fbpx
გააზიარე სტატია

იოჯი იამამოტოს მოდის ფილოსოფია

იოჯი იამამოტოს იშვიათი ინტერვიუ Bof-ის ჟურნალისტ იმრან ეიმდთან მოდის ფილოსოფიაზე, რომელმაც  საფუძველი ჩაუყარა მის რევოლუციურ კარიერას.

პარიზი, საფრანგეთი – იოჯი იამამოტო პირველად მოდის ინდუსტრიაში 1981 წელს გამოჩნდა, როდესაც თავისი რევოლუციური დიზაინი ტოკიოდან პარიზში ჩაიტანა. ნამუშევრებმა ესთეტიკური მიწისძვრა გამოიწვია. მას შემდეგ იოჯი იამამოტო მსოფლიომ აღიარა თავისი ავანგარდიზმით. ის ქმნიდა დიდი ზომის, ლიმიტირებულ სილუეტებს მუქ ფერებში.

იამამოტო იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა. ერთი წლის იყო, როცა მამა ომში დაეღუპა.  ქვრივმა დედამ ერთადერთი ვაჟი მარტო გაზარდა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მთელი ბავშვობა და უნივერსიტეტის პერიოდი იოჯიმ სწავლაში გაატარა, დედისადმი მადლიერების გამოსახატად ბეჯითად მეცადინეობდა.

იამამოტოს დედა მკერავი იყო, თავისი მაღაზია ჰქონდა ტოკიოს გასართობ უბანში – შინჯუკუში. იოჯიმ პრესტიჟული უნივერსიტეტის – კეიოს დამთავრების შემდეგ სწორედ ამ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. შვილის გადაწყვეტილებამ დედის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც იამამოტო იხსენებს, მას არ სურდა გამხდარიყო ჩვეულებრივი სოციუმის ნაწილი, მას უნდოდა, დახმარებოდა დედას.

საბოლოოდ, დედა დათანხმდა შვილის სურვილს,  ესწავლა კერვა. მშობლის თანხმობის შემდეგ იოჯიმ ბუნკას მოდის კოლეჯში დაიწყო სწავლა. ეს კოლეჯი დღეს უკვე ცნობილია – აქ მიიღეს განათლება კენზო ტაკადამ, ჯუნია ვატანაბემ და თვით იამამოტომ. მაშინ ბუნკას კოლეჯი კერვის მოყვარული ახალგაზრდა გოგონებისთვის იყო განკუთვნილი. როგორც იამამოტო ამბობს, “ეს იყო წრე – გათხოვებისთვის, მოქმედებდა მზარეულობის და კერვის შემსწავლელი კურსები.”

როდესაც სკოლაში სიარული დაიწყო, იამამოტომ არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი პროფესია – მოდის დიზაინერი. “მე მხოლოდ მსურდა, დავუფლებოდი ტანსაცმლის შექმნის ხელოვნებას, მესწავლა ჭრა-კერვა.”

იამამოტოს კარიერის პირველი დღეები არ იყო მარტივი. ბუნკას დამთავრების შემდეგ მან მიიღო პრიზი და 1 წლით გაემგზავრა პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში ჩასული იოჯი მაღალი მოდის ეპოქაში აღმოჩნდა. “ივ სან-ლორენმა მაშინ დაიწყო ready-to-wear კოლექციაზე მუშაობა, მაღალი მოდის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა, იწყებოდა ახალი მოძრაობა – ready-to-wear ერა,” – იხსენებს ის.

თავიდან იამამოტოს არ უმართლებდა, დიზაინერის შემოქმედება მოდის ჟურნალების ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა. ამ ფაქტმა მასზე ძალიან იმოქმედა, შეწყვიტა ხატვა,  დაიწყო ალკოჰოლის მიღება და აზარტული თამაშებით გართობა. “მაშინ ვფიქრობდი, რომ არ მქონდა ნიჭი, ტალანტი,” – ამბობს იამამოტო. მალე გადაწყვიტა დაეტოვებინა პარიზი და დაბრუნებულიყო ტოკიოში,  სანამ საბოლოოდ გაანადგურებდა საკუთარ თავს.

იაპონიაში დაბრუნებულმა იამამოტომ აღმოაჩინა თავისი შინაგანი ხმა: “დედასთან მაღაზიაში დადიოდნენ ქალები, უკვეთავდნენ ლამაზ, სექსუალურ და ქალურ კაბებს, რომლებიც მე არ მომწონდა. კლიენტისთვის ტანსაცმლის მორგების პროცესში მივხვდი, რომ მსურდა შემექმნა მამაკაცური სტილის სამოსი ქალებისთვის.”

ასიმეტრიითა და მონოქრომატული ფერთა პალიტრით შეპყრობილი იამამოტო ამბობს: “ქალაქში მრავალფეროვანი მოდაა, ბევრი სხვადასხვა ფერი, დეკორაცია, რაც ძალიან უშნოდ გამოიყურება. მე აღარ მინდოდა, ადამიანების თვალები დამეღალა ამ საშინელი ფერთა შეხამებით”. იამამოტოს მოსწონდა ის ეფექტი, რასაც ტანისამოსი დაჭრისა და გარეცხვის შემდეგ იღებდა, ვიდრე “სენტიმენტალური ფერები”.

 

იოჯი იამამოტომ დაარსა პატარა ready-to-wear კომპანია. თანდათანობით იაპონიის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოჩნდნენ მყიდველები. სტაბილურმა წარმატებამ პარიზზე ფიქრები დაუბრუნა: “იქნებ  პარიზშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ტანსაცმლით დაინტერესდებიან.” 80-იანი წლების დასაწყისში იოჯი დაბრუნდა საფრანგეთის დედაქალაქში – მისი პირველი, პატარა მაღაზიის გახსნა იმ დღეს დაემთხვა, როცა ახალბედა იაპონელმა დიზაინერმა, რეი კავაკუბოს ყოფილმა გერლფრენმა კომ დე გაღსონისთვის ჩვენება გამართა.

სრულიად მოულოდნელად იაპონელმა დიზაინერებმა მოდის ინდუსტრიაში ცეცხლოვანი ქარიშხალი დაატრიალეს – მათ მიიპყრეს მოდის მეფეთა – ტერი მაგლერის და კლოდ მონტანას – ყურადღება.

“ჩემი და კომ დე გაღსონის შემოქმედება ძალიან შორს იყო მათ მიერ აღქმული სილამაზისგან. ევროპელი ხალხისთვის ჩვენი ნამუშევრები  ძალიან უშნო და ბინძური იყო.”

მაშინ, როცა მედიამ იაპონელი დიზაინერების ნაშრომი სასაცილოდ აიგდო და ურჩია, დაბრუნებულიყვნენ უკან, ტოკიოში, გამოჩდნენ მყიდველები. ადამიანები, რომლებიც მუდმივად რაღაც სიახლის ძიებაში არიან. ისინი დაატყვევა იაპონელების მოდამ.

ამ დროიდან  იამამოტოს გამოუჩნდნენ  მიმდევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. დღეს მისი ორი ხაზი – იოჯი იამამოტო და Y’s – მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მაღაზიებში იყიდება. დიზაინერი მოკრძალებულად და თავმდაბლურად საუბრობს თავის წარმატებაზე: “მე იღბლიანი აღმოვჩნდი. ადამიანები ელოდნენ ახალ ქარს… ისინი დაღლილნი იყვნენ სტერეოტიპული, ფერადი, ქალური მოდით. მათ სურდათ სიახლე და სწორედ მაშინ მოხდა ეს.”

2003 წელს იამამოტომ დაიწყო ადიდასთან თანამშრომლობა და შექმნა ახალი სტილი – მოდური და სპორტული სამოსის სინთეზი – პროდუქცია  მასობრივი წარმოებისთვის. პარიზში მუშაობის ორი ათეული წლის შემდეგ მან იგრძნო, რომ ჩამოშორდა ქუჩას. “გამიჩნდა შეკითხვა, ვინ იცვამს ჩემს ტანსაცმელს? ვერ ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ჩემს შემოქმედებას ატარებდნენ.” მისთვის  Y-3 კოლაბორაცია ადიდასთან ექსპერიმენტი იყო, სპორტულ კულტურასთან შეხება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა და მას თავის მომხმარებლებთან აახლოებდა.

დიზაინერის კარიერას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. 2009 წელს მისი წინსვლა დასრულდა – ბრენდმა 65 მილიონი დოლარის ვალი დაიდო და ბანკროტად გამოცხადდა. იამამოტოზე შექმნილმა სიტუაციამ მძიმედ იმოქმედა  და მოდის ინდუსტრიის დატოვება გადაწყვიტა. როგორც თავად იხსენებს, მისმა ქალიშვილმა – ლიმი ფუმ იქონია მასზე გავლენა. “ის მამხნევებდა და მახსენებდა ყველა იმ ადამიანს, რომლებისთვისაც ჩემი ბრენდი ღირებული იყო. როდესაც დავიწყე ფიქრი ამ ადამიანებზე, ხელახლა მომეცა ძალა,  ყველაფერი თავიდან დამეწყო. ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო. მაგრამ მე გავძლიერდი.”

 

დღევანდელ მოდის ინდუსტრიაზე იამამოტო ამბობს, რომ დიზაინი წამყვანი მიმართულებაა ფულის კეთებისა და აქსესუარების გაყიდვისთვის, ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას ღირებული კოლექცია, “სამოსის შემქმნელები შემცირდნენ.”

იამამოტო ახალბედა დიზაინერებს, რომლებიც თავიანთი ხელწერის ძიებაში არიან, ურჩევს, დაივიწყონ კომპიუტერი და ინტერნეტი, “იმისთვის, რომ შექმნათ რაიმე შთამბეჭდავი, ემოციური და არა ზედაპირული ქმნილება”. მისი თქმით, ინტერნეტსამყაროში ისინი იძირებიან გამოსახულებების ციფრულ მორევში და კარგავენ საკუთარ თავს.

“ახალგაზრდა თაობას არ აქვს ინდივიდუალიზმი და ძლიერი ენერგია. ამიტომ ვურჩევდი, მიბაძონ სხვას, ვინც მოსწონთ. მიბაძონ იქამდე, სანამ თავიანთ თავს არ იპოვიან.”

 

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია


რეკომენდებული სტატიები
Calvin Klein Jeans

Calvin Klein Jeans

Calvin Klein Jeans
ბრენდი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ფოტოსესიებითა და ვიდერგოლებით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.