოძიებაში სკარლეტ იოჰანსონთან ერთად ერთვება.

ალენის შედარებით ახალი ფილმები კი რეჟისორის ფილმოგრაფიაში მესამე ტალღას უკავშირდება.  ალენის ტრილოგია ქალაქებზე: “ვიკი, კრისტინა, ბარსელონა” (Vicky Christina Barcelona, 2008), “შუაღამე პარიზში” (Midnight in Paris, 2011) და “რომის არდადეგები” (To Rome with love, 2012) საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავებაში.  ალენის ფილმებში ყოველთვის იგრძნობა ადგილისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო, იქნება ეს პარიზი, მისი საყვარელი ნიუ-იორკი თუ ბარსელონა. სწორედ ამიტომ ფილმები ქალაქების შესახებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მის ახლანდელ ფილმოგრაფიაში. გამხსნელი სცენა ფილმში „შუაღამე პარიზში“ უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომლებიც პარიზის სილამაზეს ასახავს.

ვუდი ალენი ამერიკული კინოს კლასიკოსად ითვლება. მას მიღებული ასევე ევროპული კინოკრიტიკოსებისგან „ოქროს პალმის რტო“ და „ცეზარი“. მიუხედავად ალენის ფილმოგრაფიისა და ერთი შეხედვით უწყინარი გარეგნობისა, რეჟისორი მაინც ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიულად ითვლება ამერიკაში – ბოლოდროინდელმა ბრალდებებმა სექსუალურ შევიწროებაზე ალენის დიდი კრიტიკა გამოიწვია.

 

2019 წელს ალენის ახალი ფილმი „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ (A Rainy Day In New York) გამოვა, სადაც რეჟისორი თავის საყვარელ ქალაქს უბრუნდება. ფილმში ტიმოთე შალამე და ელ ფენინგი  ნიუ-იორკში თავგადასავლების საძიებლად ჩასულ წყვილს განასახიერებენ. თუმცა ბევრი კინოთეატრი, მათ შორის ამერიკაში, უარს ამბობს ალენის ფილმის ჩვენებაზე, რეჟისორის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებების გამო.

 

ავტორი: სოფიო ბუჯიაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.