fbpx
გააზიარე სტატია

გამორჩეული საახალწლო დეკორაციები ნიუ-იორკში, ლონდონსა და პარიზში

როკფელერის ცენტრი, ნიუ-იორკი

როკფელერის ცენტრი ახალი წლის დღეებში ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია. ცენტრის ნაძვის ხის ანთება კი ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც საშობაო არდადეგების მოახლოების მაუწყებელია. წელს ნაძვის ხის ანთება კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, ვიდრე ოდესმე. არქიტექტორმა დენიელ ლებესკინდმა როკფელერის ცენტრის ნაძვის ხის წვერი Swarovski-ს სამგანზომილებიანი ვარსკვლავით დაამშვენა.

ვარსკვლავი 70 ცალი გეომეტრიული სხივისაგან შედგება, რომელიც 3 მილიონი სვაროვსკის კრისტალით არის გაფორმებული, ჯამში ორნამენტი 400 კგ-ია. სამგანზომილებიანი ვარსკვლავის გეომეტრიულ ფორმაში კარგად იკვეთება არქიტექტორის ხელწერა. საახალწლო ორნამენტი ეფექტურად ირეკლავს შუქს და მკვეთრად ასხივებს სინათლეს, რასაც Swarowski-ს კრისტალებთან ერთად, მისი გეომეტრიული აგებულებაც განაპირობებს. ვარსკვლავის კონსტრუქციაში ჩამონტაჟებულია ლედ განათებებიც, რომლის მეშვეობითაც ის ყველა კუთხიდან თვალისმომჭრელი ჩანს.

ნაძვის ხის მთავარი ორნამენტი შექმნილია ვარსკვლავური ნათების შთაგონებით. არქიტექტორის თქმით, ეს ნათება სამყაროს საზრის აძლევს და ამავდროულად იდუმალებას სძენს მას. „ვარსკვლავი არის სიმბოლო, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს მასშტაბურ ამბიციას – იყოს იმედი, ერთობა და მშვიდობა“, – განმარტავს დენიელ ლებესკინდი.
საახალწლო ნაძვის ხე 7 იანვრის ჩათვლით იქნება ანთებული და ვისაც მისი მონახულების შესაძლებლობა აქვს, არ უნდა გამოტოვოს ეს სანახაობა.

 

სასტუმრო Claridge’s-ის „სიყვარულის ხე“, ლონდონი

ლონდონის მეიფერის რაიონში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო სასტუმრო Claridge’s მდებარეობს, რომელსაც „ლონდონის პირველი სასტუმროს“ სტატუსიც კი აქვს. Claridge’s არტ-დეკოს დიზაინის გამორჩეული სასტუმროა და ლონდონის ღირსშესანიშნაობების გვერდით საპატიო ადგილი უჭირავს.

სასტუმრო ცნობილია საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალური მორთულობითაც. ყოველწლიურად ნაძვის ხის დიზაინზე მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები და დიზაინერები ზრუნავენ. Claridge’s-ის ნაძვის ხეს აფორმებდნენ კარლ ლაგერფელდი, ჯონათან აივი & მარკ ნიუსონი, კრისტოფერ ბეილი, ალბერ ელბაზი და სხვები.

სასტუმრო Claridge’s-ის 2018 წლის ნაძვის ხე – „სიყვარულის ხე“, დაიან ფონ ფურშტენბერგის დიზაინით შეიქმნა.
„სიყვარულის ხე“ სიცოცხლის სიმბოლოა და შთაგონებულია სიყვარულის ძალის რწმენით. ხის ექვსმეტრიანი სკულპტურა ციურ მნათობ ობიექტს ჰგავს, რომელიც 8000-ზე მეტი ხელნაკეთი ვერცხლისფერი ფოთლებითა და მინის სფეროებით არის გაფორმებული. ნაძვის ხის მორთულობაში შერეულია 150-მდე გულის ფორმის შუშის ხელნაკეთი ორნამენტიც.

ფურშტენბერგის ხის დეკორაციაში გამოირჩევა ვერცხლისფრად მოელვარე ცხოველების სკულპტურები. ბუ – სიბრძნის, მტრედი – მშვიდობის, ცხენი – ძალისა და გამძლეობის სიმბოლოებია. „სიყვარულის ხეზე“ მოთავსებული ცხოველების სკულპტურები ბუნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. აქვეა ირემი, რომელიც სიკეთესა და სათნოებას განასახიერებს, ფარშავანგი, რომელიც სილამაზით იწონებს თავს და მთვლემარე თაგვი, რომელიც ცნობისმოყვარე ბუნებით ხასიათდება.
„ჩემი ხე არის „სიყვარულის ხე“, რომელიც სიყვარულისა და ცხოვრების ყველა ასპექტს ზეიმობს“, – განმარტავს ფურშტენბერგი.

 

Dior-ის ბუტიკი მონტენის გამზირი 30, პარიზი

პარიზში, მონტენის გამზირზე მდებარე Dior-ის მოდის სახლის მაღაზიის სადღესასწაულო ფასადი 6 ათასი ფურცლისგან შეიქმნა. ნაძვის ხე ორკილომეტრიანი ფურცლის გირლანდებით არის აწყობილი და მის წვერს კრისტიან დიორისთვის სანუკვარი მანათობელი ბედის ვარსკვლავი ამშვენებს. Dior წლევანდელი საახალწლო მორთულობით პატივს მიაგებს მოდის სახლის დამფუძნებელს. კრისტიან დიორს სჯეროდა, რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და რომ ყველაფერი ნიშანია. მას საკუთარი ბედის ვარსკვლავის სჯეროდა: „შესაძლებლობა ყოველთვის იმ ადამიანებთან ჩნდება, ვისაც ნამდვილად სურს რაღაც.“ – წერდა დიორი მემუარებში.

ერთხელ, როდესაც კრისტიან დიორი პარიზის ქუჩებში სეირნობდა, ფეხი წამოუკრავს რაღაც ობიექტისთვის და კინაღამ დაცემულა. როდესაც მიმოუხედავს, ბრიტანეთის საელჩოსთან მდგარა, რასაც ბრიტანეთში გატარებული ბავშვობის მოგონებები აღუძრავს. ამავდროულად, იმ პერიოდში დიორი დილემის წინაშე მდგარა: ვერ გადაეწყვიტა, დათანხმებულიყო თუ არა Philippe et Gaston-ის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას. სწორედ ამ დროს მან იმ ობიექტს მიაკვლია, რომელსაც ფეხი წამოჰკრა – ეს იყო ვარსკვლავი, რომელმაც დიორს მისცა რწმენა, რის შემდეგაც მან გადაჭრით გადაწყვიტა, უარი ეთქვა შემოთავაზებისათვის და ამის ნაცვლად მას საკუთარი მოდის სახლი დაეარსებინა.

საახალწლო ნაძვის ხეს სწორედ მისი თილისმის ფორმის მოკაშკაშე ვარსკვლავი ადგას თავზე. ამასთან, ნაძვის ხეში ჩამალულია 17 ცხოველი: ვეფხვი, ჟირაფი, მაიმუნი და მრავალი ფრინველი, რომლებიც კრისტიან დიორისთვის საყვარელი ორნამენტის – toile de Jouy მოტივით არის გაფორმებული.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში
ტოკიოში წარმოდგენილ ჩვენებაზე დიზაინერმა საკუთარი მომავლის ხედვა გაგვიზიარა და ის, თუ რა ადგილს დაიკავებს მომავალში მოდის სახლი თანამედროვე მოდის სამყაროში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.